კახაბერ გვანცელაძე გადადგა - ეს ინფორმაცია თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის შესახებ სოციალურ ქსელში საბავშვო ბაღების აღმზრდელებმა გაავრცელეს.
როგორც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების თანამშრომლები skolamdelebi.ge-სთან ამბობენ, კახაბერ გვანცელაძის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა და ბაღების ხელმძღვანელებმა უკვე იციან, რომ მათ მალე ახალი უფროსი ეყოლებათ.
„ორი დღის წინ გავიგეთ, რომ გვანცელაძე აღარ არის სააგენტოს ხელმძღვანელი. ეს ამბავი უკვე ყველამ იცის. იმასაც ამბობენ, რომ ამერიკაში გაიქცა. ალბათ ამ კვირას დანიშნავენ ახალს“, - გვითხრა თბილისის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის აღმზრდელმა.
skolamdelebi.ge-მ ინფორმაციის გადამოწმება ბაღების მართვის სააგენტოში სცადა, სადაც ეს ამბავი არც უარყვეს და არც დაადასტურეს და რადგან ჭორები დადის, მოგვიწოდეს, დაველოდოთ, რა მოხდება.
თბილისის მერიაში კი გვითხრეს:
„არსად წასულა, თბილისშია და არც განცხადება დაუწერია გადადგომის შესახებ. ამ ეტაპზე ასეა და მომავალში რას იზამს, არ ვიცით“.
კახაბერ გვანცელაძე თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსად 2017 წლის ნოემბერში დაინიშნა. მანამდე ის დედაქალაქის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურს ხელმძღვანელობდა. უფრო ადრე კი ტექნოლოგიური განვითარების ფონდის უფროსი იყო და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც მუშაობდა.
იხილეთ ასევე: