თბილისში, ვარკეთილში საბავშვო ბაღის შენობას ბზარები გაუჩნდა, რის შემდეგაც ექსპერტიზაც ჩაუტარდა. როგორც ირკვევა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას სასწრაფოდ აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარება ესაჭიროება, რაც აღსაზრდელების მშობლების შეშფოთების მიზეზი გახდა.
„196-ე ბაგა-ბაღის შენობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და სეისმურ ნორმებთან შეუსაბამო. დაზიანებები დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით, #1 ბლოკზე III ხარისხისაა, ხოლო #2 ბლოკზე II-III ხარისხისაა. ამ ეტაპზე ბაღის ორივე ბლოკზე მყისიერი რღვევის საფრთხე არ არსებობს, თუმცა მათი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია 7-8 ბალიანი მიწისძვრის შემთხვევაში. ამიტომ, #1 ბლოკი, დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე, ექსპლუატაციისთვის დროებით უვარგისია, ხოლო #2 ბლოკის ხანმოკლე ექსპლუატაცია შესაძლებელია. დეფორმაციების პროგრესირებადი ხასიათიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ ორივე ბლოკზე უახლოეს პერიოდში აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოები, რითაც მათი სეისმედეგობა გარკვეულწილად გაიზრდება. სამუშაოები უნდა განხორციელდეს დეტალური კვლევის საფუძველზე დამუშავებული პროექტის მიხედვით. ასევე, ბაღის ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს ვერტიკალური გეგმარება - მოეწყოს წყალარინების სისტემა და ატმოსფერული ნალექები გადაყვანილ იქნეს ბაღის ტერიტორიიდან“, - ნათქვამია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაში, რომელიც აღნიშნულმა უწყებამ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიმდინარე წლის 13 მარტს გაუგზავნა.
აღნიშნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ, ექსპერტიზის ბიუროს 24 იანვარს მიმართა და 196-ე საბავშვო ბაღის ტექნიკური მდგომარეობის შესწავლა, დაზიანების გამომწვევი მიზეზებისა და მათი აღმოფხვრის გზების გაცნობა მოსთხოვა.
აღნიშნული დაზიანებების მიუხედავად, საბავშო ბაღი ფუნქციონირებას ისევ აგრძელებს.
აღშფოთებული მშობლები სოციალურ ქსელში წერენ:
„ამ დასკვნით რომ აგრძელებს 196-ე ბაღი მუშაობას, სადაა სამართალი, მაინტერესებს და ვინ უნდა მიხედოს ამ საკითხს? ბაღის წინა მხარე უვარგისია გამოსაყენებლად და სასწრაფოდ დაახურინა სამხარაულმა. ბავშვები გადაიყვანეს ბაღის უკანა მხარეს. ერთ ოთახში ორი ჯგუფია, სადაც ასევე II-III ხარისხის დაზიანებაა. ვინ შეამოწმებს ყოველდღე, როდის გახდება მესამე ხარისხის დაზიანება და ჩამოენგრევა ბავშვებს თავზე?... ბაღების სააგენტოს რეაქცია აქვს 0, როცა ამდენი ბავშვის სიცოცხლე რისკის ქვეშაა. მაინტერესებს, მერე ვინ აგებს პასუხს? მე რომ მეშინია, ჩემი შვილი უნდა დარჩეს გამოსაშვებ ჯგუფში ყველაფრის გარეშე?“;
„მე აღარ დამყავს ბაღში ამის გამო, თუმცა მისი ჯგუფი ჩვეულებრივად განაგრძობს სწავლებას. რამე რომ მოხდეს, პასუხს ვინ აგებს ამდენ ბავშვზე? ბზარებია, რომელიც ყოველდღე იზრდება“;
„მეც აღარ დამყავს ბავშვი. თუ ერთი მხარე ისეთი ავარიულია, რომ დაიკეტა, მეორე მხარესაც არ აკლია ავარიულობა, სულ დაბზარულია კედლები. მთლიანი ბაღი რომ ერთ მხარესაა, ზეწოლა ხდება შენობაზე და არავინ იცის, რა დროს რა იქნება. ერთ მხარეს რომ ამდენი ბავშვია, დარბიან და თამაშიბენ, არანაკლები ბიძგებია. აუცილებელი არაა მიწისძვრა იყოს, გაბზარულ კედლებში ამდენი ბავშვის სირბილი და ხტუნაობა-თამაშიც საკმარისია“;
„მეც არ დამყავს, ბზარებია ყველგან ძალიან მეშინია, ბავშვს ვერ ჩავაგდებ საფრთხეში. იქნებ რამე ზომა მიიღონ ან ფართო იქირაონ, რომ ბავშვები ასე არ დარჩნენ სახლში“;
„არავის აღარ დაჰყავს ბავშვები და რომ დაკეტონ ან გადაგვიყვანონ სადმე, მიაქციონ ყურადღება... მერე, რამე რომ მოხდეს, რაღას იტყვიან? ბავშვებიც საფრხეში არიან და სხვა იქ მყოფებიც. „საშიში არაა“ - ეს პასუხი არ არის დასამშვიდებელი. მიხედონ ბაღს ვისაც ეკუთვნით“.
საბავშო ბაღის საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი, ნანა ქაშიბაძე skolamdelebi.ge-სთან ამბობს, რომ დაწესებულების ადმინისტრაცია ექსპერტიზის დასკვნის მითითებების მიხედვით იქცევა.
„ექსპერტებიც ჩვენთან ერთად მუშაობენ პრობლემის მოგვარების გზებზე. არავის არაფრად უღირს თუნდაც ერთი ბავშვის მცირედი დაზიანება. ყველა პროცესი გამჭვირვალეა. საქმე ბავშვების უსაფრთხოებას ეხება და რადგან ბაღის ადმინისტრაცია არ ვიყავით კომპეტენტური, ბზარები რომ გაჩნდა, მოვითხოვეთ ექსპერტიზა, რათა გაგვერკვია, იყო თუ არა საფრთხის შემცველი ეს მდგომარეობა. ახლა კი მივყვებით ექსპერტიზის და ზემდგომის რეკომენდაციებს. დასკვნის მიხედვით, მეორე ფლიგელს არ ემუქრება მყისიერი ნგრევის საფრთხე. თუ დეფორმაცია იქნება პროგრესირებადი, შემდეგ ეტაპებსაც აუცილებლად გავასაჯაროებთ. ბაღში საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესი მიმდინარეობს და ბავშვები ჩვეულებრივად დადიან“, - გვითხრა ნანა ქაშიბაძემ.
იხილეთ ასევე:
16 სკოლამდელი დაწესებულება, რომელიც 14 თვეში უნდა აშენდეს - საბავშვო ბაღების ჩამონათვალი