დღის თემა
etaloni.ge
„კურიკულუმს სჭირდება მაღალი კომპეტენციის აღმზრდელი“ – სამინისტრომ სახელმძღვანელო გამოაქვეყნა
05.04.2023

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრმა ადრეული განათლების კურიკულუმები - მეთოდური და პრაქტიკული სახელმძღვანელოები გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ კურიკულუმის წარმატებით განხორციელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბაღის საგანმანათლებლო პერსონალის და ადმინისტრაციის შეთანხმებული მოქმედება და პასუხისმგებლობების გადანაწილება.

საგანმანათლებლო პერსონალის როლი და ფუნქციები კურიკულუმის განხორციელებაში, პუბლიკაციაში, დეტალურად არის გაწერილი.

ბავშვებთან მომუშავე პერსონალი - აღმზრდელი

„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონის თანახმად, საბავშვო ბაღში საგანმანათლებლო პროცესის განმახორციელებელი პერსონალი აღმზრდელ-პედაგოგი და აღმზრდელია. თუმცა, წინამდებარე კურიკულუმში ბავშვებთან მომუშავე საგანმანათლებლო პროცესის განმახორციელებელი პერსონალი მოიხსენიება, როგორც „აღმზრდელი“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.

ცალკე აღებული კურიკულუმი, მასში მონაწილე პირების გარეშე, არ არის საუკეთესო შედეგების მიღწევის გარანტია. კარგ კურიკულუმს შესაბამისად მომზადებული პროფესიონალები სჭირდება, ვის ხელშიც იგი ეფექტურ ინსტრუმენტად იქცევა და სრული პოტენციალით განხორციელდება.

პროგრამის მთავარი მონაწილეები პროგრამის საგანმანათლებლო პერსონალი და ბავშვები არიან: უფროსები, რომლებიც ქმნიან, გეგმავენ და ახორციელებენ საგანმანათლებლო პროცესს ბავშვებისთვის და ბავშვები, რომლებიც ამ პროცესის მთავარი განმსაზღვრელები და მონაწილეები არიან. ბავშვები აქაც რომ მთავარი აქტორები გახდნენ სწავლისა და განვითარების პროცესში, უფროსების წვლილი ძალიან დიდია. მხარდამჭერი და კრეატიული უფროსის გარემოში, რომელიც არ ზღუდავს ბავშვის ავტონომიურობას, არჩევანის თავისუფლებას, მიჰყვება მის ინტერესებსა და განვითარების ტემპს, ბავშვი თავისი შესაძლებლობების სრულ პოტენციალს ავლენს. ამის საპირისპიროდ, უფროსი, რომელიც საგანმანათლებლო პროცესს იზოლირებულ აქტივობებში ბავშვისგან დამოუკიდებლად ხედავს, ვერ უზრუნველყოფს სწავლისა და განვითარების საუკეთესო პირობებს. შეიძლება უფროსმა დაარქვას პროცესებს თამაში, მაგრამ ბავშვებისთვის ეს თავს მოხვეული, უინტერესო საქმიანობა იყოს.

შეიძლება უფროსს მიაჩნდეს, რომ ამ პროცესებში მონაწილეობით ბავშვი გარკვეულ უნარებს ივითარებს, მაგრამ მოტივაციის და ინტერესის ნაკლებობის გამო, ამ შედეგებამდე ვერ მივიდეს.

როგორ აღმზრდელს საჭიროებს კურიკულუმი

კურიკულუმს სჭირდება მაღალი კომპეტენციის აღმზრდელი, რომელიც ფართოდ უყურებს თემებს, სადაც გათვალისწინებულია ბავშვის მრავალმხრივი განვითარება და რომელიც საკმაოდ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს იღებს კურიკულუმის ბავშვების საჭიროებებზე მორგებისას.

აღმზრდელი ვერ ნახავს კურიკულუმში მზა, რუტინულ მასალას, როგორიცაა სამუშაო ფურცლები ან გასაფერადებლები, ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი თამაშები და აქტივობები, რომლებიც ბავშვის და ბავშვების ჯგუფის ინდივიდუალურ კონტექსტებს არ ითვალისწინებს. აღმზრდელმა უნდა კრიტიკულად შეაფასოს კურიკულუმში მოცემული სამაგალითო თამაშები, ნიმუშები და შეძლოს მათი ინტეგრირება ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებების, ჯგუფის საჭიროებების და შესაძლებლობების მიხედვით.

ეს მიდგომა მაღალი კომპეტენციის აღმზრდელს საჭიროებს. დასახული მიზნის შესაბამისად, სასწავლო პროცესის თითოეულ ეტაპზე, აღმზრდელი უნარების განვითარების, ცოდნის შეძენისა და გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობას უნდა ქმნიდეს. სწორედ

ეს მიდგომა განაპირობებს შეხედულებას, რომ აღმზრდელი და მისი თანაშემწე საგანმანათლებლო პროცესის, ბაღის ცხოვრების ყველა მომენტს მოიცავს და თანაბრად მნიშვნელოვანი და პასუხისმგებელი პირები არიან.

კურიკულუმის შესაბამისად, ჯგუფში მომუშავე აღმზრდელები თანაბრად მნიშვნელოვანი პირები არიან. ისინი საგანმანათლებლო პროცესში შეთანხმებულად მოქმედებენ და თანაბრად ინაწილებენ პასუხისმგებლობებს – ერთად გეგმავენ თამაშებსა და გამოწვევებს, ერთად ირჩევენ კურიკულუმის მიზნებს, რომლებზეც კვირის ან თვის განმავლობაში მუშაობენ, ერთად შეიმუშავებენ სტრატეგიებს, ერთად მოიძიებენ თამა[1]ებისთვის საჭირო რესურსს. ორივე აღმზრდელი თანაბრად არის პასუხისმგებელი ბავშვების მრავალმხრივ განვითარებაზე. ისინი აწარმოებენ ბავშვებზე დაკვირვებას მთელი წლის განმავლობაში, ერთად აკეთებენ მათი უნარების შეფასებას და ერთად ზრუნავენ მშობლებთან პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე.

ყოველი დღის დასაწყისში აღმზრდელები გადახედავენ შემუშავებულ გეგმას, მისაღწევ მიზნებს, პასუხისმგებლობების გადანაწილებას: მათ ზუსტად უნდა იცოდნენ, ვინ რომელ ცენტრში ადევნებს ბავშვებს თვალყურს, ვინ რომელ ბავშვს აკვირდება და ა.შ. ეს გარემოება არ გულისხმობს აღმზრდელების მხრიდან ყოველი ნაბიჯის ზუსტად გაწერას. ზოგ შემთხვევაში ისინი სპონტანურად, სიტუაციიდან გამომდინარე შეიძლება მოქმედებდნენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, მუდმივად უნდა ჰქონდეთ ერთმანეთთან კონტაქტი და შეთანხმება. ყოველი დღის ბოლოს, აღმზრდელები მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესთან დაკავშირებით ერთმანეთს შთაბეჭდილებებს უზიარებენ. ამ დროს ისინი რეფლექსიისთვის იყენებენ. კვირაში ერთხელ აღმზრდელები იკრიბებიან მომდევნო კვირის გასაწერად, ბავშვების პროგრესის განსახილველად, ბავშვებთან მისაღწევი ინდივიდუალური მიზნების შესამუშავებლად.

იხილეთ ასევე:

რა არის კურიკულუმი და როგორი მოდელები არსებობს საბავშვო ბაღებისთვის

რეკომენდაციები კურიკულუმის შემუშავებისას საბავშვო ბაღში - საკითხები, რომლებიც ამ დროს უნდა ასახოთ

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი