დღის თემა
etaloni.ge
როგორ უნდა მოამზადოს და რა უნდა გაითვალისწინოს ბაღის აღმზრდელმა ბავშვის პორტფოლიოს შექმნისას - „ეს არ არის უბრალო ანგარიში და ბავშვის აღწერა აწმყოში“
23.03.2023

ბაღის აღმზრდელებმა რომ უნდა მოახდინონ ბავშვების მიერ შესრულებულ სამუშაოს დოკუმენტირება, ამის შესახებ უკვე გიამბეთ.

ბაღის აღმზრდელებმა უნდა მოახდინონ ბავშვების მიერ შესრულებულ სამუშაოს დოკუმენტირება

ბავშვების ნამუშევრების დოკუმენტირება მრავალფეროვანი საშუალებებით წარმოადგენს ადრეული ასაკის ბავშვების კომპეტენციისა და ინტელექტუალური შესაძლებლობების მნიშვნელოვან თვალსაჩინო მტკიცებულებას. ამ ნამუშევრებისა და განვითარების დოკუმენტირების ერთ-ერთი ეფექტური გზა კი ბავშვების პორტფოლიოების შექმნაა.

საბავშვო ბაღის აღმზრდელის სახელმძღვანელოს მიხედვით, პორტფოლიო წარმოადგენს ბავშვის მიერ განვლილი სასწავლო გზის ავთენტურ და ინდივიდუალიზებულ აღწერას. მასში თვალსაჩინოდ არის წარმოდგენილი ბავშვის უნიკალური შესაძლებლობები, მიღწევები და განვითარება ავთენტური ნიმუშების საშუალებით.

პორტფოლიოს შექმნა მთელი წლის განმავლობაში მიმდინარე უწყვეტი პროცესია. მას დროდადრო ემატება ინფორმაცია და სხვადასხვა ნამუშევარი. პორტფოლიოს მნიშვნელოვანი მახასიათებელია ის, რომ იგი ასახავს ბავშვის ზრდას და  მიღწევებს მოცემული დროის განმავლობაში. ეს არ არის უბრალო ანგარიში და ბავშვის აღწერა აწმყოში, იგი ასახავს ბავშვის განვითარების ამბავს დღევანდელ დღემდე.

პორტფოლიო შეიძლება სხვადასხვა ფორმის იყოს. ის შეიძლება წარმოდგენილი იყოს ყუთის, აკორდეონივით დაკეცილი ფაილების, ფოლდერების, ბაინდერების, ფოტოალბომის სახით ან ზემოაღნიშნული ნივთების სხვადასხვა კომბინაციის სახით.

ბავშვის პორტფოლიო შეიძლება შეიცავდეს ეპიზოდურ ჩანაწერებს, ფოტოსურათებს, ხელოვნების ნამუშევრებს, ამბებს და ბავშვების სხვა ნამუშევრებს. სურათები შეიძლება იყოს გადაღებული სხვადასხვა სიტუაციაში, როდესაც ბავშვი თამაშობს კუბებით, მონაწილეობს მეცნიერულ კვლევაში თუ როლურ თამაშში.

ბავშვს შეიძლება გადავუღოთ ფოტოები დასრულებულ სამგანზომილებიან პატარა პროექტებთან, ასევე წიგნის კითხვისას, დიდი ზომის ნახატების ხატვისას, ფაზლების დამოუკიდებლად აწყობისას, რომელსაც იქვე აღნიშნული უნდა ჰქონდეს მისი ნაწილების რაოდენობა ან სირთულე, ნებისმიერი აქტივობისას, რომლითაც ბავშვმა ყველაზე მეტად ისიამოვნა. ბავშვის ფოტოები წლის დასაწყისში და წლის ბოლოს და ა.შ.,

ფოტოები მიეკვრება ქაღალდზე, რომელზედაც გაკეთდება მოკლე ჩანაწერი იმის აღნიშვნით, თუ რას აკეთებდა და რას ამბობდა ბავშვი ამ აქტივობის განხორციელებისას. აღმზრდელმა ასევე შეიძლება გადაუღოს ფოტოები განსაკუთრებულად დიდ ან მასიურ ხელოვნების ნამუშევრებს ან სხვა პროექტებს, რომლებიც სხვაგვარად ვერ მოთავსდება პორტფოლიოში. ბავშვების ნამუშევრის რეალურ ნიმუშად აღმზრდელმა შეიძლება გამოიყენოს ხელოვნების პროექტები, მათ შორის, ნახატების ნიმუშები. წლის განმავლობაში ორჯერ ან მსგავსი პროექტის შედეგად შექმნილი ნიმუშების წარმოდგენა ბავშვის განვითარების ნათელი მაგალითი იქნება.

მნიშვნელოვანია „ნაწერი“ ნიმუშების გამოყენებაც, რომლებიც წერის საწყის უნარებს ასახავს. წერის მცდელობები შეიძლება მოიცავდეს სახელების წარწერებს, ეტიკეტებს ან სხვა ნიმუშებს. თითოეულ ნიმუშზე მითითებული უნდა იყოს აქტივობის თარიღი. კარგი იქნება ასევე აქტივობის მიზნის მითითება პორტფოლიოს თითოეული გვერდის უკანა მხარეს.

მშობლები პორტფოლიოს მასალის ნახვისას მიხვდებიან აქტივობის მიზანსაც. ამის გაკეთების ერთ-ერთ გზას კი წარმოადგენს ბევრი ეტიკეტის დაბეჭდვა. ეტიკეტებზე მითითებული იქნება სწავლისა და განვითარების დაკვირვებადი შედეგები. წინასწარ გამზადებული ეტიკეტებიდან აღმზრდელი ამოარჩევს აქტივობის შესაბამისი შედეგების ეტიკეტს და მიაკრავს პორტფოლიოს გვერდის უკანა გვერდზე.

დოკუმენტირების აღნიშნული მეთოდის ერთ-ერთი უპირატესობაა ის, რომ მისი გამოყენებით ბავშვებს შეუძლიათ აქტიურად ჩაერთონ პორტფოლიოს შედგენის პროცესში და თავად აირჩიონ პორტფოლიოში შესატანი მასალა. ეს, თავის მხრივ, ხელს უწყობს ბავშვების დამოუკიდებლობის ხარისხისა და თვითშეფასების ამაღლებას, ასევე გადაწყვეტილების მიღების უნარის განვითარებას - ბავშვები თავად გადაწყვეტენ, რა არის ღირებული და მნიშვნელოვანი მათთვის, რისი გამოჩენით და გაზიარებით იამაყებენ.

პორტფოლიოები ეფექტური და სასარგებლო საშუალებაა აღმზრდელებისთვის თითოეული ბავშვის უნიკალური გამოცდილების, ინტერესების, ძლიერი მხარეებისა და განვითარების აღსაბეჭდად.

იხილეთ ასევე:

აღმზრდელს შეუძლია ბავშვს გადაუღოს ვიდეო და ამის მიხედვით აწარმოოს დაკვირვება მასზეც და საკუთარ თავზეც

მეთოდოლოგიური მასალები, სახელმძღვანელო დოკუმენტები, სტანდარტების გზამკვლევი - რა გადაეცემათ საბავშვო ბაღებს მიმდინარე წელს

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი