ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სააღმზრდელო-საგანმანათლებლო სკოლამდელ დაწესებულებათა ცენტრში გაიმართა თანამშრომელთა თათბირი, რომელზეც ცენტრის სტრატეგიული განვითარების 5 წლიანი გეგმის შემუშავების საკითხი განიხილეს.
შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ ბაგა-ბაღების სტრატეგიული დოკუმენტის არსებობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების სისტემის გაუმჯობესებისა და მომსახურების მდგრადი განვითარებისათვის და დოკუმენტის მიზანი აღსაზრდელების უფლებებსა და ინტერესებზე ორიენტირებული გარემოს შექმნაა.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მოკლე ვადაში შემუშავებული იქნება სტრატეგიული გეგმა, რომლის მიზანი აღსაზრდელების უფლებებსა და ინტერესებზე ორიენტირებული გარემოს შექმნა და თითოეული ბავშვისთვის თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი განათლების მიწოდებაა მათი შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ეთნიკური, გენდერული თუ სხვა მახასიათებლების გათვალისწინებით.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 9 საბავშო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც დასაქმებულია 133 თანამშრომელი და მათ შორის 11 სკოლამდელი აღზრდის ცენტრის თანამშრომელია, ხოლო დანარჩენი 122 პირი - ბაგა-ბაღების. აქედან 40 კი აღმზრდელი და აღმზრდელის თანაშემწეა.
როგორც ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ბიუჯეტთან დაკავშირებულ დადგენილებაში ვკითხულობთ, იგეგმება სკოლამდელი აღზრდის სფეროში მართვის პოლიტიკის განხორციელება, სტანდარტების შესაბამისი სააღმზრდელო პროგრამა/მეთოდოლოგის დახვეწა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისი კვებით უზრუნველყოფა, აღსაზრდელთა უსაფრთხოების მიზნით ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურის განვითარება, ბაგა-ბაღების პერსონალის შრომითი პირობების გაუმჯობესება და მათი კვალიფიკაციის ამაღლება. პერსონალის მცირე ხელფასის გათვალისწინებით, 2023-2026 წლებში, დაგეგმილია ასევე მათი ანაზღაურების ზრდა.
იხილეთ ასევე:
რა არის კურიკულუმი და როგორი მოდელები არსებობს საბავშო ბაღებისთვის