ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში, საბავშვო ბაღების პირველადი ელექტრონული რეგისტრაცია 2023 წლის 31 მარტს დასრულდა.
სულ დარეგისტრირდა 2028 დაწესებულება - 1705 საჯარო და 323 კერძო.
საბავშვო ბაღებმა უნდა გაარკვიონ, რომელ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებენ და რა დრო დასჭირდებათ პრობლემის მოსაგვარებლად - ახალი ეტაპი იწყება
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების რეფორმის პირველი ეტაპი საბავშვო ბაღების აღრიცხვა და რეგისტრირება იყო. რეგისტრაცია 2022 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის 31 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ყველა მოქმედი დაწესებულებისთვის რეგისტრაცია იყო სავალდებულო.
რეგისტრაციის შედეგად ელექტრონულ ბაზაში აისახა დაწესებულებების მონაცემები: მათი სამართლებრივი ფორმის, საჯარო/კერძო სექტორის მიკუთვნებულობის, დასაქმებული თანამშრომლების სრული რაოდენობის და დაწესებულებებში რეგისტრირებული ბავშვების რაოდენობის შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომია რეგიონულ და რაიონულ ჭრილში, კერძო და საჯარო სექტორის მიხედვით.
ბაზაში რეგისტრირებული დაწესებულებები ცენტრის მხრიდან მიიღებენ მხარდამჭერ სერვისებს და ჩაერთვებიან შესაძლებლობების გაძლიერების ღონისძიებებში, რაც ხელს შეუწყობს ავტორიზაციის სტანდარტებით დადგენილ მოთხოვნებთან საბავშვო ბაღების შესაბამისობაში მოსვლას.
აღრიცხულ საბავშვო ბაღებში სულ რეგისტრირებულია 163 975 აღსაზრდელი, საიდანაც საჯარო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში დადის 90,9%, კერძოში კი - 9,1%. ყველაზე მეტი საბავშვო ბაღი თბილისშია რეგისტრირებული, მეორე ადგილზეა იმერეთი, ხოლო მესამეზე - სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონი.
იხილეთ ასევე:
„კურიკულუმს სჭირდება მაღალი კომპეტენციის აღმზრდელი“ – სამინისტრომ სახელმძღვანელო გამოაქვეყნა
განათლების სამინისტრო საბავშვო ბაღებში გადამზადებულ კადრებს გაგზავნის - „დაგიგეგმავთ მიზნობრივ დახმარებებს და ხელშემწყობ აქტივობებს“