საბავშო ბაღში განსახორციელებელი აქტივობების ერთ-ერთი კატეგორიაა სამაგიდო-მანიპულაციური თამაშებია.
როგორც ბაგა-ბაღებისთვის გაეროს ბავშვთა ფონდისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ შემუშავებულ სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამაშია აღნიშნული, სამაგიდო-მანიპულაციური აქტივობები და თამაშები ნატიფი მოტორიკის განვითარებას უწყობს ხელს.
ნატიფი მოტორიკის მიზანია ხელისა და თითების კუნთების განვითარება, ხელისა და თვალის კოორდინაციის სრულყოფა, რაც მომავალში წერისა და კითხვის უნარებზე აისახება. სამაგიდო-სამანიპულაციო აქტივობებით დაკავება ბავშვებს დამოუკიდებელი მუშაობის, პრობლემის გადაჭრისა და აზროვნების უნარებს უვითარებს. ეს აქტივობები ასევე ძალიან მნიშვნელოვანია წინა მათემატიკური უნარების განვითარებისთვისაც.
მათემატიკური უნარების გასავითარებლად, აღმზრდელი სხვადასხვა თამაშების დროს სულ უნდა ახალისებდეს ბავშვებს, დათვალონ საგნები, მაგალითად, მძივების ან მანქანების რაოდენობა კონკრეტული თამაშისას. ასევე, შეიძინონ რაოდენობების რიცხვებთან დაკავშირების გამოცდილება, მაგალითად, როგორ გამოისახება 3 ალუბალი რიცხვით და ა.შ. იმისათვის, რომ ბავშვებმა ისწავლონ სხვადასხვა ფორმებისა და ზომების შედარება, საგნების გაზომვა და აწონვა, მარტივი მიმატება და გამოკლება, ეცადეთ, სამაგიდო ცენტრში იქონიოთ ისეთი მასალა, როგორიცაა: სათამაშო ფული, სახაზავი, სასწორი, სათამაშო საათი, ჩხირები, პატარა დასათვლელი საგნები: ღილები, ნიჟარები, კენჭები, ლობიოები და ა.შ.
სამაგიდო-მანიპულაციური ცენტრის მასალის ჩამონათვალში ასევე უნდა იყოს: მძივები, სათამაშო ცომი, თასმების გასაყრელი მასალა, მაკრატელი, თავსატეხები - ფაზლები, ქაღალდები - ქაღალდით მანიპულაციისთვის, ჩასასმელი, ერთმანეთში მოსარგები საგნები და ა.შ. სამაგიდო აქტივობები ასევე აერთიანებს ჯგუფურ თამაშებსაც, მაგალითად, ლოტო, „მემო“, დომინო და ა.შ. ასეთი ტიპის თამაშები გარკვეული სოციალური წესების დაცვას მოითხოვს, რაც ასევე უნდა წახალისდეს და ისწავლებოდეს.
იხილეთ ასევე: