საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ შექმნილ „აღმზრდელის სახელმძღვანელოში“, რომლითაც საბავშვო ბაღების აღმზრდელები ხელმძღვანელობენ, ახსნილია იქვე გამოყენებული ტერმინები, რომელთა მნიშვნელობაც მათ უნდა იცოდნენ.
გამოყენებული ტერმინების განმარტება:
აქტივობა - დროის განსაზღვრულ, შედარებით მცირე პერიოდში განხორციელებული საქმიანობა; აქტივობა შესაძლებელია იყოს როგორც ზედმიწევნით ორგანიზებული, მაგალითად, ქაღალდის თვითმფრინავების დამზადება და გამოცდა, ისე სრულიად თავისუფალი და შემოქმედებითიც, მაგალითად, თავისუფალი ხატვა.
თემა - სასკოლო მზაობის პროგრამის შინაარსის ორგანიზების ფორმა. ეფექტური თემის შერჩევა ხდება ბავშვების ინტერესებისა და საჭიროებებიდან გამომდინარე. თითოეული თემა ემსახურება ბავშვის მრავალმხრივ განვითარებასა და სწავლას.
თემატური მიმართულება - პროგრამის შვიდი შინაარსობრივი მიმართულება - თემატური მოდული: 1) ბუნება და ფიზიკური სამყარო, 2) სოციალური და კულტურული სამყარო, 3) რაოდენობრივი წარმოდგენები, 4) მეტყველება, კომუნიკაცია და წიგნიერება, 5) სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, 6) საშესმრულებლო ხელოვნება, 7) ჯანმრთელობა და ჰიგიენა.
ინტერაქტიული აქტივობა –აქტივობის ტიპი, რომელიც მოიაზრებს თანამშრომლობას როგორც ბავშვსა და აღმზრდელს, ისე ბავშვებს შორის. ინტერაქტიული სწავლების მეთოდების გამოყენებისას სწავლის პროცესში დომინანტური როლი ბავშვს აკისრია.
კულტურული შესაბამისობა - სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის შესაბამისობა ბავშვების ოჯახურ, კულტურულ ტრადიციებთან და მშობლიურ ენასთან. კულტურულად შესაბამისი პრაქტიკა უზრუნველყოფს, რომ ბავშვებმა კომფორტულად, დაცულად იგრძნონ თავი და ამასთანავე არ ჰქონდეთ უპირატესობის შეგრძნება საკუთარი იდენტობის გამო.
მაღალი დონის სააზროვნო უნარები - ლოგიკური, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება თვალსაჩინო-პრაქტიკულ მასალაზე დაყრდნობით.
პროექტი - საქმიანობა, რომელიც ტარდება შედარებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში. იგი მოიცავს მრავალ აქტივობას, რომელთა შედეგად იქმნება მნიშვნელოვანი პროდუქტი. პროექტები კარგი საშუალებაა სხვადასხვა თემატური მიმართულების ინტეგრირებული სწავლებისათვის, ბავშვთა უნარების განვითარებისთვის, მათ ქცევასა და უნარებზე დაკვირვებისთვის, ასევე ბავშვების მიერ შექმნილი ნამუშევრებისა და მიღწევების დოკუმენტირებისთვის ფოტოების, ვიდეოებისა და ჩანაწერების საშუალებით. აღმზრდელები გეგმავენ პროექტის საბოლოო პროდუქტს, მაგრამ შეუძლიათ მისიშეცვლა, თუ ბავშვებს სხვა პროდუქტზე მუშაობა ურჩევნიათ.
რესურსები „თავისუფალი ნაწილებით“ - მასალა, რომელსაც არ გააჩნია ერთი კონკრეტული ფუნქცია და/ან რომლის გამოყენება შესაძლებლია მრავალი სხვადასხვა გზით. ეს შეიძლება იყოს როგორც ძალიან პატარა ნივთები - სხვადასხვა სახის პატარა შუშის ან სხვა მასალის ბურთულები, მძივები და აშ., ისე დიდი ზომის ნივთები სხვადასხვა სიგრძის ხის და ფებიროლური თამაშებისთვის და ა.შ.
როლური თამაში - სოციალური წარმოსახვითი თამაში, რომელიც საშუალებას აძლევს ბავშვს, წარმოიდგინოს საკუთარი თავი კონკრეტულ როლში და შესაბამისად მოირგოს იგი. წარმოსახვა ეფუძნება ამბავს, რომელშიც ბავშვები მონაწილეობენ და თან იგონებენ სიუჟეტს.
რუტინული აქტივობები - აქტივობები, რომლებიც ყოველდღიურად სრულდება და მნიშვნელოვანია სასწავლო-სააღმზრდელო პროცესისწ არმატებულად წარმართვისთვის. რუტინულიაქტივობებია: ჯგუფში მიღება, კვება, დასვენება, ჩაცმა, ხელის დაბანა და სხვა.
სასკოლო მზაობის ჯგუფი - ჯგუფი, რომელშიც ხორციელდება სასკოლო მზაობის პროგრამა. ჯგუფში ჩართული არიან წინასასკოლო ასაკის ბავშვები, არაუმეტეს 25 ბავშვისა; ჯგუფში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს უძღვებიან აღმზრდელი დათანაშემწე.
საქმიანობა - თემასთან დაკავშირებული, თამაშზე ან თამაშის ელემენტებზე დაფუძნებული აქტიური და ინტერაქტიული საქმიანობა. საქმიანობების ტიპებია: აქტივობები, წესებიანი თამაშები, როლური თამაშები და პროექტები. საქმიანობები ხელს უწყობს ბავშვის მრავალმხრივ განვითარებას და ბავშვებს შორის თანამშრომლობას.
სკაფოლდინგი - „ხარაჩოების შეყენება“. ბავშვისთვის დახმარების გაწევა იმ მიზნით, რომ მან უფრო ეფექტურად გააკეთოს ის, რაც თავად სურს ან შეასრულოს დავალება, რომელიც უფრო დახვეწილ და რთულ უნარებს მოითხოვს მისგან და არის დავალება, რომლის შესრულებაც მას დამოუკიდებლადაც შეუძლია.
სპონტანური სასწავლო სიტუაციები - გარეგანი გავლენის გარეშე, თავისთავად წარმოქმნილი სიტუაციები, რომლებიც ხელსაყრელ შესაძლებლობებს იძლევა სწავლა-სწავლებისთვის.
უნივერსალური დიზაინი - გარემოს წინასწარი ორგანიზება და საქმიანობების დაგეგმვა ისე, რომ თითოეულ ბავშვს მიეცეს აქტივობებში სრულად ჩართვის საშუალება.
ფონემური ცნობიერება - სამეტყველო ნაკადში სიტყვების, მარცვლების, ბგერების გამოყოფის უნარი.
შესაბამისობა - პროგრამის ყველა ასპექტის, პროცესის დაგეგმვა, ფიზიკური გარემოს მოწყობა, აქტივობებისა და რესურსების შერჩევა, აქტივობების განხორციელება, აღმზრდელის ქცევა და ა.შ. მორგება თითოეული ბავშვის თავისებურებებზე, ინტერესებსა და საჭიროებებზე.
წესებიანი თამაში - საქმიანობა, რომელსაც აქვს ლოგიკური დასაწყისი და დასასრული და, როგორცწესი, გულისხმობს წაგებულ და მოგებულ მხარესაც. თამაში ორ ან მეტ ბავშვს შორის ინტერაქციას მოიცავს. წესებიანი თამაშის დროს ხშირად გამოიყენება კონკრეტული თამაშისთვის საჭირო სპეციალური მასალა, მაგალითად, ბურთები, კამათელი, ბარათები რიცხვებით, სურათებიანი ბარათები და ა.შ. წესებიან თამაშებს მიეკუთვნება როგორც სპორტული თამაშობები, ისე სამაგიდო თამაშები.
იხილეთ ასევე: