დღის თემა
etaloni.ge
რამდენად აკმაყოფილებს აღმზრდელების კვალიფიკაცია სტანდარტებს და მოთხოვნებს - რას ითვალისწინებს თვითშეფასების კითხვარი
04.04.2023

„თვითშეფასება გულისხმობს მთლიანად პროგრამის, მისი ყველა კომპონენტის შეფასებას: უფროსისა და ბავშვის ინტერაქცია, ბავშვებისა და უფროსის თანაფარდობა, აქტივობების შესაბამისობა ბავშვების განვითარებასთან, დაწესებულების შიდა და გარე სივრცის დაცულობა, ფიზიკური გარემოს კომპონენტები, თანამშრომელთა კვალიფიკაცია, ადმინისტრაციის როლი, ოჯახის ჩართულობის ხარისხი და ა.შ. თვითშეფასების ინსტრუმენტის მთავარი მიზანია, შეამოწმოს, თუ როგორ მოქმედებს პროგრამის ყველა ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტი ერთობლივად, მიიღწევა თუ არა მათი ურთიერთქმედებით თითოეული ბავშვის ჰოლისტური განვითარება. შეფასების მიზანია ბაღის სუსტი და ძლიერი მხარეების გამოვლენა, ასევე, მისი ახალი საჭიროებების დადგენა“, - წერია ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხის სტანდარტის გზამკვლევში.

მოგეხსენებათ, 31 მარტს, საბავშვო ბაღების ერთიან ეროვნულ ბაზაში რეგისტრაციის პროცესი დასრულდა. ახლა კი თვითშეფასების პროცესი უნდა დაიწყოს, რაც ავტორიზაციის გავლის წინაპირობაა.

საბავშვო ბაღებმა უნდა გაარკვიონ, რომელ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებენ და რა დრო დასჭირდებათ პრობლემის მოსაგვარებლად - ახალი ეტაპი იწყება

ახალი, ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლის, აგრეთვე დაწესებულების ავტორიზაციის შეჩერებისა და შეწყვეტის დროებითი წესის მიხედვით, დაწესებულების თვითშეფასების მიზნებია: დაწესებულების პირობების შესაბამისობის შეფასება ავტორიზაციის სტანდარტებთან და მისი უწყვეტი განვითარების ხელშეწყობა მტკიცებულებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების მექანიზმების გამოყენების გზით.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ვალდებულია, განახორციელოს ყოველწლიური თვითშეფასება. თვითშეფასების ფორმა და განხორციელების წესი მტკიცდება სსიპ − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც ქვეყნდება საჯაროდ.

ამჟამად ქვეყანაში მოქმედი ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხის სტანდარტის გზამკვლევის მიხედვით, იმისათვის, რომ საბავშვო ბაღმა განსაზღვროს, თუ როგორ მუშაობს და რამდენად შეესაბამება დაწესებულებაში განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამა ქვეყანაში არსებულ სტანდარტებს, რეგულაციებს და იმისათვის, რომ  დაიგეგმოს სამომავლო განვითარების გზები, მნიშვნელოვანია ეფექტიანი თვითშეფასების სისტემა.

თვითშეფასებისთვის უნდა არსებობდეს კითხვარი, რომლის შედგენისთვის უპირველესი წყარო ხარისხის სტანდარტია. ხარისხის სტანდარტის ერთ-ერთი გამოყენების გზა სწორედ შეფასების ინსტრუმენტების შედგენაა. ამიტომაც, თვითშეფასების კითხვარი აუცილებლად უნდა ასახავდეს ხარისხის სტანდარტის თემატიკას.

კითხვარის კომპონენტები:

კეთილდღეობა და უსაფრთხოება - უზრუნველყოფს თუ არა პროგრამა ბავშვის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვას, ხორციელდება თუ არა პროგრამა უსაფრთხო, ჯანსაღ გარემოში;

კურიკულუმი და საგანმანათლებლო პროგრამა - აღწევს თუ არა კურიკულუმი სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტებით განსაზღვრულ მიზნებს, მოიცავს თუ არა ბავშვის განვითარების ყველა სფეროს, არის თუ არა თამაში ძირითადი საგანმანათლებლო სტრატეგია;

ფიზიკური გარემო - რამდენად პასუხობს დაწესებულების ფიზიკური გარემო საგანმანათლებლო სტანდარტისა და ინფრასტრუქტურის ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მიმართულებებს;

ინკლუზია - გათვალისწინებულია თუ არა დაწესებულების ფიზიკურ გარემოსა და საგანმანათლებლო პროცესში თითოეული ბავშვის საჭიროება და ინტერესები;

თემთან თანამშრომლობა - განსაზღვრული აქვს თუ არა დაწესებულებას თემის ჩართვის სტრატეგიები, იყენებს თუ არა თემის რესურსს საჭიროებისამებრ;

ხელმისაწვდომობა - უზრუნველყოფს თუ არა დაწესებულება ყველა მსურველიბავშვის ჩართვას;

მართვა - შეესაბამება თუ არა დაწესებულების მმართველი რგოლის კვალიფიკაცია დაკავებულ პოზიციას, შემუშავებული აქვს თუ არა მმართველ რგოლს საგანმანათლებლო პროცესზე დაკვირვების სტრატეგია და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმი, თანამშრომელთა პროფესიული ზრდის მექანიზმი;

თანამშრომლები - რამდენად შეესაბამება დაწესებულების თანამშრომლების კვალიფიკაცია დაკავებულ პოზიციებს, რამდენად ზრუნავენ კვალიფიკაციის ამაღლებაზე;

მშობელთა ჩართულობა - შემუშავებული აქვს თუ არა დაწესებულებას მშობელთა ჩართვის სტრატეგიები, რამდენად არის შესაძლებელი მშობელთა სხვადასხვა ფორმით ჩართვა, რამდენად არის გათვალისწინებული მშობელთა მოსაზრებები გადაწყვეტილების მიღებისას, რამდენად ზრუნავს მშობელთა ცნობიერების ამაღლებაზე.

აღმზრდელ-პედაგოგის და აღმზრდელის კვალიფიკაცია - რამდენად აკმაყოფილებს საგანმანათლებლო პერსონალი სტანდარტებითა და სხვადასხვა დადგენილებით გაწერილ მოთხოვნილ კვალიფიკაციასა და კომპეტენციებს.

იხილეთ ასევე:

„ბაღის აღმზრდელების გადამზადებაზე ჯერ პასუხი არავის აქვს, ექსპერტები შევლენ და ყველა სტანდარტს აუხსნიან“

რა არის კურიკულუმი და როგორი მოდელები არსებობს საბავშვო ბაღებისთვის

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი