დღეს, 7 აპრილს, მართლმდიდებლური სამყარო საუფლო დღესასწაულს, ხარებას აღნიშნავს.
ამ დღეს ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამს ეუწყა, რომ კაცობრიობის მხსნელს შობდა.
გადმოცემის თანახმად, უფალმა წმინდა ქალწულთან, ქალაქ ნაზარეთში მთავარანგელოზი გაბრიელი მიავლინა.
წარუდგა ანგელოზი ქალწულს და უთხრა: „გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანაა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის“.
იმ დროს მარიამი დანიშნული იყო იოსებზე და თქვა - „ეს როგორ მოხდება, როცა მე მამაკაცი არ ვიცი?“ ანგელოზმა მიუგო: „სულიწმინდა გადმოვა შენზე და უზენაესის ძალა მოგჩრდილავს. ამიტომ წმინდა შობილიც იწოდება ღვთის ძედ“. მაშინ მარიამმა თქვა: „აჰა, მხევალი ვარ უფლისა, მეყოს შენი სიტყვისამებრ“ და განეშორა მას ანგელოზი...
როცა იოსებმა გაიგო, რომ მარიამი ბავშვს ელოდებოდა, მასთან ფარულად დაშორება გადაწყვიტა, მაგრამ ძილში უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: „იოსებ, ძეო დავითისა, ნუ გეშინია შენი ცოლის, მარიამის, მიღება, რადგან ის, ვინც მასშია ჩასახული, სულიწმიდისაგან არის. ძეს შობს და დაარქმევ სახელად იესოს, ვინაიდან იგი იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისაგან“.
ხარების დღე სიხარულის დასაბამად იქცა და მთელი კაცობრიობის უფალთან შერიგება ეწოდა სახელად.
ტაძრებში ამ დღეს სადღესასწაულო წირვა აღევლინება, ლოცვა, მოწყალების გაცემა და ქველმოქმედება ერთგვარი ტრადიციაა. როცა ხარება დღე მარხვის პერიოდს ემთხვევა, მორწმუნეებს თევზის მიღება შეუძლიათ.
ეკლესიური სწავლების მიხედვით, ხარება დღეს აკრძალულია შრომა და საერთოდ, ისეთი მძიმე უქმეა, რომ ამ დღეს „ჩიტი ბუდესაც კი არ იკეთებს“. მიუხედავად იმისა, რომ წლების წინ ამ დღის უქმედ გამოცხადების შესახებ პარლამენტში საკანონმდებლო წინადადებაც შევიდა, რათა მორწმუნეებს ტაძარში მისვლის საშუალება ჰქონოდათ, ჩვენს ქვეყანაში 7 აპრილი დასვენების დღე არ არის.
იხილეთ ასევე:
რომელ რიტუალში მონაწილეობაა ბავშვებისთვის აუცილებელი ბარბარობა დღეს