დღის თემა
etaloni.ge
რა კითხვები უნდა დაუსვათ სკოლამდელი ასაკის ბავშვს - „რა მოხდება, თუ ჭამის წინ ხელების დაბანა დაგვავიწყდება?“
29.03.2023

უფროსებს ხშირად თავად გვინდა განვსაზღვროთ, რა არის ბავშვისთვის უმჯობესი, რა ჩაიცვას, რა შეჭამოს, რითი და როგორ ითამაშოს, მაგრამ, მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ როცა მუდმივად ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებებს ბავშვის ნაცვლად, ამით ხელს ვუწყობთ უფრო ხშირი კონფლიქტური სიტუაციების აღმოცენებას და თან, არ ვაძლევთ ბავშვს შესაძლებლობას, იფიქროს თავად, გააკეთოს არჩევანი და გააცნობიეროს მიღებული გადაწყვეტილების თანმდევი შედეგები, - წერია განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ, გაეროს ბავშვთა ფონდის და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, 2022 წელს გამოშვებულ სახელმძღვანელოში, „პოზიტიური მშობლობა“.

ამავე პუბლიკაციაში მოცემულია რჩევები, რომელიც ბავშვებში გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების წახალისებისთვის გამოგადგებათ.

ჩართეთ ბავშვი დაგეგმვის პროცესში. მაგალითად, უთხარით, რომ თავისუფალი დრო გაქვთ და შეგიძლიათ მასთან ერთად გაატაროთ დრო. ჰკითხეთ: „რა შეიძლება გავაკეთოთ? დამეხმარე, რომ ერთად მოვიფიქროთ“. შეეცადეთ, ბავშვმა თავად დაასახელოს რამდენიმე შესაძლებლობა და შემდეგში შეარჩიეთ ერთ-ერთი მათგანი.

ითამაშეთ თამაში: „რა მოხდება, თუ“. იმისთვის, რომ ბავშვმა ისწავლოს ეფექტური გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, მნიშვნელოვანია, რომ შეეძლოს მოსალოდნელი შედეგების გათვალისწინება. ამ თამაშით შესაძლებელია ისეთი მნიშვნელოვანი სააზროვნო უნარების წახალისება, როგორიცაა მიზეზ-შედეგობრიობა. შეგიძლიათ, ჰკითხოთ: „რა მოხდება, თუ იწვიმებს და ქოლგა ან საწვიმარი არ გვექნება?“, „რა მოხდება, თუ ჭამის წინ ხელების დაბანა დაგვავიწყდება?“

დაეხმარეთ ბავშვს გააცნობიეროს კონკრეტული ქმედების შედეგები. შესაძლოა წინასწარ ვიცოდეთ, რა შედეგით შეიძლება დასრულდეს ბავშვის ესა თუ ის მოქმედება და წინასწარ ვუთხრათ, გავაფრთხილოთ ამის შესახებ. თუმცა, ხშირად ჩვენი მცდელობა, დავანახოთ ბავშვს მოსალოდნელი შედეგები, არაეფექტურია. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ბავშვები, ისევე როგორც უფროსები, საკუთარი გამოცდილებით უფრო მეტს სწავლობენ, ვიდრე მოსმენით. მაგალითად, თუ ხედავთ, რომ ბავშვი ცდილობს, ერთდროულად ბევრი სათამაშო დაიჭიროს ხელში, წინასწარი გაფრთხილების ნაცვლად, ბევრი სათამაშო გიჭირავს და დაგიცვივდება, მიეცით შესაძლებლობა, თავად დაინახოს მომხდარი შედეგი. ხოლო შემდეგ, შენიშვნისა და საყვედურის გარეშე, დაეხმარეთ სიტუაციის გაანალიზებაში. ჰკითხეთ: რისი გაკეთება შეიძლება, სათამაშოები ძირს რომ არ დაგეყაროს?

იხილეთ ასევე:

როგორ დავეხმაროთ სკოლამდელი ასაკის ბავშვებს შემეცნების განვითარებაში - რეკომენდაციები

„არ მიიყვანოთ ბავშვი ასეთ ბაღში“ - „ველური მეთოდები“ და პროგრამაში გაწერილი რჩევები

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი