დღის თემა
etaloni.ge
როგორ უნდა შეუწყოს ხელი ბაღის აღმზრდელმა ბავშვებს დამეგობრებაში - კონკრეტული რეკომენდაციები
27.03.2023

საბავშვო ბაღში პატარების მშვიდად ყოფნის ერთ-ერთი წინაპირობა ჯგუფში მეგობრების ყოლაა. როგორ უნდა შექმნას აღმზრდელმა მეგობრული გარემო 3-4 წლის ასაკის პატარების ჯგუფში, ამის შესახებ კონკრეტული რეკომენდაციები ბაგა-ბაღებისთვის გაეროს ბავშვთა ფონდისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ შემუშავებულ სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამაშია მოცემული.

დილის წრე

  • ესაუბრეთ ბავშვებს მეგობრობის შესახებ, ყურადღება გაამახვილეთ: რას აკეთებენ მეგობრები ერთმანეთისთვის, როგორ ზრუნავენ ისინი ერთმანეთზე.

ხელოვნება

  • ხატვა მეგობართან ერთად. გააკარით კედელზე ძველი შპალერის ქაღალდი სიგანეზე და წაახალისეთ ბავშვები ერთმანეთის გვერდიგვერდ ხატონ.
  • მეგობრის პორტრეტი. დააწყვილეთ ბავშვები და სთხოვეთ, ადგნენ და დააკვირდნენ მეწყვილეს. უთხარით, თითოეული ახლოდან დააკვირდეს მეგობარს: დაიმახსოვროს რა ფერის და როგორი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი აცვია, რა ფერის თვალები და თმა აქვს, რა სიგრძის თმა აქვს ან როგორ აქვს შეჭრილი და ა.შ. სთხოვეთ ბავშვებს, დახატონ მეწყვილეები და მასწავლებლის დახმარებით მიაწერონ, ვის მიერ არის დახატული.

მოძრაობა

  • ბავშვები დგებიან წრეში, ასახელებენ მეგობრის სახელს და მხოლოდ ამის შემდეგ უგდებენ ბურთს.
  • მეგობართან ცეკვა. წაახალისეთ ბავშვები, იცეკვონ წყვილებში: ხელჩაკიდებულებმა, ერთად გაძვრნენ თაღში, ერთად ახტნენ. წაახალისეთ ბავშვები, მოიფიქრონ, კიდევ რა მოძრაობები შეიძლება გააკეთონ ერთად.

წიგნიერება/მეტყველება

  • წაუკითხეთ წიგნიერების დანართიდან: „დათუნია დრუნჩა“, „საქანელა“ - 3-4 პროსოციალური ქცევა. ჰკითხეთ, რომელს შეეძლო მეგობრებისთვის რაღაცის გაზიარება, დათუნიას თუ მელიას. შეეცოდათ დათუნია, თვითონ რომ აღარაფერი დარჩა?

შესთავაზეთ, დახატონ „დათუნია დრუნჩას“ პერსონაჟები და ყველას გაუნაწილონ თაფლი, მათ შორის დრუნჩასაც.

კონსტრუქციული

  • მეგობრობის ხალიჩა - თანამშრომლობა. წინასწარ მოიმარაგეთ პატარა ზომის ხალიჩები და ასაწყობი მასალა - ლეგო, ფაზლი ა.შ. ერთმანეთისგან მოშორებით დააფინეთ პატარა ხალიჩები, თითოეულზე მოათავსეთ ასაწყობი მასალა. წაახალისეთ, წყვილი ჩამოჯდეს ერთ ხალიჩაზე და ითამაშონ ისე, რომ ერთმანეთს ნივთები გაუზიარონ.

მეცნიერება

  • მეგობრის ანაბეჭდები. წინასწარ მოიმარაგეთ: საღებავი, ქაღალდი, ფლომასტერი, გამადიდებელი შუშა. წაახალისეთ ბავშვები, ისაუბრონ იმაზე, რით ჰგვანან და რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. აუხსენით, რომ თითის ანაბეჭდები, მართალია, ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ არც ერთი ზუსტად ერთნაირი არ არის. ჩამოწერეთ ქაღალდზე ბავშვების სახელები. წაახალისეთ ბავშვები, ჩააწონ მელანში თითი და საკუთარი სახელის ქვეშ თითის ანაბეჭდი დატოვონ. შემდეგ მიეცით საშუალება, დააკვირდნენ ანაბეჭდებს გამადიდებელი შუშით, რომ დარწმუნდნენ განსხვავებაში.

კულინარია

  • მეგობრული სამხარი - „ბოსტნეულის სალათი“. წინასწარ მოიმარაგეთ მოხარშული ბოსტნეული - კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი. სთხოვეთ ბავშვებს, დაჭრან, ერთმანეთში აურიონ და ერთმანეთს გაუმასპინძლდნენ.

საღამოს წრე

  • ჰკითხეთ, რა გაიგეს ახალი მეგობრობაზე?
  • რატომ არის მნიშვნელოვანი მეგობრების ყოლა?
  • დაახასიათონ, როგორი უნდა იყოს კარგი მეგობარი, დაფიქრდნენ, თავად თუ არიან ასეთები?

იხილეთ ასევე:

როგორ უნდა დაეხმაროს პატარას საბავშვო ბაღის აღმზრდელი მეგობრების შეძენაში

„ბაღის აღმზრდელმა ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოს პოლიციას“ - სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტის რეკომენდაციები

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი