დღის თემა
etaloni.ge
„არ მიიყვანოთ ბავშვი ასეთ ბაღში“ - „ველური მეთოდები“ და პროგრამაში გაწერილი რჩევები
23.03.2023

„დღეს პირველად მყავდა ბაღში. გარეთ ველოდებოდი და განწირული ტირილი მესმოდა. ძიძას ვუთხარი, 2 წუთიც დაველოდები, იქნებ დაწყნარდეს-მეთქი. სულ 5 წუთის შეყვანილი იყო. არ გაჩერდა ბავშვი, წამოვიყვანე. რა უნდა ვქნა, ვერ ვიგებ. შევპირდი, ამას გიყიდი იმას გიყიდი-თქო, მაგრამ რომ კიდებს მასწავლებელი ხელს და შეჰყავს, არაადეკვატური ხდება. ძალიან ვნერვიულობ, თან ორსულად ვარ და იმაზე ემოციურიც, ვიდრე უნდა ვიყო. რა ვქნა, ხვალაც წავიყვანო თუ აღარ წავიყვანო ცოტა ხანი და დაწყნარდეს... სამი წლის არის“, - დაწერა სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა შეშფოთებულმა დედამ, რომელსაც მშობლები და ბაღის აღმზრდელები გამოეხმაურნენ და ურჩიეს:

„პედაგოგის გულმოდგინება, სითბო და ყურადღება ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს და შედეგის მომცემიც. დაელაპარაკეთ პედაგოგს, მტირალა ბავშვებიც ჩუმდებიან“;

 „აღმზრდელმა თავად უნდა შემოგთავაზოთ, რომ შეხვიდეთ ჯგუფში და რაღაც პერიოდი დარჩეთ იქ. რამდენიმე დღე დაგჭირდებათ იმისთვის, რომ მიეჩვიოს უთქვენოდ ყოფნას. ოღონდ ყოველდღიურად შეამცირეთ თქვენი ჯგუფში ყოფნის დრო და არასოდეს გაეპაროთ. ყოველთვის უთხარით, როცა მიდიხართ. თავიდან შეგიძლიათ მთელი დღეც არ დატოვოთ, ცოტ-ცოტა შეაჩვიოთ... ჯგუფში დღის განრიგი ექნებათ ვიზუალური მინიშნებებით და როცა დატოვებთ მარტო, უთქვენოდ, აჩვენეთ ამ განრიგზე, როდის მიაკითხავთ და თან აუხსენით, მანამდე რა ექნება გასაკეთებელი განრიგის მიხედვით, რომ ზუსტად იცოდეს, თქვენ როდის მიხვალთ და ყოველთვის მიდით შეპირებულ დროს, არ დააგვიანოთ!“;

 „ადაპტაციის პერიოდის გავლა ბავშვებსაც ხომ უჭირთ და დედებს კიდევ უფრო გვიჭირს ხოლმე, მაგრამ იმუშავეთ აუცილებლად მასთან, გამოიგონეთ ბაღთან დაკავშირებით სხვადასხვა ამბები და მოუყევით, გააცანით ტერიტორია და ასეირნეთ იქ, დაანახეთ, თუ როგორ თამაშობენ ეზოში თანატოლები და უთხარით, რომ ისინი მისი მეგობრები გახდებიან, აუცილებლად გააცანით წინასწარ ბავშვს პედაგოგი. თუნდაც 5 წუთი რომ დაჰყოს მასთან ერთად ბაღის ეზოში, პატარა შეეჩვევა. ეტაპობრივად უნდა გაიარო ეს ეტაპი. არ დატოვოთ პირველი ერთი კვირა მაქსიმუმ 40 წუთზე მეტი დღეში. შემდგე უკვე პედაგოგს უნდა მისცეთ საშუალება, რომ შეიჩვიოს, გაზარდეთ დატოვების ხანგრძლივობა ერთ საათამდე, მომდევნო კვირას კი ნახევარი დღით დატოვეთ ხოლმე - ასე გაივლით ადაპტაციის პერიოდს მეტნაკლებად უმტკივნეულოდ. მაინც ინდივიდუალურია შეგუების პერიოდი და ფარხმალი არ დაყაროთ“;

„საქართველოში ვერაფრით მივაჩვიე ბაღს ბავშვი, ტიროდა სულ. მასწავლებელს რომ ხედავდა, კანკალი ემართებოდა, ვერ იტანდა მასწავლებელს. მოგვიწია საფრანგეთში წამოსვლა. აქ შევიყვანე და ძალიან მოსწონს, უხარია წასვლა. ძალიან თბილი მასწავლებელი და ძიძა ჰყავს. მეუბნებოდა ბავშვი იმ მასწავლებელზე, ეთერი იქ ხომ არ იქნებაო“;

„4 წლის მიმიყვანეს ბაღში. არ ვიტირე, მაგრამ მძიმე დეპრესიაში ჩავვარდი. ვერ გავიგე, რატომ უნდა ვმჯდარიყავი სკამზე გაუნძრევლად, როცა კარგი ამინდი იყო და მე გარეთ მინდოდა. არც იმათი საჭმელი ვჭამე“;

„სანამ ბაღში მივიყვანდი, ბაღის ეზოში შემყავდა ხოლმე. ვაჩვენებდი, როგორ მიდიოდნენ ბავშვები. მერე შევიყვანე, ბაღის შენობა დავათვალიერებინე. 2 წლის და 3 თვისაა, 2 კვირაა, რაც ბაღში დადის. პირველი 2 დღე 1 საათით დამატოვებინა პედაგოგმა. როცა ტირილს იწყებდა, სხვადასხვა აქტივობებს სთავაზობდნენ, ბაღში ყოფნის დრო ნელ-ნელა გავზარდეთ. ახლა უკვე 3 საათით ვტოვებ და სიხარულით დადის. მიეჩვევა აუცილებლად, დააინტერესეთ რამით, ბაღის შენობაში იქნება რაიმე კუთხე, ნახატი ან ნივთი იქნებ მოეწონოს და ყოველდღე უთხარით, რომ უნდა წახვიდეთ და ნახოთ. ჩვენს შემთხვევაში ამ ხერხმაც გაამართლა“;

 „მე რა მიკვირს იცით? ბაღში ვმუშაობ და როცა ვკითხულობ მშობლების ასეთ შეუსაბამო საყვედურებს, საქართველოს ბაღებში ყვლგან ვმუშაობთ განათლების სახელმწიფო სტანდარტით. რატოა ასეთი სხვადასხვაობა ბაღების მუშაობაში“;

„ჯერ ზოგ პედაგოგს უნდა აუხსნან და გააგებინონ, რომ „იტირებს და გაჩერდება“ ლექსიკონიდან ამოიღონ“;

„არ მიიყვანოთ ბავშვი იმ ბაღში, რომელსაც მშობლის ჩართულობით ადაპტირების (შეგუების) კონცეპტი არ გააჩნია. ველური მეთოდია „იტირებს და გაჩუმდება“. შეიძლება, ბავშვს დიდი ზიანი მიაყენოს ამან. ფუჭია 3 წლის ბავშვთან იმაზე საუბარი, თუ რა კარგია ბაღი, რამდენ მეგობარს გაიჩენს, რამდენი სათამაშო და გასართობია. იმისათვის, რომ ბავშვმა ლაღად და თავისუფლად შეძლოს ამ ყველაფრის გაცნობა, სჭირდება მშობელი, „ნავსადგური“, ქარიშხლის დროს თავი რომ შეაფაროს. მშობლის უფლება და მოვალეობაა, ეს გზა ბავშვთან ერთად გაიაროს, გამოყოს 2-3 კვირა, 1-2 საათით შევიდეს ჯგუფში. ბაღებმა ამას ხელი კი არ უნდა შეუშალონ, პირიქით, ამ პირობის გარეშე არც უნდა მიიღონ ბავშვი. მე პირადად ყველა იმ ბაღს დავკეტავდი, რომელსაც შეგუების კონცეპტი არ აქვს შემუშავებული, ან აქვს, მაგრამ არ იყენებს“;

სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამაში მოცემულია კონკრეტული რჩევები, თუ როგორ უნდა შევაგუოთ ბავშვი ბაღს.

აღნიშნული პროგრამის მიხედვით, კარგია, თუ სწავლის დაწყებამდე მოაწყობთ ბაღში ტურებს, რომ ბავშვები იქ მივიდნენ და ოჯახთან ერთად დაათვალიერონ. აღმზრდელს კი შეუძლია, ჯგუფური თამაშებიც შესთავაზოს, რომ ბავშვი კარგი შთაბეჭდილებებით დაბრუნდეს სახლში. აღმზრდელი უნდა გაეცანოს ბავშვის საინფორმაციო პაკეტს: რითი უყვარს თამაში, რა ჩვევები აქვს, როგორ გამოხატავს პროტესტს, რა არის საყურადღებო და ა.შ.

როგორი უნდა იყოს პირველი დღე ბაღში და რა უნდა გააკეთოს აღმზდელმა

  • შექმენით სადღესასწაულო გარემო და შეძლებისდაგვარად მორთეთ ჯგუფი.
  • წინასწარ გამოჭერით დიდი ფერადი ფურცლები (სხვადასხვა ფორმის) და ზედ ბავშვების სახელები დააწერეთ. ეს ქაღალდები წრიულად დააფინეთ და დილის წრეზე ბავშვები თავიანთ სახელებზე დასხით.
  • გაეცანით ბავშვებს და უთხარით, როგორ გსურთ რომ მოგმართონ.
  • უთხარით ბავშვებს, რომ ნებისმიერ დროს შეუძლიათ მოგმართოთ.
  • ჰკითხეთ, ვინმე ადრე თუ ყოფილა საბავშვო ბაღში. ისინი, ვინც ნამყოფია, წაახალისეთ, მოყვნენ რაიმე ამბავი ბაღზე, რას აკეთებდნენ იქ, რა მოსწონდათ, რა – არა?
  • წაუკითხეთ: „ჩემი პირველი დღე ბაღში“. წინასწარ გამოჭერით ბავშვების ფიგურები და გააცოცხლეთ ამბავი დაფაზე (ფიგურებს მაგნიტები მიაწებეთ და დაფაზე განათავსეთ).
  • წაუკითხეთ: „ბროლიაც ბაღში მიდის“. ჰკითხეთ, მათ თუ ჰყავთ შინაური ცხო ველები, რომელიმეს ხომ არ გამოუთქვამს ბაღში სიარულის სურვილი?
  • მოაწყეთ მცირე ექსკურსია ჯგუფის ოთახებში. დაათვალიერებინეთ ბავშვებს ოთახი. აჩვენეთ ცენტრები, ამ ცენტრების აღმნიშვნელი სიმბოლოები და აუხსენით, რითი და კავდებიან თითოეულ ცენტრში. მიეცით საშუალება, დაათვალიერონ თაროები და იქ მდებარე ნივთები. აჩვენეთ, სად შეუძლიათ დაიბანონ ხელები, სად არის ტუალეტი. ყველანაირმა განუსაზღვრელობამ შეიძლება ბავშვის შფოთი უფრო გაამძაფროს.
  • ჩართეთ მხიარული მუსიკა. დააყენეთ ხელჩაკიდებული ბავშვები წრეზე, სთხოვეთ გაიშალონ და გაუშვან ხელები. შესთავაზეთ თამაში „რა მიყვარს“. ამ თამაშის საშუალებით ადვილად გაიცნობენ ერთმანეთს და დაისწავლიან სახელებს. ესროლეთ ან გაუგორეთ ბურთი რომელიმე ბავშვს. აუხსენით, რომ როცა ბურთს დაიჭერს, ხმამაღლა თქვას თავის სახელი და რა უყვარს - სათამაშო, ცხოველი, საჭმელი, ოჯახის წევრი, ნებისმიერი რამ. შემდეგ ბავშვმა ბურთი სხვას უნდა გადაუგდოს. ყურადღებით იყავით, რომ ყველამ მიიღოს მონაწილეობა. ეს თამაში, ამ თემის ფარგლებში, სასურველია ყოველდღე გაიმეოროთ და თემები ცვალოთ.
  • ათამაშეთ და აძერწინეთ სათამაშო ცომით.
  • ერთად დაამზადეთ წასვლა-მოსვლის დაფა. წასვლა-მოსვლის დაფა შეიძლება იყოს სხვადასხვანაირი. ძირითადი აზრი არის იმაში, რომ თვალსაჩინო იყოს, ვინ არის დღეს და ვინ აცდენს.
  • სახლი და ბაღი. ფერადი ფორმატისგან გამოჭერით ორი შენობა. ერთი სახლია, მეორე – ბაღი. გამოუჭერით იმდენი ფანჯარა, რამდენი ბავშვიც არის და გაუკეთეთ პატარა ჯიბეები ფანჯრებზე. ბავშვების სურათები დააწებეთ წაგრძელებული ფორმის პატარა მუყაოზე, ყველა ბავშვის ფოტო ჩალაგებულია სახლის ფანჯრებში, ვინც მოვა, გადმოსვამს თავის ფოტოს ბაღის ფანჯარაში. განათავსეთ ბავშვისთვის ხელმისაწვდომ სიმაღლეზე.

იხილეთ ასევე:

„ამის გამო ბაღი მეჯავრებოდა“ - პოეტის ცუდი მოგონება საბავშვო ბაღზე

„ბავშვი, რომელიც ბაღში სიხარულით წავიდა, აღმზრდელის გახსენებაზე ისტერიკაში ვარდება“ - რა მოხდა თბილისის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი