კურიკულუმი, რომელიც გახლავთ ყველა დაგეგმილი ან დაუგეგმავი გამოცდილება, საქმიანობა, რუტინა, მოვლენა და ყველა ტიპის ურთიერთობა, რომელიც ხორციელდება ბავშვის განვითარებისა და სწავლებისთვის განკუთვნილ გარემოში, აუცილებელია, საბავშვო ბაღმა დაგეგმოს, განახორციელოს, შეაფასოს და განავითაროს.
რა არის კურიკულუმი და როგორი მოდელები არსებობს საბავშო ბაღებისთვის
კურიკულუმი, გარკვეულწილად, არის საშუალება, რომელსაც მიზანთან მივყავართ. მიზანი კი ნებისმიერი ბავშვის მრავალმხრივი, ჰოლისტური განვითარებაა, როგორც ეს განსაზღვრულია ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებში.
რადგან მიზანთან მიმავალი გზა, შესაძლოა, განსხვავებული იყოს, შესაბამისად, ბუნებრივია სხვადასხვა დაწესებულებაში სხვადასხვა კურიკულუმის არსებობაც. უფრო მეტიც, შესაძლოა საგანმანათლებლო პერსონალმა თავად შეიმუშაოს კურიკულუმი თავისი ჯგუფისთვის და მისი საშუალებით მოახდინოს ბავშვის ჰოლისტური განვითარება.
შესაბამისად, დაწესებულებას, ან საგანმანათლებლო პერსონალს რამდენიმე ვარიანტი აქვს - შეუძლია, ერთი მხრივ, უკვე არსებული კურიკულუმი დანერგოს ან ახალი შეიმუშაოს.
მსოფლიოში ცნობილი კურიკულუმების მოდელების გარდა, შესაძლოა საქართველოში შექმნილი კურიკულუმის მოდელის გამოყენება ან საკუთარი კურიკულუმის შემუშავება, რაც შეიძლება სრულიად ახალი კურიკულუმის შექმნასაც გულისხმობდეს და ეკლექტურსაც.
ეკლექტურია კურიკულუმი, რომელიც აერთიანებს კურიკულუმის ორ ან მეტ მოდელს. ნებისმიერ შემთხვევაში, კურიკულუმი უნდა ერგებოდეს ადგილობრივ მარეგულირებელ სტანდარტებს, ადგილობრივ საჭიროებებს და ბავშვის ასაკობრივ თავისებურებებს.
კურიკულუმის შექმნისას ან არჩევისას დაწესებულებამ უნდა გაითვალისწინოს როგორც საკუთარი ინსტიტუციის მახასიათებლები, მიზნები და მისია, ისე ბავშვების უნარები და განვითარების საჭიროებები, და ქვეყანაში არსებული საგანმანათლებლო სტანდარტები.
საკითხები, რომლებიც უნდა აისახოს შემუშავებულ კურიკულუმში:
► კურიკულუმის შესაბამისობა ადრეული და სკოლამდელი განათლების ადგილობრივ მარეგულირებელ დოკუმენტებთან და საგანმანათლებლო სტანდარტებთან; შესაბამისობა ბავშვის ასაკობრივ განვითარებასთან, ინტერესებსა და საჭიროებებთან;
► ინკლუზიური განათლების ელემენტების ასახვა კურიკულუმში; თითოეული ბავშვის ჩართულობის მაღალი ხარისხი;
► კულტურა და დაინტერესებული მხარეების გათვალისწინება;
► თანამედროვე კვლევები და ცოდნა;
► ნათლად ფორმულირებული მიზნები, სწავლების შინაარსი, სტრატეგიები და შეფასების სისტემა.
როგორი უნდა იყოს კურიკულუმის სტრუქტურა?
კურიკულუმი უნდა შედგებოდეს შემდეგი ძირითადი საკითხებისგან:
► კურიკულუმის მიზანი - რას უნდა მივაღწიოთ, რა შედეგებზე გვსურს გასვლა?
► კურიკულუმის შინაარსი - რისი სწავლება გვინდა?
► კურიკულუმის მეთოდოლოგია - როგორ ვასწავლით, რა ტიპის საქმიანობებს ვატარებთ და რომელ პედაგოგიურ მეთოდებს ვიყენებთ? რა რესურსს ვიყენებთ, როგორია ფიზიკური გარემო, განრიგი?
► შეფასება - როგორ გავზომავთ მიღებულ შედეგებს?
საქართველოში, ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტის მიხედვით, არსებობს მიზანი და, შესაბამისად, ნებისმიერი კურიკულუმი, რომელსაც საბავშო ბაღი თუ აღმზრდელი აირჩევს, ამ მიზნებს უნდა ემსახურებოდეს.
იხილეთ ასევე:
რა უნდა გაითვალისწინოთ, თუ ტრენინგ-მოდულს ონლაინ რეჟიმში გაივლით