„მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლამდელ განათლებას, რომლის ფარგლებშიც მომდევნო წლებში განხორციელდება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემის განვითარება, შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და მომსახურების გაუმჯობესება“, - წერია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 20 მარტს გამოქვეყნებულ დადგენილებაში, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტს ეხება.
დოკუმენტის მიხედვით, საბავშვო ბაგა–ბაღების აღსაზრდელთა განვითარების ხელშეწყობა და სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემოს შექმნა იგეგმება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს დედაქალაქის საგანმანათლებლო-სააღმზრდელო და კულტურული გარემოს მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, საზოგადოების აქტიურ ჩართვა მიმდინარე საგანმანათლებლო-სააღმზრდელო და კულტურულ პროცესებში, მათი ინტელექტუალური და შემოქმედებითი უნარების სტიმულირება, ადგილობრივი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო და კულტურული დაწესებულებების მუშაობის გაუმჯობესება, დახვეწა და მოსახლეობის ინტერესებზე მორგება.
სტანდარტების შესაბამის სააღმზრდელო პროგრამა-მეთოდოლოგიოს დახვეწა, სტანდარტების შესაბამისი კვებით უზრუნველყოფა, აღსაზრდელთა უსაფრთხოების მიზნით ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურის განვითარება, საბავშვო ბაგა-ბაღების მაქსიმალური გამტარუნარიანობა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შშმ პირებზე ადაპტირება, - ეს ის ჩამონათვალია, რომელიც დედაქალაქში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად უნდა განხორციელდეს.
პროგრამის ფარგლებში 2023 წელს დაგეგმილია ასევე ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა, არსებულის რეაბილიტაცია, კაპიტალური შეკეთება, სკოლამდელი განათლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა, ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ხარისხის მართვის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება, არსებულ ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო ჯგუფების მოწყობა, ბაგა-ბაღების პერსონალის შრომითი პირობების გაუმჯობესება და მათი კვალიფიკაციის ამაღლება და სხვა ღონისძიებები“, - წერია დადგენილებაში.
იხილეთ ასევე:
სად შენდება თბილისში ახალი საბავშვო ბაღები და რა უჯდება ბიუჯეტს თითოეული - უბნების ჩამონათვალი