ტერმინი „დოკუმენტირება“ სასკოლო მზაობის პროგრამის კონტექსტში ნიშნავს დოკუმენტების, ფოტოების ან იმ ნივთების სისტემატურ და ორგანიზებულ შეგროვებას, რომლებიც „ამბავს მოგვითხრობენ“, - ამის შესახებ საბავშვო ბაღის აღმზრდელის სახელმძღვანელოშია აღნიშნული.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ შექმნილ აღმზრდელის წიგნში წერია, რომ დოკუმენტირების მიზანია ვიზუალურად თვალსაჩინო გახადოს სწავლის პროცესი.
დოკუმენტირება იძლევა სხვებთან - კოლეგებთან, მშობლებთან და ბავშვებთან, ერთობლივი დისკუსიისა და ინტერპრეტირების საშუალებას, რაც ხელს უწყობს შემდგომი საქმიანობებისთვის ახალი იდეების წარმოქმნას. ამრიგად, ბავშვების საქმიანობებისა და გამოცდილების დოკუმენტირება კარგ საშუალებას იძლევა პროგრამის ადაპტირებისთვის და მისი უკეთ მორგებისთვის ბავშვების საჭიროებებსა და ინტერესებზე.
აღმზრდელები ბავშვების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას მათზე პირდაპირი დაკვირვებების შედეგად იღებენ, თუმცა ბავშვების ნამუშევრების დოკუმენტირება მრავალფეროვანი საშუალებებით წარმოადგენს ადრეული ასაკის ბავშვების კომპეტენციისა და ინტელექტუალური შესაძლებლობების მნიშვნელოვან თვალსაჩინო მტკიცებულებას.
აღნიშნული სახელმძღვანელოს მიხედვით, აღმზრდელები უნდა დააკვირდნენ ბავშვების მიერ შესრულებულ სამუშაოს, მოახდინონ მისი დოკუმენტირება და ამ გზით გაიღრმაონ ცოდნა ბავშვების განვითარებისა და სწავლის პროცესის შესახებ. ბავშვების საქმიანობებისა და გამოცდილების დოკუმენტირება კი ხელს უწყობს სწავლას, რადგან ბავშვები ამ გზით გაიაზრებენ მათი ნამუშევრების შინაარსობრივ მნიშვნელობას, რაც თავის მხრივ, სტიმულს აძლევს ბავშვების ცნობისმოყვარეობას, აფართოებს მათ ინტერესებს და განუმტკიცებს საკუთარი ძალების რწმენას.
„როდესაც ბავშვების ნამუშევრები გულდასმით და მიმზიდველადაა დოკუმენტირებული, ბავშვები ხედავენ, რომ მათი ძალისხმევა, მიზნები და იდეები მნიშვნელოვანია. ამდენად, ბავშვის ჩართვა აღნიშნულ პროცესში მართლაც მნიშვნელოვანია. ბავშვების საქმიანობებისა და გამოცდილების შერჩევის, მომზადებისა და გამოფენის/ჩვენების პროცესი იგივეა, რაც მსჯელობის პროცესი, რომლის დროსაც შესაძლოა წარმოიშვას, განვითარდეს და გაღრმავდეს ახალი იდეები და მოსაზრებები. ბავშვები სწავლობენ ერთმანეთისგან, ერთმანეთის ნამუშევრები იქცევა მათი შთაგონების წყაროდ.
დოკუმენტირება ბავშვებს იმავდროულად მატებს მოტივაციას, რომ მეტი პასუხისმგებლობითა და ენერგიით მიუდგნენ საკუთარ საქმიანობას. ამის შედეგად ბავშვები მეტი ინტერესით ჩაერთვებიან პროცესში, იამაყებენ/კმაყოფილი იქნებიან საკუთარი მიღწევებით. ბავშვების სწავლის დოკუმენტირებისთვის არსებობს რამდენიმე გზა. ესენია: ყოველდღიური ჟურნალები, ამბების დაფა, პროექტის წიგნები და ა.შ., თუმცა ყველაზე ხშირად გამოყენებულ ეფექტურ მეთოდებს წარმოადგენს გამოფენები და ბავშვების პორტფოლიო“, - წერია აღმზრდელის წიგნში.
იხილეთ ასევე: