ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლის, აგრეთვე დაწესებულების ავტორიზაციის შეჩერებისა და შეწყვეტის დროებითი წესის მიხედვით, ავტორიზაციის ერთ-ერთი სტანდარტით, საბავშვო ბაღმა უნდა უზრუნველყოს მშობელთა ცნობიერების ამაღლება.
ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხის სტანდარტის გზამკვლევში მოცემულია მათთან თანამშრომლობისა და საბავშვო ბაღების ცხოვრებაში მშობლების ჩართვის ფორმები და რჩევები, თუ რა გზები უნდა შესთავაზოს მათ აღმზრდელმა.
სამეცნიერო ლიტერატურაში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მხრიდან მშობელთა ჩართულობის ორ ტიპს გამოყოფენ: ჩართულობა უშუალოდ ბაღის მუშაობაში და ჩართულობა შინ, სახლში.
პირველ შემთხვევაში, მშობელი, დაწესებულების ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობს. ასეთი შეიძლება იყოს - მშობელთა კრება, ინდივიდუალური შეხვედრები ჯგუფის საგანმანათლებლო პერსონალთან, სხვადასხვა ღონისძიებაზე დასწრება - ბავშვების ნამუშევრების გამოფენა, სპექტაკლი, პრეზენტაცია, წვეულება და ა.შ., ბაღში მოხალისეობა - ჯგუფის სასწავლო პროცესში მონაწილეობა, აქტივობების ჩატარება, აღმზრდელ-პედაგოგის/აღმზრდელის ასისტირება და სხვა.
მეორე შემთხვევაში, მშობელი სახლში მუშაობს ბავშვთან ერთად: ესაუბრება შვილს ბაღში მიმდინარე მოვლენებზე, ეხმარება ბაღთან დაკავშირებული საქმიანობის შინ ორგანიზებაში, ბავშვთან ერთად ზრუნავს ბაღიდან მოტანილ ნივთზე, ბავშვთან ერთად მონაწილეობს სხვადასხვა სახის აქტივობებში - ვიზიტი ბიბლიოთეკაში, მუზეუმში.
საბავშვო ბაღის პასუხისმგებლობა ორივე შემთხვევაში ძალზე დიდია. ერთი მხრივ, უნდა ასწავლოს და ხელი შეუწყოს მშობელს, როგორ ჩაერთოს ბაღის ცხოვრებაში და, მეორე მხრივ, ურჩიონ, ბავშვთან სახლში როგორ „იმუშაონ“.
მშობლის ჩართვის ფორმები:
როგორ ჩავრთოთ მშობელი? რა ნაბიჯები გადავდგათ იმისთვის, ოჯახის ჩართულობა მაღალი და ნაყოფიერი, რომ იყოს? ამისათვის საბავშვო ბაღმა მშობლებს მონაწილეობის სხვადასხვა გზა უნდა შესთავაზოს.
რჩევები აღმზრდელებს:
1. სთხოვეთ, იფიქრონ იმაზე, თუ როგორ ჩაერთვებიან სასწავლო პროცესში, წაახალისეთ მოხალისეობა! შეადგინეთ კალენდარი და დაე, თავად აირჩიონ მათთვის სასურველი დღე და დრო მოსასვლელად და აქტივობებში ჩასართავად. მიმართეთ კომუნიკაციის სხვადასხვა გზებს, როგორც სიტყვიერს, ისე წერილობითს, თუმცა უპირატესობა პირველს მიანიჭეთ, რადგან წერილობითი ენა შეიძლება დამაბრკოლებელი აღმოჩნდეს ოჯახისთვის. ზოგჯერ მშობლისთვის ბავშვის რთული ქცევის შესახებ გვიწევს ინფორმაციის მიწოდება, ამ შემთხვევაში არ არის საკმარისი მშობელს ვუთხრათ, „ნინიკო დღეს ცუდად მოიქცა, არ მისმენდა კითხვის დროს...“ აუცილებელია მშობელს ვუთხრათ, რაში გვჭირდება მისი დახმარება, კონკრეტულად რა უნდა გააკეთოს მან ბავშვისთვის, მაგალითად, „იქნებ საღამოობით სულ მცირე აბზაცი მაინც წაუკითხოთ ხოლმე სასიამოვნო და მყუდრო გარემოში, რომ კითხვის პროცესით ისიამოვნოს და შეუყვარდეს. ყოველ საღამოს აუცილებლად წაუკითხეთ ხოლმე“. მხოლოდ მსგავსი რჩევით შეძლებთ ბავშვისა და მშობლის დახმარებას.