მრავალი კვლევა მოწმობს, რომ აღმზრდელ-პედაგოგების კომპეტენციები - ცოდნა, უნარები და ღირებულებები, - მნიშვნელოვნად განაპირობებს ხარისხიან ადრეულ განათლებას. თუმცა იმისათვის, რომ პრაქტიკოსმა შეძლოს ხარისხიანი პროცესის განხორციელება, მნიშვნელოვანია დაწესებულების მმართველი რგოლის ფაქტორი, ვინაიდან სწორედ დაწესებულების მმართველი რგოლის/გუნდის მოვალეობაა ისეთი პირობების შექმნა, სადაც აღმზრდელ-პედაგოგი და აღმზრდელი ხარისხიანი საგანმანათლებლო პროცესის წარმართვას, დაწესებულება კი, ხარისხიანი ადრეული განათლების მიწოდებას შეძლებს, - ამის შესახებ ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხის სტანდარტის გზამკვლევშია აღნიშნული.
ამავე სტანდარტის მიხედვით, ადრეული და სკოლამდელი დაწესებულების მართვა ნიშნავს დაწესებულებაში არსებული ყველა მიმართულების გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფას. მართვაში მოიაზრება როგორც ადამიანური რესურსის მართვა, მატერიალური რესურსის, ფინანსების, თითოეული ბავშვის საჭიროებაზე მორგებული საგანმანათლებლო გარემოს შექმნა, თანამედროვე, ბავშვზე ორიენტირებული მიდგომების დანერგვა დაწესებულების სივრცეში, ბავშვების ოჯახთან და თემთან ურთიერთობა, თვითშეფასების მექანიზმის შემუშავება ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, როგორც თანამშრომლების პროფესიონალიზმის ამაღლებაზე ზრუნვა, ასევე - ორგანიზაციის განვითარების უზრუნველყოფა.
მართვა საკმაოდ რთული პროცესია და დიდ პასუხისმგებლობასა და ძალისხმევას მოითხოვს იმ ინდივიდებისგან, ვინც სათავეში უდგას ადრეულ და სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებას.
ადრეული და სკოლამდელი დაწესებულების ხელმძღვანელობის სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ იმუშაოს თანამშრომლებისთვის, იზრუნოს მათ კეთილდღეობაზე და მათთან ერთად შექმნას ისეთი სივრცე, სადაც თითოეულ ბავშვს ექნება განვითარების საშუალება საკუთარი შესაძლებლობების, ინდივიდუალური თავისებურებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით.
დაწესებულების მართვის სტილი მნიშვნელოვნად განაპირობებს მისი მუშაობის სპეციფიკას, თანამშრომელთა ჩართულობისა და პასუხისმგებლობების გადანაწილების ხარისხს. ამ საკითხში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლიდერის ეფექტიანი საკომუნიკაციო უნარები.
რა სტრატეგიები შეგიძლიათ გამოიყენოთ წარმატებული ლიდერობისთვის:
► გუნდის თითოეულ წევრს ნათლად ჩამოუყალიბეთ უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობები;
► თანამშრომლებს მიეცით საშუალება, გამოთქვან საკუთარი შეხედულებები საგანმანათლებლო პროცესთან დაკავშირებით და ყურადღებით მოუსმინეთ თითოეული წევრის მოსაზრებას;
► თითოეულ თანამშრომელს აგრძნობინეთ მათი მნიშვნელოვნება, მიუდექით თითოეულს თანაბრად, იყავით სამართლიანი;
► წაახალისეთ და მხარი დაუჭირეთ თანამშრომელთა პროფესიულ ზრდას;
► წაახალისეთ და მხარი დაუჭირეთ კოლეგებს შორის თანამშრომლობით ურთიერთობებს;
► მიეცით რეგულარული უკუკავშირი თანამშრომლებს;
► ჩართეთ ყველა დაინტერესებული მხარე საგანმანათლებლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესების საკითხში.
ადრეული და სკოლამდელი დაწესებულების მართვის საკითხის განხილვისას ძალზე მნიშვნელოვანია თავად მმართველი რგოლის, მენეჯმენტის მხარდაჭერა მართვის პროცესში. იმისათვის, რათა ბაღის დირექტორმა, ან მენეჯერმა შეძლოს მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობის შესრულება, თავად მასაც სჭირდება მხარდაჭერა როგორც დაწესებულების თანამშრომლების, ისე, მაგალითად, საჯარო ბაღების შემთხვევაში, დამფუძნებლის მხრიდან.
საგულისხმოა შემდეგი საკითხების გათვალისწინება:
► ბაღის მმართველისთვის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, რათა მან შეძლოს დამოუკიდებლად განსაზღვროს საკუთარ დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულების საჭიროებები, მოიძიოს საჭიროებების დაკმაყოფილების გზები;
► ბაღის მმართველის მხარდაჭერა საკუთარი პროფესიული განვითარების გეგმის გააზრებასა და შემუშავებაში;
► ბაღის მმართველის მხარდაჭერა ლიდერობისთვის საჭირო უნარების განვითარებაში;
► ბაღის მმართველისთვის სისტემატური, მხარდამჭერი უკუკავშირისა და კონსტრუქციული შეფასების მიცემა საკუთარ პროფესიულ საქმიანობასთან და მის მიერ განხორციელებულ პრაქტიკასთან დაკავშირებით;
იხილეთ ასევე: