წახემსების დროები და მოცულობები ისე უნდა შეირჩეს, რომ ბავშვებს ძირითადი კვების წინ მადა არ წაუხდეთ, - წერია „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების“ ტექნიკურ რეგლამენტში.
დოკუმენტის მიხედვით, ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვის კვების რეჟიმი უნდა შედგებოდეს 3 ძირითადი კვების - საუზმე, სადილი, ვახშამი და 3 წახემსებისგან
საუზმის მენიუ და აკრძალვები საბავშო ბაღში - რეგლამენტში გაწერილი პროდუქტები პატარებისთვის
სადილი
1. სადილი უნდა უზრუნველყოფდეს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში ბავშვთათვის ენერგიის (კალორიების), ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების დღიური საჭიროების 20-30%-ის, ხოლო, კალციუმის, რკინის და A ვიტამინის დღიური საჭიროების 15%-ის მიწოდებას.
2. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში სადილი უნდა შედგებოდეს 4 ან 5 კომპონენტისაგან.
3. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში სადილი აუცილებლად უნდა შეიცავდეს რძის ნაწარმის კომპონენტს, პირველი კერძის ან დესერტის შემადგენლობაში.
4. წყალი წარმოადგენს ერთადერთ სასმელს, რომლის მიწოდებაც სადილზე, ისევე როგორც მთელი დღის განმავლობაში, სავალდებულოა რაოდენობის შეზღუდვის გარეშე. სადილზე შესაძლოა დამატებით დაბალი ცხიმიანობის რძის შეთავაზებაც შაქრის გარეშე.
5. ახალი პური წარმოადგენს თითოეული კვების აუცილებელ ნაწილს. ის შეიძლება შეიცვალოს დაუმტკბარი ორცხობილით ან მჭადით.
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში არ არის რეკომენდებული შაქრიანი სასმელების შეთავაზება, დაუშვებელია გაზიანი ტკბილი სასმელების გამოყენება.
წახემსება
1. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში ბავშვებისათვის უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სურსათის მიწოდება წახემსებისათვის გვიან დილით - საუზმესა და სადილს შორის და ნაშუადღევს. 4-6 წლის ბავშვებს, გარდა აღნიშნულისა, ესაჭიროებათ ვახშმის შემდგომი წახემსებაც. წახემსების დროები და მოცულობები ისე უნდა შეირჩეს, რომ ბავშვებს ძირითადი კვების წინ მადა არ წაუხდეთ. სასუსნავით წახემსება შეიძლება ჩაითვალოს მინი-კვებად.
2. ჯანსაღი სასუსნავი უნდა შეიცავდეს ცილებს, ნახშირწყლებს, ვიტამინებს, მინერალებს, საკვებ უჯრედისს,ზომიერად ცხიმებს და იყოს დაბალი ენერგეტიკული ღირებულების.
3. სურსათის გადაცდენის რისკის თავიდან ასაცილებლად ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში სასუსნავი შერჩეული უნდა იქნეს ფიზიკური მახასიათებლებისა და ბავშვების ასაკის გათვალისწინებით.
საერთო ჯამში, ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვის კვების რეჟიმი უნდა შედგებოდეს 3 ძირითადი კვების - საუზმე, სადილი, ვახშამი და 3 წახემსებისგან:
პირველი - დილის წახემსება საუზმესა და სადილს შორის.
მეორე - შუადღის წახემსება სადილსა და ვახშამს შორის.
მესამე – ვახშმის შემდეგ.
დღიური რაციონის ენერგეტიკული ღირებულება უნდა გადანაწილდეს შემდეგი სქემის მიხედვით:
ა) საუზმე ≈ 20%;
ბ) დილის წახემსება ≈ 10%;
გ) სადილი ≈ 30%;
დ) შუადღის წახემსება (სამხარი) ≈ 15%;
ე) ვახშამი ≈ 15%;
ვ) საღამოს წახემსება ≈ 10%.
იხილეთ ასევე:
საბავშვო ბაღის მზარეულს კატეგორიულად ეკრძალება ფრჩხილზე ლაქის წასმა - დოკუმენტში გაწერილი ჰიგიენაჯანსაღი და გემრიელი „ოლადები“ ბავშვებისთვის - რეცეპტები