როგორ დავეხმაროთ სკოლამდელი ასაკის ბავშვებს შემეცნების განვითარებაში - რეკომენდაციები
სკოლის ასაკის მოახლოვებასთან ერთად, მშობლებს ემატებათ შფოთი, თუ როგორ ისწავლიან სკოლაში მათი შვილები, ამის შესახებ - საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ გამოშვებულ სახელმძღვანელოშია ნათქვამი, რომელიც პოზიტიურ მშობლობას ეხება. პუბლიკაციაში ამ საკითხთან დაკავშირებით პრაქტიკული რჩევებიც არის მოცემული.
ზოგი მშობელი 5 წლის ასაკიდან აჩვევს ბავშვს მეცადინეობას. გამოყოფს ე.წ. სამეცადინო დროს, სვამს ბავშვს მაგიდასთან და ავალებს ანგარიშთან ან წერა-კითხვასთან დაკავშირებული აქტივობების შესრულებას. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი პრაქტიკა ნაკარნახევია მშობლების სურვილით, გაუადვილონ ბავშვს სკოლაში სწავლის პერიოდი, ამან, რიგ შემთხვევაში, შესაძლოა უკუეფექტი გამოიწვიოს, ბავშვს სწავლასთან დაკავშირებით არასასიამოვნო ემოციები გაუჩინოს და ხალისი დაუკარგოს.
გახსოვდეთ, რომ სკოლისათვის მზაობა ბევრად უფრო მეტია, ვიდრე 20-მდე ან 100-მდე თვლა, ან ასოების ცნობა და გამოწერა.
თანამედროვე კვლევები სკოლისათვის მზაობას ასე ახასიათებს:
- მოსმენისა და კითხვების დასმის უნარი
- საკუთარი აზრების გამოხატვისა და სხვებთან კომუნიკაციის უნარი
- ქმედების დაწყებამდე დაფიქრების უნარი
- ცნობისმოყვარეობა და ახლის გაგების სურვილი
- წიგნებთან ურთიერთობის გამოცდილება
- წარწერებით, ნაწერებით დაინტერესება და იმის გააზრება, რომ წინადადებები სიტყვებისგან შედგება
- გაზიარებისა და ჯერის დაცვის უნარი
- მარტო და სხვებთან ერთად საქმიანობის უნარი
ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ეს უნარი „მეცადინეობებისთვის“ გამო-ყოფილ კონკრეტულ დროს კი არა, არამედ გულისხმიერ და მზრუნველ უფროსთან ყოველდღიურ ურთიერთობებში ვითარდება. ბავშვები, ბი-ჭებიც და გოგოებიც, უამრავ რამეს სწავლობენ საოჯახო საქმიანობებში ჩართულობით, თამაშით, დედასთან და მამასთან, ოჯახის დანარჩენ წე-ვრებთან აქტიური ურთიერთობით.
- მონაწილეობა მიაღებინეთ ბავშვებს საოჯახო ღონისძიების დაგეგმვაში -რაიმე თარიღის აღნიშვნა, სტუმრად წასვლა, პიკნიკის დაგეგმვა და სხვა. ერთად იფიქრეთ, კვირის რომელ დღეს და დღის რომელ მონაკვეთში ჯობია ამის გაკეთება, ერთად ჩამოთვალეთ რა არის საჭირო მოსამზადებლად, გაინაწილეთ როლები და ბავშვსაც მიეცით მისი ასაკისთვის შესაბამისი რაიმე პატარა დავალება, გამოხატეთ კმაყოფილება მისი მონაწილეობისა და მონდომების გამო.
- მოამზადეთ ბავშვთან ერთად რაიმე კერძი ან გამოაცხვეთ ნამცხვარი. მიეცით საშუალება, მონაწილეობა მიიღოს ინგრედიენტების მომზადებაში. ერთად ჩამოწერეთ სია: რამდენი კვერცხი, შაქარი და ფქვილი გვჭირდება? ერთად წადით მაღაზიაში, ერთად დააკვირდით წარწერებს, რა დევს ამ თაროზე, რა ღირს? მოდი, აბა, ერთად ავწონოთ, რამდენია გრამი? კილოგრამი?
- ჩართეთ ბავშვი მომზადების პროცესშიც: როგორ გავადნოთ კარაქი? რა მოხდება, როცა ყვითელ კვერცხის გულებში თეთრ შაქარს ავურევთ? რა მოხდება, როდესაც სოდას ძმარს დავასხამთ, რატომ?
- ბავშვთან ერთად გარეცხილი სარეცხის გადარჩევა და დახარისხება საშუალებას გაძლევთ, ისაუბროთ: ფერებზე, კატეგორიებზე, კუთვნილებაზე, დანიშნულებაზე, სეზონებზე.
- გააწყვეთ სუფრა ბავშვებთან ერთად, ჰკითხეთ, მათი აზრით, რამდენი თეფში, ჭიქა თუ ჩანგალი დაგჭირდებათ.
- რაც შეიძლება ადრეული ასაკიდან შეაჩვიეთ ბავშვი დამოუკიდებელ ჭამას და გახადეთ იგი ოჯახური სადილების სრულფასოვანი წევრი. ჭამის დროს ჩართეთ ბავშვი ოჯახის წევრებს შორის გამართულ დიალოგებში. ეს საუბრები შეიძლება ეხებოდეს საკვებს, დღის მანძილზე მომხდარ ამბებს ან ნებისმიერ სხვა თემას. ყველა შემთხვევაში, ამგვარ ოჯახურ რიტუალებში ბავშვის მონაწილეობა ზრდის მის შემეცნებით და ენობრივ უნარებს, ასევე დამოუკიდებლობასა და მიკუთვნებულობის განცდას.
ცხადია, რომ საოჯახო საქმიანობებში და რუტინებში ამგვარი ჩართულობა ბიჭებისთვის და გოგოებისთვის ერთნაირად სასარგებლოა.
გახსოვდეთ: მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი აქტივობები მრავალფეროვან სასწავლო ასპარეზს იძლევა, ეცადეთ, არ გადააქციოთ ისინი „გამოცდად“. მოერიდეთ კომუნიკაციის გამომცდელ და დირექტიულ სტილს, მაგალითად: „აბა, მითხარი, ეს რა ფერია?“, „აბა, მითხარი ეს რამდენია?“. ამით შესაძლოა, ბავშვს თანამშრომლობის სურვილი დააკარგვინოთ.
საღამოობით ერთობლივი საოჯახო სამაგიდო თამაშების ტრადიციის შემოღება - ლოტო, ფაზლი თუ სხვა ტიპის სამაგიდო თამაში, არა მხოლოდ დროის ერთად და სასიამოვნოდ გატარებაში გეხმარებათ, არამედ ბავშვებს სახალისო გზით ასწავლის გადათვლის, დაკავშირების, ნახატისა და ნაწერის შეერთების, ფერების ცნობის, ჯერის დაცვის და სხვა მნიშვნელოვან უნარებს.
მოუყევით ბავშვებს ამბები, წაიკითხეთ მათთან ერთად, მათთან ერთად უყურეთ ტელევიზორს. ამ პროცესში შეეცადეთ იყოთ ხალისიანი და საინტერესო:
- წიგნის კითხვისას ან მულტფილმის ყურებისას, შეჩერდით გარდამტეხ მომენტზე და კითხეთ ბავშვს, მისი აზრით, როგორ განვითარდება მოვლენები? რას მოიმოქმედებს პერსონაჟი?
- ამბის გაგრძელებობანა - დაიწყეთ ამბის თხრობა და კონკრეტული ეპიზოდის დამთავრების შემდეგ, მიეცით თქვენს შვილს გაგრძელების შესაძლებლობა.
- „რა მოხდებოდა, რომ“ - დაუსვით ბავშვებს ჰიპოტეტური კითხვები. მაგალითად, რა მოხდებოდა, ადამიანებს ძილი რომ არ სჭირდებოდეთ?
- მიზეზების გამოცნობა - მოუყევით თქვენს შვილს რეალური ან წარმოსახვითი სცენარი და სთხოვეთ, იფიქროს კონკრეტული პერსონაჟის ქცევის მოტივებზე. მაგალითად, მძღოლი ჩაჯდა მანქანაში, დაქოქა, დაძრა, მალევე გააჩერა, გადმოვიდა და სახლში აბრუნდა. ჰკითხეთ - რატომ?
ამგვარი საუბარი და საქმიანობა ბავშვს შემეცნებით და ენობრივ უნარებს გაუვარჯიშებს. ასწავლის, როგორ გამოიყენოს დახარისხების უნარი ფუნ-ქციურად. ასწავლის დაგეგმვას და ამოცანის ნაბიჯ-ნაბიჯ შესრულებას, მოამზადებს არითმეტიკისა და კითხვის შესასწავლად, გააუმჯობესებს მის თანამშრომლობით/სოციალურ უნარებს და მოამზადებს დამოუკი-დებელი ცხოვრებისათვის, შემატებს თვითრწმენას.
იხილეთ ასევე:
რა დონეზე უნდა იცოდეს ბავშვმა მათემატიკა სკოლაში შესვლამდე
„სკოლა არ გაძლევს ჭადრაკის თამაშით სწავლების საშუალებას, რაც ბაღში შესაძლებელია“ - საბავშვო ბაღი, სადაც ჭადრაკი ისწავლება