პოზიტიური მშობლობა გულისხმობს პატივისცემის, სიყვარულის, სითბოს გამოხატვას შვილის მიმართ, დახმარების და მხარდაჭერის აღმოჩენას, მასზე ზრუნვას, აღზრდასა და სწავლებას ჰუმანური გზებით, - ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებულ პუბლიკაციაში „პოზიტიური მშობლობა“.
ბავშვები ხშირად გამოხატავენ თავის განცდებს და სიყვარულს მშობლების მიმართ ჩახუტებით, ღიმილით, სიტყვებით. ამავდროულად, ისინი, ისევე როგორც ზრდასრული ადამიანები ზოგჯერ თავს უსიამოვნოდ გრძნობენ, წუწუნებენ და ჯიუტობენ.
პოზიტიური მშობლობლობა ისეთი მიდგომაა, რომელიც უარს ამბობს ბავშვის აღზრდის მკაცრი მეთოდების გამოყენებაზე და გამორიცხავს დასჯას, მუქარას, შეშინებას, დაყვირებას, ზეწოლას, შერცხვენას, კრიტიკას და შეურაცყოფას.
დისციპლინა ხშირად გაიგივებულია ბავშვის დასჯასთან ან გარკვეული წესების მორჩილებასთან. თუმცა, დისციპლინა და დასჯა ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული, საპირისპირო მიდგომაა.
პოზიტიური დისციპლინა გამორიცხავს ბავშვის იგნორირებას, დასჯით მიზნით სხვა ოთახში გაყვანას, რაიმე კონკრეტულ ადგილას მის დროებით დაყენებას ან ნებისმიერ სხვა ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ძალადობრივ ქცევას.
პოზიტიური მშობლობა არ გულისხმობს ბავშვის აღზრდისა და განვითარების პროცესზე სადავეების მიშვებას. პოზიტიურ მშობლობაზე ვერ ვისაუბრებთ თუ მშობელი იმდენად მოდუნებულია, რომ თითქმის არ ერევა ბავშვის ცხოვრებაში და ყველაფრის ნებას რთავს, მაშინაც კი, როცა ეს შეიძლება არ იყოს ბავშვისთვის სასარგებლო.
პოზიტიური მშობელი არის მშობელი, რომელსაც აქვს მჭიდრო ემოციური კავშირი შვილთან და რომლის ნებისმიერი სიტყვა თუ ქმედება ბავშვს აგრძნობინებს, რომ ის მნიშვნელოვანი, ღირებული და მისაღებია. ასეთი მშობელი შვილს აძლევს ნებისმიერი ემოციის გამოხატვის და განცდის შესაძლებლობას.
რა იქნებოდა ემპათიური მშობლის სიტყვები, როცა ხედავს, რომ მისი შვილი საყვარელი სათამაშოს გატეხვის გამო ტირის? „კარგი რა, რა გატირებს?“ თუ „ვიცი, რომ ძალიან გული დაგწყდა და განიცდი შენი სათამაშო რომ გატყდა“.
პოზიტიური მშობლობა, თანაგრძნობის და სიყვარულის გამომჟღავნებასთან ერთად, გულისხმობს ბავშვისთვის, მისი ასაკის შესაბამისი, ჩარჩოების და საზღვრების დაწესებას.
რა ვიცით კვლევებით პოზიტიურ მშობლობაზე?
პოზიტიური მშობლობა ძალზედ აქტუალური თემაა 21-ე საუკუნეში. იცვლება ადამიანთა ცხოვრების სტილი, ღირებულებები, დამოკიდებულებები და შესაბამისად, იცვლება ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული მიდგომებიც. ის, რაც გამართლებული და მისაღები იყო წინა თაობებში, დღეისათვის ნაკლებად გამოყენებადი და აქტუალურია. პოზიტიური მშობლობა არაერთი კვლევის საგანია და მათ შორის მნიშვნელოვანია შემდეგი დასკვნები. პოზიტიური მშობლობა ხელს უწყობს ბავშვის წარმატებულობას. კვლევები აჩვენებს, რომ პოზიტიური მშობლობა ეხმარება ბავშვს უკეთ ისწავლოს სკოლაში და ჰქონდეს უფრო მყარი ფსიქიკური ჯანმრთელობა.
პოზიტიური მშობლობა ხელს უწყობს თავის ტვინის განვითარებას. ნეირომეცნიერებამ აღმოაჩინა, რომ პოზიტიური მშობლობის შედეგად ბავშვებში (განსაკუთრებით კი მოზარდებში) თავის ტვინის ის უბნები უკეთესად ფუნქციონირებს, რომელიც ემოციებთან და აზროვნებასთანაა დაკავშირებული.
პოზიტიური მშობლობა დაკავშირებულია ბავშვის ჯანსაღ და ლაღ ცხოვრებასთან ზრდასრულობაში. მეცნიერებმა აღმოაჩინეს პოზიტიური მშობლობის გრძელვადიანი დადებითი შედეგები. გაირკვა, რომ ბავშვებს, რომლებსაც ჰუმანურად, პატივისცემით ზრდიან, ზრდასრულ ასაკში აქვთ კარგი ჯანმრთელობა და ჯანსაღი ურთიერთობები.
იხილეთ ასევე: