დღის თემა
etaloni.ge
10 რჩევა საბავშვო ბაღის აღმზრდელებს - შეგიძლიათ, სხვადასხვა სტრატეგიას მიმართოთ
30.03.2023

ბავშვებს, რომლებიც თავს დაცულად არ გრძნობენ ბაღის აღმზრდელებთან, უჭირთ თანატოლებთან პოზიტიური კომუნიკაცია და მომავალშიც ხშირად აქვთ კონფლიქტები მასწავლებლებთან, - წერია ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხის სტანდარტის გზამკვლევში, სადაც მოცემულია რჩევები, თუ როგორ უნდა მოიქცნენ საბავშო ბაღის აღმზრდელები ბავშვებთან ურთიერთობისას, რომ მათ პოზიტიური მაგალითი.  

საბავშო ბაღის აღმზრდელის და ბავშვის ურთიერთობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბავშვის სოციალურ და ემოციურ განვითარებაში. ბავშვისა და ჯგუფში მომუშავე პრაქტიკოსის ურთიერთობების შემსწავლელი კვლევების თანახმად, ბავშვები, რომლებსაც პოზიტიური ურთიერთობა აქვთ ამ უფროსებთან და რომლებიც მათთან თავს უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობენ, წარმატებით ურთიერთობენ თანატოლებთან ბაღშიც და მომავალში - სკოლის მასწავლებელთან და მეგობრებთანაც.

კვლევები ასევე მოწმობს, რომ მასწავლებელთან პოზიტიური კომუნიკაციის შემთხვევაში, ბავშვებს, ზოგადად, უფროსების მიმართ დადებითი დამოკიდებულება უყალიბდებათ და ემოციურად მშვიდად და დაცულად გრძნობენ თავს. აღმზრდელ-პედაგოგი/აღმზრდელი, რომელიც ბავშვებთან ამყარებს თვალით კონტაქტს, მშვიდი ხმით ესაუბრება, უსმენს მათ, თბილი და გულისხმიერია, სამართლიანია, ასეთივე ქცევის მაგალითს აძლევს ბავშვებს. ამ შემთხვევაში ბავშვების ემოციური კომპეტენციები და სოციალური უნარები განსაკუთრებით მაღალია. ასეთი ბავშვები ნაკლებად ავლენენ ე.წ. „რთულ ქცევას“, სკოლაშიც უკეთესი მოსწრება აქვთ.

მნიშვნელოვანია, ბავშვი გვხედავდეს, რომ ყველასთან, ვისთანაც ვურთიერთობთ - ყველა ბავშვი, დაწესებულების ყველა თანამშრომელი, მშობლები, ჯგუფში შემოსული სტუმრები, ბაღის გარეთ შემხვედრი ადამიანები და ა.შ., თავაზიანები და გულისხმიერები ვართ, გვაინტერესებს სხვისი ემოციები და განცდები, სათანამშრომლოდ ვართ განწყობილები.

ბავშვები იმეორებენ უფროსების ქცევას. იმ შემთხვევაში, თუ უფროსი სხვების მიმართ უხეში და აგრესიულია, ადვილი შესაძლებელია, რომ ბავშვებმა, რომლებიც ამას ხედავენ, იგივე გაიმეორონ. ხშირად ასეც ხდება, რომ თავაზიანობას ვიჩენთ თანამშრომლების, ანუ ჩვენი თანატოლების, ან ჩვენზე უფროსების მიმართ, მაგრამ იმავეს არ გამოვხატავთ ბავშვებთან, პირიქით მათთან ურთიერთობისას უხეშები, უყურადღებოები და გაღიზიანებულები ვართ, ხშირად ვჩხუბობთ.

რა თქმა უნდა, ჩვენი ასეთი ქცევითაც შესაბამის მაგალითს ვაძლევთ ბავშვებს. საგანმანათლებლო პერსონალმა ბავშვებთან კომუნიკაციის თითოეული ეპიზოდი მათთან პოზიტიური ურთიერთობის დასამყარებლად უნდა გამოიყენოს. მას შეუძლია სხვადასხვა სტრატეგიას მიმართოს, ეს კომუნიკაცია პოზიტიური რომ გახადოს. რა თქმა უნდა, სასურველია, გავითვალისწინოთ, რომ ბავშვებს აქვთ სხვადასხვა საჭიროებები, ინტერესები, შესაძლებლობები და უნარები. მათთან ურთიერთობისას ეს გარემოება მუდმივად უნდა გვახსოვდეს, მიუხედავად იმისა, რომელ სტრატეგიაზე შევაჩერებთ არჩევანს.

ბავშვების მოსმენა, თვალით კონტაქტის დამყარება, ერთი-ერთზე კონტაქტი - ის სტრატეგიებია, რომელთა გამოყენებაც ბავშვს თავს დაცულად აგრძნობინებს და, შესაბამისად, პოზიტიურ კომუნიკაციასაც წაადგება.

რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადავდგათ, ბავშვთან დადებითი ურთიერთობაც რომ დავამყაროთ და თან ბავშვებს პოზიტიური მაგალითი მივცეთ:

1. მიესალმეთ და სახელით მიმართეთ თითოეულ ბავშვს, როდესაც მშობელთან ერთად ჯგუფში შემოდის, ამით ბავშვები უფრო დაცულად იგრძნობენ თავს, თქვენს მიმართ კი, პოზიტიური დამოკიდებულება გაუმყარდებათ;

2. თითოეულ ბავშვთან ყოველდღიურად დაამყარეთ ერთი-ერთზე კომუნიკაცია, მათ შორის მათთანაც, რომლებიც სხვებისგან განსხვავებით უფროსის ნაკლებ ყურადღებას ითხოვენ, მორცხვობენ, „წყნარები არიან“. მიმართეთ თითოეულ ბავშვს ინდივიდუალურად, აგრძნობინეთ, რომ გაინტერესებთ როგორც პიროვნება;

3. როცა ბავშვს მიმართავთ, სახით მისკენ შებრუნდით და თვალებში უყურეთ;

4. ისაუბრეთ მშვიდი ხმით და მარტივი სიტყვებით, რათა ბავშვებმა შეძლონ თქვენი ნათქვამის გაგება და სიმშვიდის შენარჩუნება;

5. დაამყარეთ თბილი, გულისხმიერი ფიზიკური კონტაქტი, რომელიც აგრძნობინებს ბავშვს, რომ ის თქვენთვის მნიშვნელოვანი და ძვირფასია.

6. მიჰყევით ბავშვის რიტმსა და ინტერესებს თამაშის დროს, ნუ დააჩქარებთ და ნუ დაძაბავთ მას;

7. ბავშვებს ნათლად აუხსენით, რას ელით მისგან;

8. დაეხმარეთ ბავშვებს რთული ქცევის დაძლევაში;

9. მოუსმინეთ ბავშვებს და წაახალისეთ, რომ სხვებს მოუსმინონ;

10. ხშირად შეაქეთ ბავშვები ძალისხმევისა და მონდომებისთვის.

ამ ყველაფრიდან კი ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება - იმისათვის, რათა ბავშვებს ვასწავლოთ ერთმანეთთან და გარშემომყოფებთან დადებითი კომუნიკაციის დამყარება, მნიშვნელოვანია, უფროსებს ჰქონდეთ მათთან დადებითი კომუნიკაცია.

იხილეთ ასევე:

რეკომენდაციები საბავშვო ბაღის თითოეული თანამშრომლისთვის

რა არის კურიკულუმი და როგორი მოდელები არსებობს საბავშო ბაღებისთვის
დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი