დღის თემა
etaloni.ge
29 ლარიანი ვარდისფერი ვირი, 36 ლარიანი რეზინის თოჯინა - რა ღირებულების სათამაშოები გადაეცა 26 საბავშვო ბაღს
28.03.2023

თერჯოლის სკოლამდელი აღზრდის მუნიციპალურმა ცენტრმა საბავშვო ბაღებისთვის სათამაშოები შეიძინა.

მუნიციპალიტეტში არსებული 26 საბავშო ბაღის სხვადასხვა დასახელების სათამაშოებისთვის ტენდერი 15 თებერვალს გამოცხადდა. ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო და მასთან კონტრაქტი 13 მარტს გაფორმდა.  

სულ 15 სახეობის 54-54 ცალი სათამაშო შეიძინეს, რაც 27 000 ლარი დაჯდა.

სათამაშოების ჩამონათვალი და სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ტექნიკური მახასიათებლები ასეთია:  

  1. ხის კუბიკები ვედროთი, ფორმების დამახარისხებელი თავსახურით, რომელიც დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალური ხის მასალისგან, შედგება 100 ნაწილისაგან, შეიცავს სხვადასხვა ფორმის ფიგურებს, რომლებიც ხელს უწყობს ლოგიკური აზროვნების განვითარებას. თითოეულ ნაკრებში ქალაქის ბიუჯეტიდან 49 ლარი გადაიხადეს.
  2. „სამზარეულო“ შექმნილია მყარი მასალისგან, რომელიც უსაფრთხო და მრავალფუნქციურია. განკუთვნილია 2 წლის ზევით ბავშვებისთვის და თითოეულის ღირებულება 43 ლარია.
  3. გეომეტრიული ფიგურები, რომელიც შექმნილია ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალური ხისგან, შეიცავს სხვადასხვა ფორმის ფიგურებს: სამკუთხედებს, პირამიდებს, კუბებს და სხვა. ამ სათამაშო ნაკრების ღირებულება 36 ლარია.
  4. კეგლი/ბოულინგის ნაკრები ზომით 29x29x28 სმ, შედგება ექვსი ნათელი ფერის კეგლისაგან და ერთი ბურთისაგან, რომლებიც ფიქსირდება სტენდით და მისი ღირებულება 19 ლარია.
  5. რეზინის ბურთი ნაჭრის ზედაპირით, ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი ხარისხის პროდუქტი ფერების არჩევანით. 1 ცალის ღირებულება 24 ლარია.
  6. ჭურჭლის მეტალის ვერცხლისფერი ნაკრები, რომელიც არის ეკოლოგიურად სუფთა და ბავშვებისთვის ანტიალერგიულია. ნაკრები შეიცავს ქვაბს, ტაფას, სამზარეულოს, სხვადასხვა სახის კოვზს და სხვა. თითოეული ნაკრების ღირებულება 45 ლარია.
  7. სადურგლო პლასტმასის ნაკრები, რომლის შემადგენლობაში შედის ჩაფხუტი და შვიდი სახეობის ხელსაწყო. მათ შორის: ხერხი, ჩაქუჩი, კუთხოვანა და ა.შ. ხელსაწყოები მოთავსებულია სარტყელში, რომელსაც აქვს სპეციალური დანაყოფები. თითოეული ნაკრების შეძენა მუნიციპალიტეტს 25 ლარი დაუჯდა.
  8. პლასტმასის სამედიცინო ჩემოდანი, რომელიც არის ეკოლოგიურად სუფთა, ბავშვებისთვის ანტიალერგიულია. ნაკრების შემადგენლობაში შედის მაკრატელი, თერმომეტრი, სათვალე, ფონეიდოსკოპი, ლანგარი. თითოეულის ფასი 26 ლარია.
  9. პლასტმასის სამაშველო პოლიციის მანქანა განათებითა და ხმის ეფექტებით, 56 ლარად შეიძინეს.
  10. წითელი პლასტმასისგან დამზადებული სახანძრო ავტომობილი, რომელიც დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან, 29 ლარი დაჯდა.
  11. 34 სანტიმეტრის სიმაღლის რეზინის თოჯინა, რომელსაც აქვს თავი, მოძრავი ხელები და ფეხები, 36 ლარად შეიძინეს.
  12. გარეული ცხოველების ნაკრები, რომელშიც წარმოდგენილია 10 სახეობის ცხოველი, 29 ლარად შეიძინეს.
  13. ქაღალდის ფაზლის, ფერმა, რომელიც 48 დეტალისგან შედგება და ზომა 90/60 სმ-ია, 35 ლარი დაჯდა.
  14. რეზინის ღია ვარდისფერი და ცისფერი ვირის შეძენა, რომლის სიმაღლე 45 სმ-ია, სიგანე - 56 სმ და სიგრძე - 27 სმ, 29 ლარი დაჯდა.
  15. სატვირთო მანქანაში ზომით 31×20×19, 19 ლარი გადაიხადეს.

„თერჯოლის მუნიციპალიტეტში სულ 1500  სკოლამდელი ასაკის ბავშვია რეგისტრირებული. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ 26 საბავშვო ბაღში, დღეის მდგომარეობით, შესაძლებელია 1 300 ბავშვის სწავლება, ხოლო 200 ბავშვი მოკლებულია შესაძლებლობას, ისარგებლოს შესაბამისი მომსახურებით. 26 საბავშვო ბაგა-ბაღში ფუნქციონირებს 54 საამღზრდელო ჯგუფი 477 თანამშრომლით. მათ შორის, 93 აღმზრდელია და 92 - აღმზრდელის თანაშემწე. სააღმზრდელო პროცესს გადის 938 სკოლამდელი ასაკის აღსაზრდელი, აქედან 455 გოგო და 483 ბიჭი“, - წერია თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში, რომელიც 2023 წლის ბიუჯეტს ეხება.

იხილეთ ასევე:

ექსპერტს, რომელიც საბავშვო ბაღს შეამოწმებს, ეკრძალება საჩუქრისა და სხვა სარგებლის მიღება - ეთიკის კოდექსი

აღსაზრდელის ბებიამ საბავშვო ბაღში მასტერკლასი ჩაატარა და პატარები სიგელებით დააჯილდოვა

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი