რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებამ, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რამდენიმე პოზიციაზე, კონკურსები გამოაცხადა.
გაერთიანება 2 სპეციალურ პედაგოგს, 6 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის სპეციალურ ასისტენტს, 2 ფსიქოლოგს და 2 სააღმზრდელო პროცესის მმართველ-მეთოდისტს ეძებს.
სპეციალური პედაგოგის პოზიციისთვის კონკურსანტს საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური პედაგოგის მომზადების მოდული. ასევე, სასურველია, ჰქონდეს სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება და გავლილი ჰქონდეს ტრენინგები ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებით. მან უნდა იცოდეს: 1. საქართველოს კანონი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ; 2. საქართველოს მთავრობის N437 დადგენილება - ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის რეფერირების პროცედურების დამტკიცების თაობაზე; 3. გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენცია; 4. ბავშვთა ასაკობრივი თავისებურებანი.
სპეციალური პედაგოგის პოზიცია მოიცავს კვირაში 40 სამუშაო საათს და ანაზღაურება 853 ლარია.
პერსონალური ასისტენტის ფუნქციებში შედის ზრუნვა და სათანადო დახმარების გაწევა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირისთვის დამოუკიდებელი და საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის გაზრდაში, აქტივობებში ჩართვაში ან ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში. ასევე, ქცევის სირთულეების მართვაში ხელშეწყობა მულტიგუნდის მიერ წინასწარ შეთანხმებული გეგმის საფუძველზე. რაც შეეხება საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, აპლიკანტს უნდა ჰქონდეს უმაღლესი ან პროფესიული განათლება ან შესაფერის სფეროში მუშაობის გამოცდილება. დაიშვება ასევე შესაბამისი ფაკულტეტის სტუდენტიც. მან უნდა იცოდეს: 1. საქართველოს კანონი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ; 2. საქართველოს მთავრობის N437 დადგენილება - ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის რეფერირების პროცედურების დამტკიცების თაობაზე; 3. გაერთოს ბავშვთა უფლებების კონვენცია; 4. გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენცია.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის სპეციალური ასისტენტის სამუშაო დატვირთვა კვირაში 20 სამუშაო საათს შეადგენს. დარიცხული ხელფასი კი 286 ლარია.
მეთოდისტმა კოორდინაცია უნდა გაუწიოს აღმზრდელს, აღმზრდელის თანაშემწის და მუსიკის პედაგოგის საქმიანობას, უზრუნველყოს მათი პროფესიონალურ მხარდაჭერა, ჩართული უნდა იყოს სააღმზრდელო მეთოდოლოგიის განხორციელების პროცესში თითოეულ ჯგუფში და აძლევდეს მათ რეკომენდაციებს, ახორციელებდეს შიდა მონიტორინგს წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით და სახავდეს შესაბამის ღონისძიებებს, ხელს უწყობდეს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებასა და წახალისებას. კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელი მოთხოვნაა ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ნებისმიერ მიმართულებაში/სპეციალობაში და აღმზრდელის ან ფსიქოლოგის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება. მან უნდა იცოდეს: 1. საქართველოს კანონი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ; 2. საქართველოს მთავრობის N488 დადგენილება - საქართველოს კანონი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტი; 3. საქართველოს მთავრობის N437 დადგენილება - ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის რეფერირების პროცედურების დამტკიცების თაობაზე; 4. ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვთა ფსიქოლოგია; 5. კომპიუტერული პროგრამები Mikrosoft Office Word.
მეთოდისტის დარიცხული ხელფასი 4-6 ჯგუფიან ბაღში 1100 ლარია, ხოლო 7-12 ჯგუფიან ბაღში - 1243 ლარი.
ფსიქოლოგის პოზიციის დასაკავებლად აუცილებელია ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი ფსიქოლოგიაში და სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება. ფუნქციებში შედის ფილიალში თითოეული ბავშვისა და პერსონალის ფსიქო-ფიზიკური ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა. ასევე, აღმზრდელის დახმარება სხვადასხვა სპეციალისტის მიერ რეკომენდებული პროგრამების განხორციელებაში, შეგროვება და აღრიცხვა ინფორმაციისა კონკრეტული აღსაზრდელის შესახებ - მასზე უშუალო დაკვირვებით მარტივი ფსიქო-დიაგნოსტიკური საშუალებით და მშობლებთან აქტიური თანამშრომლობა. მან უნდა იცოდეს: 1. საქართველოს კანონი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ; 2. საქართველოს მთავრობის N437 დადგენილება - ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის რეფერირების პროცედურების დამტკიცების თაობაზე; 3. გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენცია; 4. ადრეული და სკოლამდელი ასაკის ფსიქოლოგია.
ფსიქოლოგის დარიცხული ხელფასი 803 ლარია.
კანდიდატებმა CV ფოტოსურათით, პირადობის მოწმობის ასლი, შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის ასლი და შესაბამისი სერტიფიკატების ასლები არსებობის შემთხვევაში, 22 მარტიდან 29 მარტის ჩათვლით, გაერთიანების საორგანიზაციო განყოფილებაში უნდა წარადგინონ.
კონკურსი მოიცავს განცხადებების მიღების, საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით გადარჩევისა და გასაუბრების ეტაპებს.
იხილეთ ასევე:
ანაზღაურება და მოთხოვნები კერძო საბავშვო ბაღებში - ენერგიულობა, პუნქტუალურობა, ემოციური წონასწორობა