დღის თემა
etaloni.ge
„ბაღის აღმზრდელმა ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოს პოლიციას“ - სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტის რეკომენდაციები
23.03.2023

„არსებობენ მოძალადე ოჯახები, თუმცა მხოლოდ მოძალადე ოჯახები არ ქმნიან ძალადობრივ გარემოს. ძალადობრივ გარემოს ასევე შეიძლება ქმნიდეს სკოლამდელი დაწესებულება, იქ მომუშავე ადამიანები და ბავშვები იყვნენ ძალადობის უნებლიე მსხვერპლნი“, - ამის შესახებ საბავშვო ბაღების ავტორიზაციის სტანდარტებისთვის მოსამზადებელი კურსის ონლაინ შეხვედრაზე სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტმა, ეიბიჯიეს აკადემიის სერტიფიცირებულმა ტრენერმა, ელზა უდესიანმა განაცხადა.  

უდესიანის განცხადებით, საქართველოში ბავშვთა ძალადობასთან დაკავშირებით არასახარბიელო გარემოა, რასაც კვლევები ადასტურებს - გამოკითხულთაგან ყოველი მეორე პასუხობს, რომ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ისინი შედეგიანად თვლიან აღზრდის ძალადობრივ ფორმებს. ისინი კი, ვინც თავად იყვნენ ძალადობის მხსხვერპლნი, შემდგომში თვითონ ხდებიან მოძალადეები და ძალადობა ისევ ძალადობას შობს.

„არაძალადობრივი გარემოში ბავშვს პატივს სცემენ, მისი აზრები მისაღებია, ბავშვს არ აშინებენ, არ უყვირიან და ის თავს დაცულად გრძნობს. ძალადობის ფორმებია ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური ძალადობები, ბავშვის იძულება და უგულვებელყოფა.

ფიზიკურ ძალადობაში მოიაზრება ცემა, თმის მოქაჩვა, ჩქმეტა, კბენა ბავშვებისა ერთმანეთის მიმართ, ხელის მაგრად მოჭერა, დაჯანჯღარება - ყველა ის ქმედება, რომელიც ბავშვს აყენებს ტკივილს. დაუშვებელია, როდესაც მასწავლებელი სწრაფად ჰკიდებს ბავშვს ხელს და მიათრევს სადღაც. დაუშვებელია, როდესაც მას ზურგზე ვექაჩებით და ვაჯანჯღარებთ, დაუშვებელია, როდესაც თმაზე ვკიდებთ ხელს და ვქაჩავთ. დაუშვებელია, ყველანაირი ფიზიკური ძალადობა, რაც ტკივილს აყენებს ბავშვს.

ფსიქოლოგიურ ძალადობაში მოიაზრება შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა, შედარება - როდესაც ერთ ბავშვს ვადარებთ მეორეს და ეს ხდება დამამცირებელი ფორმით და ყველა ის ქმედება, რაც იწვევს ბავშვის ღირსებისა და პატივის შელახვას. ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა ასევე დაშინებაც, რომელმაც შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ბავშვის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე.

სექსუალური ძალადობა - სექსუალური კავშირის დამყარება ან სხვა გარყვნილი ქმედებაა და ისეთი სახის ქმედებები, რომელიც შეიძლება განახორციელონ მშობლებმა ან სკოლამდელ დაწესებულებაში მომუშავე აღმზრდელებმა. მაგალითად, უყუროთ ეროტიკულ ფილმს, რომელზეც ვინმეს ესაუბრებით და იცინით...

ბავშვის იძულება - როდესაც ბავშვის სურვილის საწინააღმდეგო ქმედებებს ვახორციელებთ როგორც სკოლამდელ დაწესებულებაში, ასევე ოჯახში. როდესაც ვაძალებთ, რომ პურის ნაჭერი ან კარაქიანი პური, რომელიც მას ხელში უკავია, აუცილებლად ბოლომდე დაამთავროს. ამ დროს ვხედავთ, რომ ბავშვს არ უნდა... ან ვაძალებთ ისეთ საკვებს, რომელზეც კატეგორიულად უარს ამბობს. ასევეა ძილის შემთხვევაში, როდესაც ვაიძულებთ ბავშვს, რომ მან დაიძინოს... 2-3 წლიან ჯგუფებში ვცდილობთ, ყველა ბავშვი დავაძინოთ, ვაიძულოთ, რომ დახუჭონ თვალები. ეს არის ძალადობა და მისი უფლებების დარღვევაა. დაუშვებელია, ვაიძულოთ ბავშვს მისი ნების, მისი სურვილის საწინააღმდეგო ქმედებები განახორციელოს სხვადასხვა აქტივობის დროს. მაგალითად, დავაძალოთ, რომ აუცილებლად იმღეროს, აუცილებლად იცეკვოს. წაიკითხოს ლექსი. ეს მისი უფლებების დარღვევაა... მაგალითად, ზეიმზე, ბავშვი დგას სცენაზე მისი ნების საწინააღმდეგოდ და იძულებულია, ჩაერთოს, მაგალითად, ცეკვის ფერხულში.

ეკონომიკური ძალადობა - როდესაც შეიძლება შევუზღუდოთ ბავშვებს საცხოვრებელი და სხვა პირობებით უზრუნველყოფა. შეიძლება ოჯახს ჰქონდეს საშუალება, შეუძინოს ბავშვს წიგნები და სათამაშოები, მაგრამ ამას არ აკეთებდეს. ასევე, მრავალფეროვანი საკვებით უზრუნველყოფა შეეძლოს, მაგრამ ასე არ იქცეოდეს.

უგულვებელყოფა - ბავშვის ფსიქოლოგიური და ფიზიკური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა. მაგალითად, ბავშვი არის მუდამ დაუბანელი, თმადაუვარცხნელი, მოუვლელი, დიდი ხნის განმავლობაში აცვია ერთი და იგივე ტანსაცმელი, რომელიც არის ასევე მოუვლელი, არ აცვია სეზონის შესაბამისად, არ აქვს ჩატარებული აცრები. ავადმყოფობის შემთხვევაში არ მიმართავენ ექიმს... ესეც ძალადობაა ბავშვზე“, - ამბობს უდესიანი.

რაც შეეხება ნიშნებს, თუ როგორ უნდა ამოვიცნოთ, რომ ბავშვი განიცდის ძალადობას, სპეციალისტი შემდეგ ჩამონათვალს აკეთებს:

„ბავშვი, რომელიც ძალადობის ქვეშ არის, ზედმეტად აღგზნებულია ან დათრგუნული. ახასიათებთ აგრეთვე ხასიათის უეცარი ცვლილება - ბავშვი, რომელიც იყო ძალიან მხიარული, უცბად შეიძლება გახდეს მოწყენილი, მუდმივად უნდოდეს განმარტოება და გაურბოდეს როგორც უფროსებს, ასევე მის თანატოლებს, არ უნდოდეს სახლში დაბრუნება ან მუდმივად მოუვლელი მოდიოდეს ბაღში, ჰქონდეს ფიზიკური დაზიანებები“.

რა შემთვევაში უნდა მიიტანოს აღმზრდელმა ეჭვი, რომ პატარა მშობლის მხრიდან ძალადობის მსხვერპლია? ელზა უდესიანის თქმით, ამ ეჭვის საფუძველს იძლევა ის, რომ ბავშვზე ფიზიკური ტრავმის დანახვისას მშობელი ან მეურვე არაადექვატურად იქცევა ან არაადექვატურად პასუხობს, ხშირად ცვლის თავის მონათხრობს ან ეს მონათხრობი არ ემთხვევა სხვა მოწმეების ნათქვამს.

„ასეთ დროს უნდა დავინტერესდეთ და ეს ინფორმაცია მივაწოდოთ სკოლამდელ დაწესებულებაში ამ საკითხებზე პასუხისმგებელ პირს, მათთან ერთად გააანალიზოთ და მიიღოთ ზომები. თუ ეჭვი დადასტურდება, უნდა დაიწყოთ რეფერირების პროცედურები და მიაწოდოთ შესაბამის ორგანოებს, მათ შორის, პოლიციასაც. ბავშვმა უნდა იგრძნოს მხარდაჭერა. აღმზრდელმა უნდა ესაუბროს, უსაფრთხოების განცდა შეუქმნას და - არაძალადობრივი გარემო“, - უთხრა ტრენერმა ბაღის აღმზრდელებს ტრენინგზე.

იხილეთ ასევე:

საბავშვო ბაღი ვალდებულია, გამოყოს ბავშვთა ძალადობისგან დაცვისათვის პასუხისმგებელი პირი

როდესაც ბავშვი აშენებს კოშკს, ჩაებით თამაშში - როგორ ვასწავლოთ პატარას პრობლემების გადაჭრა და მოქნილი აზროვნება

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი