ქობულეთში, მე-2 საბავშვო ბაღში, ზღვის მიერ გამორიყული საბურავებით და სხვა მეორადი მასალებით ეზო გაალამაზეს.
იდეა, გადაყრილი ნივთებით სხვადასხვა სილამაზეები შეექმნათ, ბაღის აღმზრდელს, ინგა ჯინჭარაძეს ეკუთვნის. ის გვიყვება, რომ ამ საქმეში აღსაზრდელებთან ერთად მათი მშობლებიც ჩართო.
„ჯგუფში თემად „ნარჩენების მართვა“ შევიტანე. მომზადებული თვალსაჩინოებით ბავშვებს ვასწავლე ნარჩენების დახარისხება. ამ თემისთვის დამჭირდა ასევე მშობლების ჩართულობა, რათა მოეტანათ სხვადასხვა მეორადი მასალა. ბავშვებზე დაკვირვებამ მიმიყვანა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ მოგვეწყო პიკნიკი და ზღვის მიმდებარე ტერიტორია დაგვესუფთავებინა.ზღვის მიერ გამორიყული საბურავებით გადავწყვიტეთ ბაღის ეზოს მორთვა და გალამაზება ყვავილებით“, - გვიყვება აღმზრდელი.
როგორც ინგა ჯინჭარაძე skolamdelebi.ge-სთან ამბობს, მისმა აქტიურობამ ბავშვები ძალიან გაახარა.
„ბავშვების სიხარული უსაზღვრო იყო. ვფიქრობ, სახალისო და საინტერესო აქტივობა გამოვიდა, რომელსაც პრაქტიკაში მერეც ხშირად გამოიყენებენ ბავშვები. ჯგუფში შეგროვებული გამოყენებული ნივთებით ბავშვების მარჯვე ხელებმა სხვადასხვა თვალსაჩინო რამ მოამზადეს. მუშაობის პერიოდში დავიწყეთ მაკულატურის შეგროვება, ვისაუბრეთ, თუ როგორ უნდა გავუფრთხილდეთ ბუნებას. სიმბოლურად, ბაღის ეზოში ხეც დავრგეთ. პლასტმასის ბოთლებისაგან თვითფრინავი, მანქანები, საყვავილეები გავაკეთეთ და ამ ნივთებით თამაშობენ და ხალისობენ ბავშვები. ბოთლის თავსახურებით ააწყვეს ყვავილები და ა.შ.“.
იხილეთ ფოტოები: