სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან კოგნიტურ და შემოქმედებით უნარებთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია მსხვილი მოტორული უნარების განვითარება, - აღნიშნულია გაეროს ბავშვთა ფონდისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ შემუშავებულ სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამაში.
აქტივობათა წიგნის მიხედვით, სხეულის მრავალმხრივი გამოყენება თამაშისა და სწავლის პროცესში გააუმჯობესებს კოორდინაციას, დაეხმარება ბავშვს დაარეგულიროს და ისწავლოს სხეულის კონტროლი, გააძლიეროს სხეული, გახდეს თვითდაჯერებული. მოძრაობა ეხმარება ბავშვს სტრესის შემცირებაში, ენერგიის გამოთავისუფლებაში, განცდების გამოხატვაში, ყურადღებისა და კონცენტრაციის უნარის გაზრდაში.
სკოლამდელი ასაკის ბავშვმა უნდა ირბინოს, იაროს თითის წვერებზე, იხტუნოს ცალი და ორივე ფეხით, იაროს წინ და უკან, ავიდეს კიბეზე, შეინარჩუნოს წონასწორობა ცალ-ცალ ფეხზე, ახტეს, დაარტყას ბურთს ფეხი, ისროლოს და დაიჭიროს ბურთი.
ბავშვებს საკმარისი სივრცე უნდა ჰქონდეთ სამოძრაოდ, სხეულის გამოსაცდელად, დასამალად, მაღლა ასასვლელად, ქვეშ შესაძრომად, ასაძრომად, როგორც ოთახში ასევე ეზოში.
ჯგუფური მოძრაობითი თამაშები კი ჯგუფის მიკუთვნებულობის განცდას ზრდის. მრავალფეროვანი მოძრაობის სტიმულირებისთვის უნდა გქონდეთ ჰულა-ჰუპი, დიდი და პატარა ბურთები, სასრიალო, სათამაშოები, რომელიც წონასწორობის დაცვას მოითხოვს, ასაძრომი და საქანაო მოწყობილობები.
სიმღერები ბავშვებს ახალისებს და ძალიან კარგი საშუალებაა სხვადასხვა სასწავლო პროცესში ჩასართავად. ასევე, ერთი საქმიანობიდან მეორეზე ყურადღების გადასატანად.
თანამედროვე კვლევებმა ნეირომეცნიერებაში გვიჩვენა, რომ მუსიკა ენის დასწავლასა და მეხსიერების განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. სიმღერის საშუალებით ბავშვები ადვილად იმახსოვრებენ სიტყვებს.
სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამის მიხედვით, აღმზრდელმა უნდა წაახალისოს ბავშვები, ყურადღებით მოუსმინონ სხვადასხვა ხმებს: მაგალითად, ქაღალდის შრიალს, გასაღების ჟღარუნს, წყლის წვეთის ხმას და ა.შ.
იხილეთ ასევე:
მუსიკა საბავშვო ბაღში - მოიწვიეთ მუსიკოსი, გამოიყენეთ მუსიკალური ინსტრუმენტი თხრობის გასახალისებლად