დღის თემა
etaloni.ge
„ბაღის აღმზრდელების გადამზადებაზე ჯერ პასუხი არავის აქვს, ექსპერტები შევლენ და ყველა სტანდარტს აუხსნიან“
04.04.2023

„ეს ყველაფერი გარკვეულ დადგენილებებში, კანონებში იყო გაწერილი, სახელმწიფომ კი ამ ეტაპზე გააერთიანა და საბავშვო ბაღს პირდაპირ დაუდო დოკუმენტი, რომ იმით იხელმძღვანელოს და, საბოლოო ჯამში, მიიღებს ისეთ ორგანიზაციას, რომელიც უკვე ავტორიზებულია“, - განაცხადა პირდაპირ ეთერში შპს „ჰელქსერ სოლოუშენის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა, ია იაკობიძემ, ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლის, შეჩერებისა და შეწყვეტის დროებითი წესის შესახებ. მისი ორგანიზაცია საბავშვო ბაღებს ავტორიზაციის პროცესის მომზადებისთვის ეხმარება.

ია იაკობიძემ ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად ბაღების მხოლოდ 5%-ს შეიძლება ჰქონდეს მზაობა ავტორიზაციის გასავლელად.

მოგეხსენებათ, საბავშვო ბაღების ერთიან ბაზაში რეგისტრაციის პროცესი დამთავრდა და თვითშეფასების პროცესი იწყება.

„შეიძლება ითქვას, თვითშეფასების ეტაპი დაფინანსებულია სახელმწიფოს მხრიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ გამოყო კადრები, რომლებიც შევლენ ბაღში და რაღაც პერიოდს იქ გაატარებენ. ექსპერტების შერჩევა მიმდინარეობს. ეს ექსპერტები შევლენ ბაღში და ყველა სტანდარტს აუხსნიან... ამაში ფულს არ იხდის ბაღი. სახელმწიფომ გამოთქვა მზაობა, რომ პირიქით, მიეხმაროს მათ“, - ამბობს ია იაკობიძე.

კითხვაზე, რა ქნას პერსონალმა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს სერტიფიცირებული, იაკობიძე პასუხობს, რომ ამასთან დაკავშირებით სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს ჯერ პასუხი არ აქვთ:

„სახელმწიფო, მგონია, რომ ყველა საშუალებას შესთავაზებს ბაღებს... თუნდაც პროფესიულ სასწავლებელს, რომელიც იქნება უფასო, ვაუჩერიზაციას... ამაზე პასუხი ჯერ არავის აქვს. თვითშეფასება და პროცესი, რომელშიც რამოდენიმე წლის განმავლობაში იქნებიან ბაღები ჩართული, გამოკვეთს, სად არის სუსტი რგოლი და სად სჭირდებათ სახელმწიფოს დახმარება ბაღებს. საითაც იქნება უმრავლესობის აზრი, სწორედ იქითკენ გადაიხრება დახმარების ნაწილში სახელმწიფო“.

იაკობიძე განმარტავს, რომ ახალი სტანდარტების დანერგვა კერძო ბაღების საფასურს გააძვირებს. გარდა იმისა, რომ ბაღი თავად იზრუნებს პერსონალის გადამზადებაზე, რაც გარკვეული თანხა დაჯდება, ბავშვთა მენიუს შეცვლაც მოუწევთ, რაც ასევე გამოიწვევს თანხების მატებას.

„სტანდარტში ნათლად არის ჩამოშლილი, ბავშვმა რამდენი თევზი, ქათმის ფილე, მჭლე ხორცი უნდა მიიღოს. შეიძლება, ახლაც ვაძლევდე იგივე რაოდენობას, თუმცა მერე უკვე სახელმწიფო ძალიან გამიკონტროლებს და შეიძლება ის გრამობა ვეღარ დავრღვიო, რაც ბავშვმა უნდა მიიღოს და ზუსტად ჩავჯდე იმ სტანდარტში, რასაც სახელმწიფო მიწესებს... პერსპექტიული, ორკვირიანი მენიუ ექნება ყველა ბაღს და იმას ვეღარ შეცვლის. ის პროდუქტები ბაღმა უნდა შეიძინოს. სახელმწიფოსაც ვეღარ ატყუებს ბაღი და სახელმწიფომ რომ დააწესა ეს სტანდარტი, მშობელიც მშვიდად არის, ბაღიც და, საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ძალიან კარგად აისახება ბავშვზე...

სახელმწიფო ამბობს და სტანდარტი გვეუბნება, რომ მესამე სართულზე არ უნდა იყვნენ 3-4 წლიანი ბავშვები, ბაგა... ამ დროს შეიძლება ყველაზე მეტად მესამე სართული იყოს დატვირთული. ბაღს უწევს უკვე იმაზე ფიქრი, როგორ გადაანაწილოს, ინფრასტრუქტურა როგორც შეცვალოს, რომ სტანდარტში ჩაჯდეს. რა თქმა უნდა, ეს ფინანსებთან არის დაკავშირებული, რაც აისახება იმ მომხმარებელზე, ვინც ეყოლება ბაღს. შესაბამისად, თითოეული ბავშვის საფასური ალბათ გაიზრდება“, - ამბობს ია იაკობიძე.

იხილეთ ასევე:

10 დღიანი პერსპექტიული მენიუ და კერძების კარტოთეკა - რის შემუშავება ევალება საბავშო ბაღს ახალი დოკუმენტით

სკოლამდელი დაწესებულების მისია და აღმზრდელების ვალდებულებები

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი