დღის თემა
etaloni.ge
„უზრუნველყავით ბაღის აღმზრდელთა გადამზადება“ - სახალხო დამცველის რეკომენდაციები ხელისუფლების წარმომადგენლებს
04.04.2023

ახლადარჩეულმა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა, პარლამენტში 2022 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიური ანგარიში წარადგინა. სახალხო დამცველი განათლების მინისტრს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, ადგილობრივ თვითმმართველობებს და კონკრეტულ მუნიციპალიტეტებს სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით რეკომენდაციებით მიმართა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრს:

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობით, დანერგოს ინკლუზიური სკოლამდელი განათლების საბაკალავრო პროგრამები და მათში ჩართოს ადრეული ინკლუზიური განათლების კომპონენტები;

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით, უზრუნველყოს სკოლამდელი განათლების მიღმა დარჩენილ შშმ ბავშვთა გამოვლენისა და მონიტორინგის სისტემის შემუშავება;

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს:

უზრუნველყონ ბაგა-ბაღების მისაწვდომობა და ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული შეხვედრების ჩატარება (ინკლუზიური განათლების სპეციალისტების ჩართულობით) მოსახლეობასთან, ბაღების პერსონალთან და აღსაზრდელების მშობლებთან: ინკლუზიური განათლების პრინციპებზე, შშმ ბავშვების უფლებრივ გარანტიებზე, სწორ მიდგომებზე/ტერმინებზე, ადრეული ინტერვენციის, სკოლამდელი აღზრდის, თანატოლებთან სოციალური ინტერაქციის მნიშვნელობაზე, ინკლუზიური განათლების სპეციალისტების როლსა და რთული ქცევის პოზიტიურ მართვაზე;

ადგილობრივ თვითმართველობებს:

საბავშვო ბაღების მშენებლობა/რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა/რეაბილიტაცია პრიორიტეტულად გაითვალისწინონ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში;

საგარეჯოს, ლაგოდეხის, თელავის, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, წალკის, თეთრიწყაროს, ახალციხის, ახალქალაქის, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებს:

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სწავლების ხარისხისა და საქმიანობის ეფექტიანობის ასამაღლებლად, უზრუნველყონ პედაგოგთა, მათ შორის, არაქართულენოვან პედაგოგთა გადამზადება, სასწავლო რესურსების შექმნა და მიწოდება;

„სამწუხაროდ, გამოწვევას წარმოადგენს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი მოზარდებისათვის ხარისხიანი ადრეული და სკოლამდელი განათლების მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფა. განსაკუთრებით პრობლემურია ბილინგვური განათლების სიმცირე და მოზარდთა საჭიროებების შესაბამისი კადრების სიმცირე.

დამატებით საგულისხმოა, რომ 5 ბაღში დაწყებული ბილინგვური საპილოტე პროგრამა 2022 წელს 16 ბაღში გაგრძელდა, რაც მისასალმებელია, თუმცა, საერთო სურათის გათვალისწინებით, სამწუხაროდ, ჯერჯერობით კვლავ მიუღწეველია მულტილინგვური (ბილინგვური) სწავლების მოდელის დანერგვა, რაც სახელმწიფოს გაცხადებული მიზანია

რეგიონებში მწვავედ დგას ინკლუზიური განათლების სპეციალისტების დეფიციტი და ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურაზე სხვადასხვა სახის შეზღუდვის მქონე ბავშვთა წვდომა. პრობლემად რჩება სკოლამდელი აღზრდის მიღმა დარჩენილ შშმ ბავშვთა გამოვლენა. მუნიციპალიტეტთა უმრავლესობაში სათანადოდ არ ხორციელდება ინკლუზიური სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მონიტორინგი. 2022 წელს, ინკლუზიური განათლების მიმართულებით ტრენინგები ჩატარდა 27 თვითმმართველ ერთეულში, შშმ აღსაზრდელების საჭიროებების კვლევა კი მხოლოდ 10-ში.

2022 წელს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის, კვლავ გართულებული იყო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში მათ ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებული განათლების მიღების უფლებით სარგებლობა. მაგალითად, სასამართლოს მიერ განხილული ერთ-ერთი საქმის თანახმად, რომელზეც სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა, სასწავლო დაწესებულებამ ბავშვის დედას რეკომენდაცია მისცა, სწავლების პროცესში ბავშვისთვის სპეციალური მასწავლებელი თავად დაექირავებინა“, - ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.

იხილეთ ასევე:

„ბაღის აღმზრდელების გადამზადებაზე ჯერ პასუხი არავის აქვს, ექსპერტები შევლენ და ყველა სტანდარტს აუხსნიან“

რამდენად აკმაყოფილებს აღმზრდელების კვალიფიკაცია სტანდარტებს და მოთხოვნებს - რას ითვალისწინებს თვითშეფასების კითხვარი

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი