საჩხერეში, სოფელ ჭალაში, საბავშვო ბაღს საუცხოო ეზო აქვს, სადაც არის თონე, ჭა, საქვიშე, მცოცავი კიბე, მუსიკალური კედელი, ტალახის სამზარეულო, საგზაო მოედანი, მატარებელი საბურავებით, ონკანი, მათემატიკის კუთხე, ქართული ანბანი, სალონი, სამედიცინო პუნქტი, მინი ზოოპარკი, სავაჭრო მარკეტი, სპორტული მოედანი, პლასტმასის ბოთლებით გაკეთებული პატარა ოთახი, საბურავებით გაკეთებული მსხვილი მოტორიკის განმავითარებელი სარბენი ბილიკი, ბილიკი ფეხის კუნთების განვითარებისათვის და სხვადასხვა დეკორაციები.
როგორც ბაღის ხელმძღვანელი, ნინო გოგოლაძე skolamdelebi.ge-სთან ამბობს, ეზო საგანმანათლებლო სივრცედ, მეორადი მასალებით, მშობლების დახმარებით აქცია:
„ეზოს მოწყობის იდეა მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანების დირექტორმა, მარიამ გოგობერიშვილმა და მეთოდისტმა თამარ აბაშიძემ მოგვაწოდეს. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში, რომელთა შორის საჩხერეც არის, ხორციელდება პროექტი „თითოეული ბავშვისათვის - სკოლამდელი განათლების ადგილობრივი პოლიტიკის სისტემური მხარდაჭერა“. ამ პროექტის ფარგლებში, ბაღის თანამშრომლებს ჩაგვიტარდა უამრავი ტრენინგი სასწავლო-სააღმზრდელო საკითხებთან დაკავშირებით და ერთ-ერთი სწორედ მშობლებისა და საბავშვო ბაღის მონაწილეობით ეზოების მოწყობა იყო.
სიმართლე გითხრათ, თავიდან ვფიქრობდით, რომ ვერ შევძლებდით, თუმცა, რამდენიმე თვეში, შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. მშობლებთან ჩავატარე სალონური შეხვედრა და ავუხსენი, როგორი მნიშვნელოვანია პატარების გარეთ, სუფთა ჰაერზე ყოფნა მათი ფიზიკური, ემოციური, გონებრივი თუ სხვა უნარების განვითარებისათვის.
მშობლების ჩართულობით დავიწყეთ ეზოს მოწყობა და ძირითადად გამოვიყენეთ მეორადი მასალა. ახლა სხვადასხვა განმავითარებელი ცენტრები გვაქვს. ჩვენი მიზანი სწორედ ეს იყო - ეზოს არამარტო დეკორაციებით დატვირთვა, არამედ მისი მოწყობა ბავშვის განმავითარებელი ცენტრებით. ვფიქრობ, ჩანაფიქრი გამოგვივიდა.
ბავშვების ემოციებს და სიხარულს საზღვარი არ აქვს, როდესაც გარეთ გაგვყავს. მათთვის არ არსებობს დაღლა, სულ გარეთ უნდათ და რაც მთავარია, მიხვდნენ და დაინახეს, რომ მეორადი მასალის გადაყრას და ბუნების დაბინძურებას სჯობია, ის სხვა დანიშნულებით გამოვიყენოთ.
ამ ყველაფერთან ერთად, ყველას სიამოვნებს ჩვენს ბაღში სტუმრობა, რადგან არაჩვეულებრივი გარემოა შექმნილი. ეს მხოლოდ დასაწყისია. კარგ ამინდებს ველოდებით და კიდევ ბევრი ცენტრის მოწყობა გვაქვს გეგმაში. თან, ამ ყველაფერმა მშობლებთან უკეთესად დაახლოების, უკეთესად გაცნობის და მეგობრული ურთიერთობის დასაწყისსაც ჩაუყარა საფუძველი“, - გვიყვება ნინო გოგოლაძე.
კითხვაზე, ავტორიზაციის პროცესისთვის რამდენად არის სტანდარტთან შესაბამისობაში ბაღის ეზო, ბაღის ხელმძღვანელი ამბობს:
„სტანდარტის მიხედვით, როგორც ვიცი, ეზოს ფართობს აქვს მნიშვნელობა და ჩემი ეზოც საკმაოდ დიდია - თითქმის 1 500 კვადრატული მეტრი. ასევე, გამწვანებაც დამაკმაყოფილებელია, თუმცა ისევ ვგეგმავთ ნერგების დარგვას. ხელს გვიშლის ის ფაქტი, რომ ეზოს შემოღობვა დასრულებული არ არის და ორი მხრიდან არ გვაქვს ღობე. ასევე, ეზოში არ გვაქვს პანდუსი. სიმართლე გითხრათ, ყველანაირად ვცდილობთ, სიახლეებს ფეხი ავუწყოთ, მაგრამ ახალი სტანდარტის მიხედვით, ჯერ ბევრი რამ გვაკლია ეზოში. მუნიციპალიტეტი და ბაღების გაერთიანება ყველანაირად გვიწყობს ხელს, მაგრამ არის ისეთი საკითხებიც, რაც ჩვენს ძალებს აღემატება. მუნიციპალიტეტის მერია კი შეგვპირდა, რომ ამ გაზაფხულზე გაგვიკეთებენ ღობეს“.
ნინო გოგოლაძეს სამომავლოდაც დიდი გეგმები აქვს:
„მომავალში ვგეგმავთ კოცონის დასანთები ადგილის მოწყობას. ეს იქნება ჯგუფის ერთობის ადგილი, სადაც ბავშვები ერთმანეთს გაუზიარებენ საკუთარ აზრებს. ასევე, გვინდა, კვლევა-აღმოჩენის ცენტრი გავაკეთოთ, საიდანაც ბავშვები დააკვირდებიან მიმდინარე პროცესებს. გვინდა ბოსტნის გაკეთებაც, რომ ბავშვებთან ერთად დავთესოთ მწვანილი და ერთად დავაკვირდეთ პროცესებს. გვინდა წიწილების, კურდღლის, ზაზუნის და თუთიყუშის მოყვანა, რათა პატარებმა ცოცხალ არსებებზე ზრუნვა და მათი მოვლა-პატრონობა ისწავლონ. ჩვენი მიზანია, ბავშვებმა ადრეული ასაკიდანვე რაც შეიძლება მეტი შეიმეცნონ გარე სამყაროდან. მინდა, ჩემი ბაღი მოწყობილი იყოს უნივერსალური დიზაინით და იძლეოდეს ბავშვის ჰოლისტური განვითარების საშუალებას“.
იხილეთ ფოტოები: