სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისათვის შემუშავებული ავტორიზაციის 4-დან ერთი სტანდარტი კურიკულუმია და იმისათვის, რომ საბავშვო ბაღმა ავტორიზაციის პროცესი გაიაროს, აუცილებელია, კურიკულუმის დაგეგმვა, განხორციელება, შეფასება და განვითარება.
ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხის სტანდარტის გზამკვლევში განმარტებულია, რა არის კურიკულუმი და როგორი კურიკულუმები არსებობს.
რა არის კურიკულუმი
კურიკულუმი - ყველა დაგეგმილი ან დაუგეგმავი გამოცდილება, საქმიანობა, რუტინა, მოვლენა და ყველა ტიპის ურთიერთობა, რომელიც ხორციელდება ბავშვის განვითარებისა და სწავლებისთვის განკუთვნილ გარემოში.
კურიკულუმი შესაძლოა იყოს როგორც წერილობითი დოკუმენტი, სადაც აღწერილია, თუ რა მიზანს ემსახურება ბაღი, რა უნდა ისწავლებოდეს იქ, როგორი ფორმით და როგორ გარემოში, ასევე, უბრალოდ ჩამოყალიბებული იდეები სწავლების შინაარსს, ფორმასა და გარემოსთან დაკავშირებით.
კურიკულუმი ხარისხიანი ადრეული და სკოლამდელი განათლების წინაპირობაა. მისი არსებობა ნიშნავს, რომ დაწესებულებას მთლიანობაში და კონკრეტული ჯგუფის საგანმანათლებლო პერსონალს, გაცნობიერებული და გაცხადებული აქვთ, თუ რა პროცესები უნდა წარიმართოს დაწესებულების ფარგლებში, როგორ გარემოში და რა რესურსის გამოყენებით. მეორე მხრივ, კურიკულუმი არის ინსტრუმენტი, როგორც ცოდნის ერთობლიობა, რომლის გამოყენებაც შესაძლებელს ხდის ზემოთ აღნიშნული გაცნობიერებული და გაცხადებული პროცესების წარმართვას.
როგორი კურიკულუმები არსებობს
არსებობს სხვადასხვა ტიპის კურიკულუმების მოდელები. მეცნიერები განსხვავებულ კატეგორიზაციებს გვთავაზობენ. მაგალითად, ერთ შემთხვევაში, კურიკულუმები შეგვიძლია ორ ჯგუფად დავყოთ: დემონსტრირებაზე ორიენტირებულ ან კომპეტენციაზე ორიენტირებულ მოდელებად.
პირველის შემთხვევაში, კურიკულუმი მკაფიოდ განსაზღვრავს მოლოდინებს და აყალიბებს მკვეთრ ჩარჩოს, თუ რა და როგორ უნდა ისწავლებოდეს. ამ მოდელის კურიკულუმებში აქცენტი მიზანზე კეთდება. კომპეტენციაზე ორიენტირებულ მოდელებში წამყვანი პროცესია და, შესაბამისად, ბავშვი, სწავლა-განვითარების პროცესის მონაწილე ხდება.
მეორე შემთხვევაში კი, შეგვიძლია კურიკულუმები სამ ძირითად ჯგუფად დავყოთ იმის მიხედვით, თუ რა როლს ანიჭებენ ისინი უფროსსა და ბავშვს საგანმანათლებლო პროცესში.
პირდაპირ-ინსტრუქციულ კურიკულუმებში საგანმანათლებო პროცესში ბავშვს - მომცრო, წამყვანი როლი კი, უფროსს ენიჭება. ეს მოდელები სტრუქტურირებულ საგანმანათლებლო პროცესს გულისხმობს, უფროსის როლი ბავშვებისთვის კონკრეტული უნარებისა და ფაქტების დასწავლაში გამოიხატება.
სოციალიზაციის კურიკულუმებში ბავშვს წამყვანი როლი ენიჭება, ის არის ძირითადი გადაწყვეტილებების მიმღები, თუ რა, როდის და როგორ აკეთოს, უფროსის როლი კი, მცირედით შემოიფარგლება. აქ საგანმანათლებლო პროცესი არასტრუქტურირებულ თამაშს გულისხმობს და უფროსის როლი მასტიმულირებელი მასალის შეთავაზებაში გამოიხატება.
კონსტრუქტივისტულ კურიკულუმებში ბავშვები და უფროსები თანაბარმნიშვნელოვნები არიან საგანმანათლებლო პროცესში - მათი ჩართულობა მაღალია და თანაბარი. კონსტრუქტივისტული კურიკულუმის მიზანი ბავშვისთვის აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის უნარის განვითარებაა, უფროსის როლი კი - ამ უნარების განსავითარებელი შესაბამისი გამოცდილების ხელშეწყობა.
მსოფლიოში მრავალი კურიკულუმია გავრცელებული. სხვადასხვა ქვეყანას თავისი ნაციონალური კურიკულუმი აქვს. მაგალითად, ახალ ზელანდიას - „ტე ვარიკი“. ასევე არსებობს მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებული მოდელები, მაგალითად, „მონტესორი“-ს კურიკულუმი. კვლევები გვიჩვენებს, რომ შეუძლებელია დადგინდეს ერთი საუკეთესო მოდელი და რომ ბევრი ერთმანეთისგან განსხვავებული მოდელია ხარისხიანი და ეფექტიანი.
თუმცა, ეს კვლევები იძლევა საშუალებას, დიფერენციაცია მოვახდინოთ ხარისხიან კურიკულუმებსა და ისეთ მიდგომებს შორის, რომლებსაც უნდა მოვერიდოთ ადრეულ განათლებაში.
კვლევების მიხედვით, კურიკულუმის ის მოდელები, რომლებშიც აქცენტი მიზანზე უფრო კეთდება, ვიდრე პროცესზე, არ იყენებენ თამაშს, როგორც ბუნებრივ სწავლის პროცესს, უფროსის როლიც, საგანმანათლებლო პროცესში, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბავშვისა, არ ხდება ბავშვის ინტეგრირებულად ჰოლისტური განვითარება, ნაკლებად ხარისხიანია და ადრეულ განათლებაში ამ ტიპის კურიკულუმებს აღარ იყენებენ.
ამის საპირისპიროდ კი რჩება უამრავი კურიკულუმის მოდელი, რომელიც აკმაყოფილებს ხარისხის მოთხოვნებს. არსებობს უამრავი მოდელი, რომელთა დაჯგუფებაც შესაძლებელია. მაგალითად, არსებობს თემატური კურიკულუმები - საგანმანათლებლო პროცესი ბავშვებისთვის საინტერესო თემის ირგვლივ ტრიალებს, სხვადასხვა ტიპის აქტივობები, შერჩეულ თემასთან დაკავშირებით, განსაზღვრული პერიოდით იგეგმება.
საქართველოში არსებული სასკოლო მზაობის პროგრამა „თ.ა.მ.ა.შ.ი.“ თემატური კურიკულუმია, რადგან ის საგანმანათლებლო ჩარჩოდ გვთავაზობს, თემა ბავშვების ინტერესებზე დაყრდნობით შევარჩიოთ, ამ თემის ფარგლებში ინტეგრირებულად ვასწავლოთ და ბავშვები ჰოლისტურად განვავითაროთ.
ასევე საინტერესოა ემერჯენტული კურიკულუმები, რომლებიც ბავშვების ინტერესებს ემყარება. ამ ტიპის კურიკულუმებში აქტივობები წინასაწარ ნაკლებად იგეგმება, საგანმანათლებლო პროცესი მთლიანად მიჰყვება ბავშვებს და მათ ინტერესებს და გეზს იცვლის ყოველთვის, როდესაც ბავშვის ინტერესი იცვლება. მაგალითად, ტყის სკოლა ემერჯენტული კურიკულუმის ერთ-ერთი მოდელია.
კურიკულუმის შერჩევის ან შექმნის პროცესში გადამწყვეტია ცოდნა როგორც თანამედროვე კვლევების, ისე კურიკულუმის განსხვავებული მოდელების შესახებ.
იხილეთ ასევე:
საბავშვო ბაღების კურიკულუმი, ინდიკატორები და განხორციელების სქემა ახალი სტანდარტით
სკოლამდელი განათლების ექსპერტების ხელფასი ინდივიდუალურად განისაზღვრება