2023 წლის 8-9 ივნისს ბათუმში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია სკოლამდელი განათლების და ზრუნვის შესახებ, - ამის შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდის ქართული ოფისი იუწყება.
კონფერენციის თემა იქნება „თამაში - ხარისხიანი განათლებისა და ზრუნვის საფუძველი“.
„კონფერენცია მოგვცემს შესაძლებლობას, როგორც პრაქტიკული, ისე თეორიული სილაბუსების მხარდაჭერის გზით კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა დავაინტერესოთ ამ საქმიანობით და ამავდროულად, გავაძლიეროთ განათლების ხარისხი სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში... გასულ წელს საფუძველი ჩაეყარა მნიშვნელოვან თანამშრომლობას როგორც უნივერსიტეტებს შორის, ასევე გავეცანით საერთაშორისო გამოცდილებას და მიმდინარე წელს უფრო ღრმად წარმოდგება ეს საკითხები საუნივერსიტეტო სივრცისთვის, რეგიონისთვის, ზოგადად ქვეყნისთვის“, - ამბობს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი.
ადრეული განათლების საკითხებზე UNICEF-ი კონფერენციას მეორედ მართავს.
როგორც გაეროს ბავშვთა ფონდი იტყობინება, კონფერენციის მიზანია, ხელი შეუწყოს აკადემიურ დისკუსიასა და ცოდნის გაზიარებას ადრეული განათლებისა და ზრუნვის ხარისხის, წვდომისა და ინკლუზიის საკითხებზე და უზრუნველყოს სფეროში მოღვაწე პროფესიონალების პროფესიული განვითარება და ფართო საზოგადოებისა და პოლიტიკის განმსაზღვრელთა ცნობიერების ამაღლება ადრეული განათლებისა და ზრუნვის მნიშვნელობაზე.
„კონფერენცია თავს მოუყრის პროფესორებს, მკვლევრებსა და სტუდენტებს, წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობიდან, პარლამენტის წევრებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, საქართველოში დიპლომატიური კორპუსის წევრებს, წარმომადგენლებს გაეროს სააგენტოებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ადგილობრივი მთავრობისა და ადრეული განათლების სფეროს წარმომადგენლებს, ასევე პრაქტიკოსებს სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან“, - აცხადებს „იუნისეფი“.
მონაწილეებს, ადრეული განათლებისა და ზრუნვის საკითხებზე ზეპირი პრეზენტაციებისთვის თეორიული, ემპირიული ან პრაქტიკაზე დაფუძნებული თეზისების წარმოსადგენად დრო ჰქონდათ მიცემული.
თეზისები შემდეგ თემებს უნდა შეხებოდა:
კონფერენციის თეზისების წარდგენის ბოლო ვადა 2023 წლის 15 თებერვალი იყო. რამდენი მონაწილე შეირჩა კონფერენციისთვის, ჯერჯერობით უცნობია.
„ეს იქნება კონფერენცია ადრეული განათლების შესახებ მთავარი აქცენტით თამაშის უფლებაზე. ჩვენ ვაგრძელებთ ადვოკატირებას და ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ყველა ძირითად პარტნიორთან ადრეული განათლების ეროვნული სტანდარტების მთელ ქვეყანაში დანერგვის მიზნით“, - აცხადებს გაეროს ბავშვთა ფონდის ქარული ოფისის ხელმძღვანელი, ღასან ხალილი.
იხილეთ ასევე: