წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებისათვის სამზარეულოს ჭურჭელს შეისყიდიან. ამის შესახებ ადგილობრივმა საბავშვო ბაღების გაერთიანებამ ტენდერი გამოაცხადა და გამარჯვებულთან ხელშეკრულებაც გააფორმა.
შესასყიდი საქონელის ჩამონათვალი:
1 600 ცალი საბავშვო ჭურჭლის ნაკრები, 30 ცალი ქვაბი, 50 ცალი ტაფა, 90 ცალი პლასტმასის კონტეინერი, 100 ცალი სამზარეულოს დანა, 1 600 ცალი ჩაის კოვზი, 1600 ცალი სუფრის კოვზი, 10 ცალი დიდი საწვნე კოვზი, 100 ცალი საჭრელი დაფა, 24 ცალი ბოსტნეულის სახეხი.
ამ ყველაფერში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 48 852 ლარს გადაიხდის.
ცოტა ხნის წინ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ ასევე ტენდერის საფუძველზე შეიძინა საბავშვო ბაღების სამზარეულოებში საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების, ჰასპის სისტემის ეფექტურად დანერგვის მიზნით აღსაზრდელთა პროდუქტების შესანახი საწყობებისთვის მაცივრები, დახლ-მაცივარი, ჭურჭლის სამრეცხაოებისათვის - წყლის ელექტრო გამათბობლები, სამზარეულოებისთვის - კედლის ელექტრონული გამწოვები, ხორცსაკეპი მანქანები და საცხობი ღუმელები. ასევე, სასწავლო-სააღმზრდელო ჯგუფებისათვის დამატებით შეიძინეს ელექტრო გამათბობელები.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 24 საბავშვო ბაღი 1500 აღსაზრდელით. სულ დასაქმებულია 404 თანამშრომელი, საიდანაც 122 აღმზრდელია და 61 - აღმზრდელის თანაშემწე.
„ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად იგეგმება: სკოლამდელი აღზრდის სფეროში მართვის პოლიტიკის განხორციელება, სტანდარტების შესაბამისი სააღმზრდელო პროგრამა/მეთოდოლოგის დახვეწა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისი კვებით უზრუნველყოფა, აღსაზრდელთა უსაფრთხოების მიზნით ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურის (ეზო, შენობა, ინვენტარი და სხვა) განვითარება. არსებული საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია, ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა და აღჭურვა სათანადო ინვენტარით... სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვა, მატერიალურ ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება; კვების ორგანიზებისა და რაციონის ნორმების დაცვა, ძირითადი აქტივების მიმდინარე შეკეთება და მოვლა-შენახვა“, - წერია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დადგენილებაში, რომელიც 2023 წლის ბიუჯეტს ეხება.
იხილეთ ასევე:
ბაღებისთვის, სადაც მშობლებს სკამების მიტანას სთხოვდნენ, ბიუჯეტიდან 222 780 ლარი გამოიყო