31 მარტს სრულდება საბავშვო ბაღების რეგისტრაციის პროცესი. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, რომელიც ელექტორნულ სისტემაში არ იქნება დარეგისტრირებული, ამ დღის შემდეგ ფუნქციონირების გაგრძელებას ვეღარ შეძლებს.
ბაღების რეგისტრაცია 2022 წლის 1 ივლისს დაიწყო და ამავე წლის 31 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში სასწრაფო წესით ცვლილება განხორციელდა, რის მიხედვითაც, რეგისტრაციის პროცესი 2023 წლის 31 მარტის ჩათვლით გახანგრძლივდა.
2022 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში უკვე აღრიცხული იყო 1705 საჯარო და 240 კერძო საბავშვო ბაღი, თუმცა ყველა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებამ რეგისტრაციის გავლა ვერ მოახერხა.
„რეგისტრაციის გავლა მნიშვნელოვანია, რადგან აღნიშნული წარმოადგენს ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით საქმიანობის განხორციელების კანონისმიერ საფუძველს“, - აცხადებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.
ყველა საბავშვო ბაღმა, რომელიც სისტემაში 2023 წლის 31 მარტის ჩათვლით დარეგისტრირდება, 2024 წლამდე უნდა გაიაროს თვითშეფასება, 2025 წლიდან კი ავტორიზაციის პროცესი დაიწყება.
როგორც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს, თვითშეფასების მიზანია, ბაღებმა თვითონ შეაფასონ, მიმდინარე წლის მდგომარეობით, რამდენად შესაბამისობაშია დაწესებულება ავტორიზაციის სტანდარტებთან. თვითშეფასების განხორციელება მოხდება ელექტრონულ პლატფორმაზე, სადაც იქნება კითხვები ბაღის ადმინისტრაციისთვის, მშობლებისთვის, ტექნიკური და საგანმანათლებლო პერსონალისთვის. აღნიშნული თვითშეფასება კი სააღმზრდელო დაწესებულებებს დაანახებს, რა არის მათი ძლიერი მხარე, სად სჭირდებათ კონკრეტული ღონისძიების განხორციელება იმისთვის, რომ სტანდარტის კონკრეტულ მოთხოვნებთან შესაბამისბაში მოვიდნენ.
სკოლამდელი დაწესებულებებისთვის ახალი სტანდარტი ამოქმედდა
როგორც აღნიშნული ცენტრი აცხადებს, 2023 წელს ყველა სტანდარტთან მიმართებაშიც რომ იყოს ბაღი შეუსაბამო, საქმიანობის განხორციელების უფლება მაინც ექნება იმ დრომდე, სანამ ავტორიზაციის განრიგით უშუალოდ ავტორიზაციის გავლა არ მოუწევს, თუმცა თუ სკოლამდელი დაწესებულება 2023 წლის ბოლომდე თვითშეფასებას არ წარმოადგენს, 2024 წლიდან კანონისმიერი საქმიანობის განხორციელების უფლება აღარ ექნება.
თვითშეფასების პროცესის დაწყება განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის წარმომადგენლებმა მაისიდან დაანონსეს. სკოლამდელი დაწესებულებების ექსპერტების შერჩევა კი 15 მაისს უნდა დასრულდეს.
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსი საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესისთვის იქმნება.
ექსპერტთა კორპუსი უნდა შედგეს ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტის, კურიკულუმის ექსპერტის, კვების დარგში ექსპერტისა და სანიტარული და ჰიგიენური ნორმების ექსპერტისგან, რომლებსაც გააჩნიათ სათანადო კომპეტენცია დროებითი წესით დადგენილი ავტორიზაციის სტანდარტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან დაწესებულების სტატუსის მაძიებლის შეფასებისთვის.
როგორც დოკუმენტშია გაწერილი, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების თვითშეფასების მიზნებია დაწესებულების პირობების შესაბამისობის შეფასება ავტორიზაციის სტანდარტებთან და უწყვეტი განვითარების ხელშეწყობა მტკიცებულებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების მექანიზმების გამოყენების გზით.
„საბავშო ბაღი ვალდებულია განახორციელოს ყოველწლიური თვითშეფასება. დაწესებულების მიერ თვითშეფასების დადგენილი წესით განუხორციელებლობა ან განხორციელებული თვითშეფასების შესწავლის შედეგები შესაძლოა გახდეს ცენტრის მიერ მონიტორინგის განხორციელების საფუძველი“, - ნათქვამია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ასევე:
საბავშვო ბაღების კურიკულუმი, ინდიკატორები და განხორციელების სქემა ახალი სტანდარტით