თბილისის 84-ე საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მშობლებმა პეტიცია შეადგინეს და დედაქალაქის მერს, თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მიმართეს.
84-ე საბავშვო ბაღის შენობა დაზიანებულია, რის გამოც აღსაზრდელები სხვა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში გადაიყვანეს.
პეტიციაში ნათქვამია, რომ მომხდარის გამო ირღვევა კანონი და ბავშვთა უფლებები. მშობლები ადრესატებს მოუწოდებენ, დაუყონებლივ მოხდეს სწრაფი რეაგირება და შესაბამისი ფართის მოძიება, არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით.
„84-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელთა მშობლების კოლექტიური განცხადება იმის შესახებ, რომ ა.წ. იანვარში, აღნიშნული ბაღის დათვალიერების შედეგად დადგინდა შენობის დაზიანების მესამე ხარისხი.
დაინიშნა ექსპერტიზა, თუმცა არ ჩატარებულა და საბოლოო პასუხი ჯერამც უცნობია ჩვენთვის. ბავშვების უსაფრთხოების გათვალისწინებით, ისინი გადაყვანილნი არიან გვერდით მდებარე, 56-ე ბაგა-ბაღში, სადაც გაერთიანებულია ჯგუფები 2-2-ად და დისკომფორტს განიცდის, როგორც 84-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელები, ასევე 56-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელები. ბავშვების რაოდენობა ბევრად აღემატება სტანდარტით დადგენილ ნორმებს და უხეშად ირღვევა ბავშვების განვითარების, სწავლის, თამაშის, უსაფრთხოების, კვების, ძილის და ყველა სახის ის უფლება, რა სახის განვითარებისათვისაც აღსაზრდელები ბაღში დადიან. ჩვენთვის, მშობლებისთვის ეს მიუღებელია - აბსოლუტურად დარღვეულია სააღმზრდელო პროცესი.
გთხოვთ, მიიღოთ ჩვენი შვილებისათვის სასარგებლო და დროული გადაწყვეტილება, რათა მათ შეძლონ ნორმალურ პირობებში განათლების მიღება. აქედან გამომდინარე, დაუყონებლივ მოვითხოვთ, მოხდეს სწრაფი რეაგირება და შესაბამისი ფართის მოძიება, არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით.
წარმოდგენილი პეტიცია გამომდინარეობს,საქართველოს კონსტიტუციის მუხლ N27-დან, ასევე ბავშთა უფლებათა კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებიდან. გარდა ამისა, ბავშვის უფლებების ნაწილში, საქართველოს ბავშვთა უფლებათა კოდექსის მე-6 მუხლის (1,2) პუნქტების, მუხლების - მე-11, მე-12, 82-ე, 90-ე, ასევე ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონის მე-7 მუხლის ზ), თ) და ამავე კოდექსის მე-17 მუხლის, რომლებიც მოიცავს ბავშვთა უფლებათა ჭრილში უსაფრთხო გარემოს შექმნის, მათი განვითარებისა და ქვეყანაში არსებული სახელმწიფო დაწესებულებათა პასუხისმგებლობას აღნიშნული ნორმების განხორციელებას და მათ შესრულებას მოცემულ ნაწილში“, - ნათქვამია პეტიციაში.
იხილეთ ასევე: