განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო ტექნიკური დახმარებით, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების კურიკულუმის ჩარჩოს“ პროექტის განხილვის მიზნით შეხვედრა გაიმართა.
როგორც განათლების ხარისხის ცენტრი იტყობინება, შეხვედრაზე განიხილეს როგორც საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილება და საკანონმდებლო რეგულაციები, ასევე, თავად კურიკულუმის ჩარჩოს პროექტი:
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტით მოითხოვება დეკლარირებული კურიკულუმის/კურიკულუმის ჩარჩოს წარდგენა... დაიგეგმა და განხორციელდა კურიკულუმის ჩარჩოს შემუშავებისა და ჩარჩოს შევსების გზამკვლევის შექმნის პროექტი. შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა შემუშავებული დოკუმენტი, რომელიც პრაქტიკულობის თვალსაზრისით განიხილეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა, საბავშვო ბაღების პრაქტიკოსებმა და სფეროს ექსპერტებმა“.
შეხვედრაზე შეთანხმდნენ კურიკულუმის ჩარჩოს ძირითადი ელემენტების ჩამონათვალზე, მისი შევსების სავალდებულო ან სარეკომენდაციო ხასიათზე შემუშავებული ან ჰიბრიდული კურიკულუმის შემთხვევებში და სხვა.
„დამსწრე საზოგადოების შეფასებით, შეხვედრაზე განხილული საკითხები და გაზიარებული რეკომენდაციები ძალზედ მნიშვნელოვანია სფეროს განვითარებისთვის. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი განაგრძობს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ხელშემწყობი პროექტების განხორციელებას“, - იტყობინება განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი, რომელიც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესს კურირებს.
იხილეთ ასევე: