მოიმარაგეთ საღებავი, რომელიც სიბნელეში ანათებს - „მანათობელი“ აქტივობის რეკომენდაციები საბავშვო ბაღებისთვის
ბაგა-ბაღებისთვის გაეროს ბავშვთა ფონდისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ შემუშავებულ სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამაში მოცემულია აქტივობები, რომლებიც თვალისწინებს არა მხოლოდ ცალკეული უნარების განვითარებას, არამედ ბავშვის პიროვნული განვითარების ხელშეწყობასაც. პროგრამაში შესულია ისეთი თემები და აქტივობები, რომელიც ბავშვის სოციალური და ემოციური კომპეტენტურობის ზრდას უწყობს ხელს.
აქტივობათა წიგნში განხილულია ციცინათელების თემა. როგორ უნდა გააცნოს საბავშვო ბაღის აღმზრდელმა პატარებს ეს მანათობელი არსებები და წარმართოს აქტივობა, აქ მოგიყვებით.
დილის წრე
- მოიმარაგეთ ასანთი ან სხვა სინათლის წყარო. აანთეთ. უთხარით რომ არსებობს არსება, რომელიც სინათლის წყაროს თვითონ წარმოქმნის.
- აჩვენეთ ციცინათელას სურათები. დაითვალეთ მისი ფეხები, ანტენები და სხვა.
ხელოვნება
- მოიმარაგეთ საღებავი, რომელიც სიბნელეში ანათებს და სთხოვეთ ბავშვებს ციცინათელების დახატვა.
- ბავშვებმა თიხისგან ციცინათელები გამოძერწონ და კუდთან ბრჭყვიალა ქვები მიამაგრონ.
მუსიკა და მოძრაობა
- ერთ-ერთ ბავშვს მიეცით ფარანი. ჩააბნელეთ ოთახი, რამდენადაც შესაძლებელია. ბავშვი დაიმალოს და უცბად აანთოს და ჩააქროს ფარანი. ვინც პირველი იპოვის მას, გახდება შემდეგი „ციცინათელა“.
- დაურიგეთ ბავშვებს ფარნები. ხან მოკლე და ხანაც ხანგრძლივი დროით გაანათონ ბნელ ოთახში და იცეკვონ მუსიკის თანხლებით.
სამაგიდო
- ათამაშეთ მწერების კონცენტრაციის მემო თამაში.
- წინასწარ დახატეთ და გამოჭერით რამდენიმე ციცინათელა. მათი კუდები თეთრიდან მუქ ყვითლამდე გააფერადეთ. სთხოვეთ ბავშვებს, ციცინათელები მათი კუდების ფერის სიმუქის მიხედვით დაალაგონ, ყველაზე ღია ფერიდან ყველაზე მუქამდე.
წიგნიერება
- წაუკითხეთ: „სალამურა“.
- შეახსენეთ, როგორ ნათებას ჰქვია ციმციმი?
კონსტრუქციული
- ბავშვებმა კუბურებით ააშენონ ციცინათელების სახლები.
საღამოს წრე
- ჰკითხეთ ბავშვებს, რა ისწავლეს ციცინათელების შესახებ და რომელი აქტივობა მოეწონათ ყველაზე მეტად.
იხილეთ ასევე:
მოუყევით ბავშვებს ჭიანჭველების ცხოვრების შესახებ - საბავშვო ბაღში ჩასატარებელი აქტივობის დეტალები
აღმზრდელს შეუძლია ბავშვებს დაეხმაროს თოჯინების თეატრის შექმნაში - აქტივობა, რომელიც პატარებში მრავალმხრივ უნარებს ავითარებს