ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა შესარჩევად კონკურსი მიმდინარეობს. სულ ოთხი დარგის სპეციალისტთა შერჩევაა დაგეგმილი - სკოლამდელი აღზრდის განათლების ხარისხის, კურიკულუმის, კვებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების.
სკოლამდელი დაწესებულებების 4 დარგის სპეციალისტთა შერჩევა 15 მაისამდე უნდა მოხდეს
საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესისთვის სულ 240-მა ექსპერტმა უნდა იმუშაოს. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ამ ექსპერტთა ეთიკის კოდექსი შეიმუშავა.
აღნიშნული კოდექსის მიხედვით, თითოეულმა ექსპერტმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომლის მიხედვითაც, ხელს შეუწყობს ადრეული აღზრდისა და განათლების ხარისხის განვითარებას და განამტკიცებს საზოგადოების ნდობას ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებისადმი.
„ეთიკის კოდექსი ეფუძნება საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ ღირებულებათა სისტემას. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ექსპერტთა საქმიანობის სტანდარტებისა და ქცევის ერთიანი წესების დამკვიდრებასა და მათ მიერ საკუთარი მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის გაცნობიერებას. ეთიკური ქცევის პროფესიული სტანდარტები უნივერსალურია და აერთიანებს პატიოსნებისა და ნდობის, კანონმორჩილების, მიუკერძოებლობისა და კეთილსინდისიერების, ინტერესთა კონფლიქტის დაუშვებლობის, კონფიდენციალურობის, გულისხმიერებისა და წინდახედულობის, გამჭვირვალობისა და ღიაობის, ანგარიშვალდებულების, პროპორციულობისა და პროფესიონალიზმის პრინციპებს“, - წერია აღნიშნულ კოდექსში.
კოდექსი სულ 6 მუხლისგან შედგება.
მუხლი 1. კეთილსინდისიერება
ექსპერტი საქმიანობისას ვალდებულია დაიცვას კეთილსინდისიერების პრინციპი, რაც გულისხმობს, რომ:
მუხლი 2. ობიექტურობა/მიუკერძოებლობა
ექსპერტი საქმიანობისას ვალდებულია იყოს ობიექტური/მიუკერძოებელი, რაც გულისხმობს:
ა) ექსპერტი საკუთარი ფუნქციების შესრულებისას თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი წინასწარი განწყობებისა და შეხედულებებისაგან;
ბ) ექსპერტი უნდა ინარჩუნებდეს ნეიტრალურობას ნებისმიერ სიტუაციაში და არ ექცეოდეს დაინტერესებული მხარეების გავლენის ქვეშ, მათი სტატუსის მიუხედავად;
გ) ექსპერტმა არ უნდა მიიღოს საჩუქარი ან სხვა ნებისმიერი სარგებელი დაწესებულებისგან ან სხვა ნებისმიერი იმ პირისგან, რომელიც ჩართულია ადმინისტრაციული წარმოების პროცესში.
მუხლი 3. კოლეგიალობა
ექსპერტი საქმიანობისას ვალდებულია დაიცვას კოლეგიალობის პრინციპი, რაც გულისხმობს:
ა) საჯაროდ/ფორმალურ გარემოში ექსპერტის აზრის გამოხატულება არ უნდა იყოს მიმართული მისი კოლეგების, ცენტრის, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს და სააპელაციო საბჭოს დისკრედიტაციისაკენ. კონსტრუქციული და განმავითარებელი კრიტიკა არ ჩაითვლება მადისკრედიტებელ ქმედებად;
ბ) ექსპერტი ორიენტირებული უნდა იყოს თანამშრომლობაზე და არ ცდილობდეს პრივილეგირებულ პოზიციაში თავის წარმოჩენას.
მუხლი 4. თვითგანვითარება
ექსპერტი ვალდებულია მუდმივად ზრუნავდეს თვითგანვითარებაზე, რაც გულისხმობს:
ა) ექსპერტი უნდა გამოხატავდეს მუდმივ მზაობას, იყოს ჩართული პროფესიული განვითარების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებში;
ბ) ექსპერტი უნდა ეცნობოდეს შესაბამის სფეროში მიმდინარე სიახლეებს.
მუხლი 5. კონფიდენციალურობა
ექსპერტი ვალდებულია არ გაასაჯაროოს ან/და პირადი ინტერესისთვის არ გამოიყენოს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოპოვებული ინფორმაცია ან/და შესაბამისი დოკუმენტები და დაიცვას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები.
მუხლი 6. ეთიკის კოდექსის დარღვევის შედეგები
ექსპერტის მიერ ეთიკის კოდექსის დარღვევა წარმოადგენს ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული „ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესით“ გათვალისწინებული წარმოების დაწყების საფუძველს.
იხილეთ ასევე: