დღის თემა
etaloni.ge
რაზე ოცნებობს თბილისში საბავშვო ბაღის ერთადერთი მამაკაცი დირექტორი - „მინდა, გვქონდეს დიდი ზომის მანქანები, ტრაქტორები, ვეფხვები და ლომები“
17.03.2023

თბილისში არსებული 187 მუნიციპალური საბავშვო ბაღიდან მხოლოდ ერთს ჰყავს მამაკაცი დირექტორი. ის იაგო მაისურაძეა - დიდ დიღომში მდებარე 199-ე საბავშვო ბაგა-ბაღ „ხუთკუნჭულას“ ხელმძღვანელი.

როგორც იაგო მაისურაძე skolamdelebi.ge-ს უყვება, ამ სფეროში შემთხვევით აღმოჩნდა. ახლა კი პატარებზე დიდი ემოციებით საუბრობს, ყველა აღსაზრდელს შვილად მიიჩნევს და ამბობს, რომ გამოთქმა - „მასწავლებელი ზოგჯერ უშვილო, მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი“, მას ახლა ზუსტად შეესაბამება, რადგან ჯერჯერობით საკუთარი შვილები არ ჰყავს.

იაგო მაისურაძე: ბერლინში ვცხოვრობდი და იქიდან 2007 წელს დავბრუნდი. ჩემი ოჯახი საბურთალოზე ცხოვრობდა და მერე დიდ დიღომში გადმოვედით. მაშინ ეს მიკრო რაიონი ინფრასტრუქტურულად გამართული არ იყო - არც სკოლა იყო, არც საბავშვო ბაღი და სურვილი გამიჩნდა, რაღაც შეცვლილიყო. მაშინ საქართველოში დარჩენას არ ვფიქრობდი, ისევ გერმანიაში წასვლა მინდოდა.

ქვეყნის მაშინდელ პრეზიდენტთან ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომელიც ამ უბანში შედგა, ცოტა აღელვებით ვთქვი, ხომ შეიძლება გარეუბანშიც რაღაც გაკეთდეს, თუნდაც სკოლა, თუნდაც საბავშვო ბაღი და განათლების ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ ბავშვებს-მეთქი. ეს ვთქვი და წამოვედი. ცოტა ხნის შემდეგ კი საბურთალოს რაიონის გამგებელი დამიკავშირდა და მითხრა, სად გინდათ, სკოლა და ბაღი გაკეთდესო. დავიბენი... აქ იყო დაუმთავრებელი შენობები. ერთ შენობაში სსრკ-ს დროს უნდა აშენებულიყო საბავშვო ბაღი. რაჭველი კი ვარ და გვიან ვფიქრობ, მაგრამ უცბად თავში მომივიდა აზრი, ამ შენობაზე მიმეთითებინა. მერე ვანახე კიდეც ის შენობა. ეს ხდებოდა 2008 წლის სექტემბერში. ორი თვე დღე და ღამე მუშაობდნენ და 17 დეკემბრის გაიხსნა კიდეც ბაღი.

დეკემბრის დასაწყისში მივდიოდი გერმანიაში. ბილეთებიც დაჯავშნილი მქონდა. წასვლამდე 10 დღით ადრე მომაკითხა გამგებელმა და მითხრა, როგორც დაიწყე ეს საქმე, ისე მიიყვანე ბოლომდე, საბავშვო ბაღს შენ უნდა უხელმძღვანელოო. ეს იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის... დედაჩემმაც მითხრა მაშინ, ალბათ ეს შენი ცხოვრების გზის ნაწილია და უარი არ უნდა თქვაო. სურვილიც არ ჰქონდა დედას ჩემი წასვლისა, რადგან ალბათ სამუდამოდ წავიდოდი ქვეყნიდან.

დავინიშნე ბაღის ხელმძღვანელად და დავიწყეთ ეს საქმიანობა. თავიდან ცოტა ადვილად ვუყურებდი ამ საქმეს, რადგან მსგავს სფეროსთან მანამდე ნაკლებად მქონდა შეხება. თავიდან 14 თანამშრომელი მყავდა. დღეს 780 აღსაზრდელი და 145 თანამშრომელია ჩვენს ბაღში.

ურთულესი გამოწვევებიც იყო და ბევრი სიხარულიც... დიდი მონდომება სჭირდება, რომ სისტემა შექმნა. პროფესიით გერმანისტი ვარ და ახლა სამართალმცოდნეობაზე ვსწავლობ. სამართლის დაუფლება იქიდან გამომდინარე გადავწყვიტე, რომ მინდოდა, კანონები შემესწავლა - ბავშვთა და თანამშრომლების  უფლებები. საბავშვო ბაღი კი არა, ფაქტობრივად უნივერსიტეტია - გადარიცხვები, ფინანსები... იმდენად რთული შიდა სამზარეულო აქვს საბავშო ბაღს, თუ კარგად არ გაეცნობი და გაერკვევი, ძალიან რთულია აქ მუშაობა. ბევრ რამეში კარგად გავერკვიე და ამაში უნივერსიტეტიც ძალიან მეხმარება.

- ბავშვებთან ურთიერთობაზე გვიამბეთ - ალბათ შეუძლებელია, პატარები ძალიან არ გიყვარდეს და ისე იტანდე მათ ჟრიამულს, ტირილს, პრეტენზიებს...

 - ბავშვებთან ურთიერთობა და კონტაქტი ყოველთვის მიყვარდა. ჩემთვის უდიდესი ემოციაა მათთან ყოფნა. ჯგუფში შესვლა კი ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობაა. თუ ბავშვს არ მოსწონხარ, ის არ გაგიცინებს, თუ ბავშვს არ უყვარხარ, ის არ ჩაგეხუტება. ამიტომ, თავად ბავშვები მაძლევენ იმ სტიმულს, იმ ენერგიას, რომ ყოველთვის ვიყო ენერგიული და ყოველთვის გავაკეთო ის, რაც მათ მოეწონებათ.

ბავშვებთან ურთიერთობა დიდ ყურადღებას და სიფრთხილეს მოითხოვს. წინასწარ უნდა გქონდეს განსაზღვრული ბავშვის ქმედება. ბავშვებს ვადარებ თევზებს - ისინი დაცურავენ და აქედან გამომდინარე, ძნელია მათი დაჭერა, გაგისრიალდება ხელიდან. ამ მოძრაობებში იმდენი ყურადღება გჭირდება, რომ განსაზღვრო, რა შეიძლება მათ სირბილსა თუ თამაშს მოჰყვეს...

შეიძლება ბავშვი არაკონფლიქტური იყოს, მაგრამ, მაგალითად, სათამაშოებთან დაკავშირებით, ჰქონდეთ ის მომენტი, რომ რაც უფრო მეტი აქვს, კიდევ უფრო მეტი უნდოდეს და კონფლიქტი წარმოიქმნას. ფერებზეც ბევრს კამათობდნენ. შეიძლება უამრავი ფერი იყოს, მაგრამ ერთმა რომ წითელი აიღო, სხვებსაც წითელი უნდათ. ერთს რომ მწვანე ფერის ფანქარი აქვს, სხვასაც მწვანე უნდა და ეს ყველაფერი წინასწარ უნდა განსაზღვრო და დააბალანსო.

თუ ბავშვივით არ იფიქრებ და იაზროვნებ, მათთან ურთიერთობა და მეგობრობა არ გამოგივა. ხიდი არ უნდა ჩატეხო შენსა და ბავშვებს შორის - რადგან უფროსი ხარ, შენი გადაწყვეტილება აპრიორი არ უნდა იყოს. ეს ისეთი დაწესებულებაა, შენც უნდა იყო 2-3-4-5 წლის და ამ ასაკის შესაბამისად იფიქრო და იაზროვნო. როდესაც ეს აზროვნება თანაბრდება, მაშინ უკვე ყველაფერი ლაგდება.

- თავად როგორ გახსოვთ ბავშვობა, რამდენად თავისუფლად იზრდებოდით?

- არ გავზრდილვარ ისეთ ოჯახში, სადაც ხმაური და ჩხუბი იქნებოდა, ძალიან ჰარმონიული გარემო და სრული თავისუფლება მქონდა. ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი და ჩემს ყველა ახირებას და სიცელქეს იტანდა ჩემი ოჯახი. ვთვლი, რომ ბავშვი, რომელიც დარბის, ჩხუბობს, ყვირის, ჩვეულებრივი ამბავია. ბავშვმა ბავშვურად უნდა იცხოვროს. ყველაზე კარგია, თუ ბავშვთან მეგობრულ კავშირს დაამყარებ და საუბრით მოაგვარებ. ეუბნები, ერთად დავხატოთ, ვირბინოთ, ასე გავაკეთოთ... რა დროს ხდება ბავშვი აგრესიული? როდესაც ჩვენ მის მიმართ გამოვხატავთ აგრესიას და ძალადობას, როდესაც ვჩაგრავთ და რაღაცებს ვაიძულებთ.

ბავშვებს ნება უნდა მივცეთ, ირბინონ, იხტუნონ, ხატონ, წამოწვნენ, ადგნენ... ეს ურთიერთობა და კომუნიკაცია აუცილებლად მოიტანს შედეგს. ხშირად უთქვამთ ჩემთვის, მე მამა ვარ და როგორ შეიძლება მე მოვუხადო ბოდიში, თორემ კი ვიცი, რომ შემეშალაო. ბოდიშიც უნდა მოუხადო და კიდევაც უნდა აგრძნობინო ბავშვს, რომ შენ უფროსი რომ ხარ, შეუცდომელი არ ხარ, შენც გეშლება. ბავშვობის აგრესია დიდობაში იჩენს თავს, როდესაც ბავშვი ცუდ გარემოშია გაზრდილი და აღზრდილი. თუ მშობლები თანამშრომლობენ ჩვენთან და მოგვყვებიან, მაშინ კარგ შედეგზე გავდივართ.

- ბავშვის შინაგან ბუნებაზე, მიდგომაზე - რაზეა დამოკიდებული როგორი გაიზრდება?

- ყველაზე კარგი მასალა ზუსტად ორი წლიდან არის ბავშვი. 2 წლამდე პატარა იზრდება დედის კალთაზე. საბავშვო ბაღში პატარა კომუნიკაციის სფეროში შემოდის. მშობლებს სულ ვეუბნები, რომ, მაგალითად, კალიასთან, პეპელასთან, ხვლიკთან და თუნდაც ბუზთან ურთიერთობა და სიყვარული ვასწავლოთ. ქუჩის ძაღლს რომ დაინახავს ბავშვი, დედა ეუბნება, ქვა ესროლე, ჯოხი დაარტყი... არანაირად არ შეიძლება ბავშვთან მსგავსი საუბარი. უთხარით, ხეს მოეფეროს, ყვავილს წყალი დაუსხას...

ბაღის ეზოში ხვლიკი დარბოდა. ისეთი თვინიერი ხვლიკი იყო, ჩემს ხელზეც ამოცოცდა. ბევრმა ბავშვმა გაიკვირვა, ზოგს შეეშინდა,ზოგს გაუხარდა, ზოგმა თქვა, მოდი, მოვკლათ, ქვა დავარტყათო. უყურებდნენ ჩემს ქმედებას. ვუთხარი, რომ ეს იყო ცოცხალი არსება, ბუნების ნაწილი, რომელსაც უნდა მოვუფრთხილდეთ. ბავშვმა დაინახა, რომ ჩვენ თუნდაც ამ არსების მიმართ აგრესია არ უნდა გამოვხატოთ. აგრესია ყოველთვის ცუდის მომტანია. ბავშვები ისე უნდა აღზარდო, რომ შორეულ მომავალში ქვა არ გესროლონ.  

პატარებს სულაც არ სჭირდებათ დიდი ფოიე და ევრორემონტი. ჩემს ბავშვობაში ხან დიდი ტელევიზორის ყუთს მომცემდნენ, ხან კარავს გამიშლიდნენ და იქ იყო ჩემი სამყარო - ვხატავდი, ვაწეპებდი, ვჭრიდი... ასეთი უნდა იყოს საბავშვო ბაღი და არა უფროსების აზროვნებით გაკეთებული. ახლა ბაღში პატარა ყუთები დავუდგით და უნდა ნახოთ, როგორი საოცრებაა მათთვის - შეძვრებიან, ბალიშებზე დასხდებიან... ასეთ სამყაროში რომ შემოდის, აღარ ტირის ბავშვი.

ერთი მშობელი ჩიოდა, ჩემი გარემონტებული კედელი დამიჯღაბნაო. ამ დროს ბავშვმა შეიძლება ხელზე წაისვას საღებავი, მიადოს კედელს და მისთვის სრულიად ახალი სამყაროს აღმოჩენა იყოს. თუ არ გინდა, ასე გააკეთოს, მაშინ ჩხუბით და კამათით კი არა, ისე უნდა გააგებინო. 8-10 წლის რომ გახდება, თავად მიხვდება, რომელი ქმედებაა დედისთვის მიუღებელი. 6 წლამდე ურთულესი ასაკია და ბევრი საუბარია საჭირო.

ჩემი და დადიოდა ფორტეპიანოზე და ეს სულაც არ უნდოდა, მე კი იმდენად მინდოდა დამეკრა, პირველად რომ ნოტს აღმოვაჩენდი, საოცრებას ვგრძნობდი. ბავშვი რომ რამეს აღმოაჩენს, უხარია და ჩვენ ის უნდა შევაქოთ. ასე იქცეოდა დედაჩემი - სულ მაქებდა და მეუბნებოდა, შენ მეტი შეგიძლიაო. ბავშვს არასოდეს უნდა დაუშალო, როდესაც რამეს აკეთებს, „არ მოკიდო ხელი“ არ უნდა უთხრა. ის კარგავს სტიმულს, ფიქრს, მიზანსწრაფვას, ენერგიას და ყოველთვის იქნება შეშინებული და დედაზე ჩამოკიდებული ბავშვი. როცა რამეს ვეკითხები, ვერ წარმოიდგენთ, იმხელა არეალზე გადიან აზროვნებაში. მე კი თავისუფლებას მათგან ვსწავლობ. ბევრ ისეთ რამესაც ამბობენ, რაც ჩემთვის მიუღებელი და შეუძლებელია, მაგრამ ეს არის თავისუფლება! ამ ბაღში ყველა დირექტორი და დამლაგებელი ვართ.

- როგორ წარმოგიდგენიათ იდეალური ბაღი და რა პრობლემები დგას დღეს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების წინაშე?

- ერთი სტატია წავიკითხე - იაპონიაში არის არქიტექტორი, რომელმაც შექმნა ბაღი და იფიქრა, რომ ინფრასტრუქტურულად იდეალური იყო. ბავშვები რომ შევიდნენ, დააკვირდა და ორ დღეში იმდენი შეცდომები და დარღვევები აღმოაჩინა... მიხვდა, რომ ის საფეხური ისეთი არ უნდა ყოფილიყო, კიბის უჯრედი - ისეთი და ა.შ. შეიძლება, ჩვენ მოვაწყოთ ბავშვების სივრცე და გვეგონოს, რომ ყველაფერი კარგია. როგორც კი მივეცით 5-6 წლის ბავშვებს უფლება თვითონ განელაგებინათ ჯგუფში ყველაფერი, ისე დააწყვეს, ჩვენ რომ ვერც მოვიფიქრებდით, არადა, მათთვის სწორედ ასე იყო კომფორტული.

საბავშვო ბაღებს უნდა ჰქონდეთ კარგად გათვლილი ფინანსური უზრუნველყოფა, რადგან სააღმზრდელო პროცესი მოითხოვს ძალიან დიდ ფინანსებს. საქართველოში თუ რამე კარგად და გამართულად მუშაობს, ეს საბავშვო ბაღებია, თუმცა ფინანსურად ბევრად მეტი სჭირდება. მაგალითად, როცა გინდა, საახალწლო ღონისძიება ჩაატარო, წინასწარ ვერ განსაზღვრავ, რამდენი ბრჭყვიალა თუ ნაძვის ხე დაგჭირდება. თუ სატრანსპორტო აქტივობა გაქვს გასაკეთებელი - უამრავი მასალა გჭირდება - შუქნიშნები, გადასასვლელები, მანქანები, ტრაქტორები... ბავშვს ხომ უნდა აუხსნა, ხომ უნდა შეეხოს და ნახოს, როგორია ტრანსპორტი, ტრაქტორი, მზიდი... სურათებით შედეგზე ვერ გახვალ. ბავშვს უყვარს, როდესაც ხელით ეხება, ხელით შეიგრძნობს და განიცდის. ჩემი სურვილია, გვქონდეს დიდი ზომის მანქანები, ტრაქტორები, ვეფხვები თუ ლომები...

ყვავილებიც მაქვს ბაღში. არ ვეთანხმები იმ კატალოგს, რომლის მიხედვითაც გისაზღვრავენ, რა უნდა იყოს საბავშვო ბაღში და რა - არა. რაც კი ბუნებაში არსებობს, ბაღში ყველაფერი უნდა იყოს. თუნდაც ეკალი, კაქტუსი და ა.შ. ჩვენ უნდა ავუხსნათ ბავშვს, რომ ის ეკლიანია და სხვაგვარი მოპყრობა სჭირდება. ხომ შეიძლება, სხვა მცენარის ტოტი მოტეხოს და ცხვირში შეიყოს? ასე რომ, ვერ გაიგებ, რა შეიძლება იყოს  სახიფათო ბავშვისთვის და რა - არა. ასე ნებისმიერი სათამაშო სახიფათოა. მაგალითად, 5 თოჯინაა და იმით თამაშობენ. ერთი მივა, წაართმევს, მერე - მეორე, მესამე... ეს სათამაშოები შეიძლება ისეთ საბრძოლო იარაღებად გადაიქცნენ, რომ ერთმა აიღოს და მეორეს თავში ჩაარტყას.

უნდა აუხსნა და თითი მერე უნდა დაადებინო იმ ეკალზე. ჩვენ რომ მივცემთ თავისუფლებას და თვითონ შეეხება და განიცდის, ტკივილი იქნება თუ სიხარული, თავად დააბალანსებს, რამდენად ზომიერად უნდა მოკიდოს ხელი. რომ ავუკრძალოთ და არ ვასწავლოთ, სხვაგან შეიძლება ისე მოკიდოს ხელი, რომ მთლიანად დაიჩხვლიტოს თითები.

იყო შემთხვევა, როდესაც ხატვის დროს, ერთმა ბავშვმა მეორეს წაართვა მაკრატელი, რადგან მასაც ლურჯი უნდოდა და გაშლილი მაკრატელი ლოყაში ჩაარჭო. ასეთ დროს რა უნდა გააკეთო? ვისაც ჩაარტყა, იტირა, იკივლა... მუხლებზე დავიჯინე, მოვეფერე. ვინც დააზარალა, ისიც მუხლზე უნდა დაიჯინო, რომ მასში აგრესია არ დაბადო. რა თქმა უნდა, მოვეფერე, ავუხსენი... დამშვიდდა. სხვა შემთხვევაში, შეიძლება გაგექცეს და თავი უფრო მეტად დაიზიანოს. მითხრა, არ მინდოდაო. ვიცი, რომ არ გინდოდა, იცი რომ მას ეტკინა-მეთქი, ვუთხარი და მიხვდა, რომ ატკინა... მისი დედაც დავიბარე და ვთხოვე, არავითარ შემთვევაში არ დაესაჯა სახლში. ასეთი მიდგომის შემდეგ ის ბავშვი ისე მობილიზდა და ისეთ ყურადღებას იჩენდა, სხვა ბავშვს რომ სხვა არ დაეზიანებინა... მიდგომას აქვს დიდი მნიშვნელობა. თუ დასჯი, ის არასოდეს იქნება კარგი ადამიანი. დედამისი მეუბნებოდა, სახლშიც ისეთი ყურადღებიანი გახდაო. ვუთხარი, თქვენ რომ დაგესაჯათ და ყური აგეწიათ, ცუდი გაიზრდებოდა, რადგან ვერ მიხვდებოდა, რისთვის დაისაჯა-მეთქი.

- დიდი აღტაცებით საუბრობთ ბავშვებზე... ოჯახი და შვილები გყავთ?

-ჯერ არა. ალბათ რაჭული გენი მუშაობს. იმედია, უახლოეს მომავალში მეყოლება, მაგრამ იმდენი შვილი მყავს... ამ ბავშვებს თუ საკუთარი შვილებივით არ შეხედე, სხვაგვარად ვერაფერს გააკეთებ.

- „მასწავლებელი ზოგჯერ უშვილო, მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი“ მახსენდება...

- ამ ეტაპზე ზუსტად მერგება ეს გამოთქმა. ყველა ამას მეუბნება. საკუთარი შვილი თუ სხვისი შვილი, ყველა ბუნების ნაწილია და მომავალში ყველა თავის ცხოვრებას მიჰყვება. მთავარია, ჩვენ ვის როგორ აღვზრდით და გავზრდით. შეიძლება ჩვენი შვილი არ იყოს, მაგრამ მასთანაც იგივე ურთიერთობა გვქონდეს, როგორც საკუთართან. იმის ფიქრი, ვაიმე საკუთარი შვილი არ მყავს... ბავშვები, რომლებიც ჩემი აღზრდილები არიან, ეზოში მხვდებიან, სადარბაზოსთან სკვერი და ბაღი მაქვს გაკეთებული და იქ მოდიან, ჩემთან ერთად რგავენ მცენარეებს, რწყავენ... ეს არის ადამიანური ურთიერთობა, ეს არის სიხარული. მეც შვილი ვარ და წელიწადში ერთხელ თუ მოვინახულებ ჩემს მშობლებს. კი, ხშირად ვურეკავ და ვკითხულობ, მაგრამ დიდ შვილებს მშობლებთან ახლო ურთიერთობა აღარ გვაქვს. როგორ გამოადგება ქვეყანას შენი აღზრდილი ბავშვი, ამას აქვს დიდი მნიშვნელობა. სულ ვეუბნები ჩემს ბავშვებს, რომ გაიზრდებით, კარგი ექიმები, კარგი მეცნიერები მჭირდებით და - კარგი ფინანსისტები, რომ კარგი პენსია მომცეთ-მეთქი.  ეს ხომ ჩვენი მომავალი თაობაა და მათზეა დამოკიდებული ქვეყნის მომავალიც. თუ მათ არასწორად აღვზრდით, ისევ ამ ჭაობში, კარჩაკეტილობაში ვიქნებით დაბალი ხელფასებით და არ გვექნება არანაირი განვითარება.

იხილეთ ასევე:

„სიამოვნებით ვიქნებოდი აღმზრდელი, ალბათ ყველაზე კარგი და სათუთი პროფესიაა“ – მშობლები საბავშვო ბაღში აღმზრდელის როლს ირგებენ

„ამის გამო ბაღი მეჯავრებოდა“ - პოეტის ცუდი მოგონება საბავშვო ბაღზე

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი