დღის თემა
etaloni.ge
როგორ უნდა წარმოადგინოს აღმზრდელმა ტრენინგ-მოდულზე პრეზენტაცია და რა შემთხვევაში მიიღებს მაქსიმალურ ქულას
15.03.2023

„პრეზენტაცია“ და „ტესტი“ - ასე ჰქვია საბავშვო ბაღების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების 66 საათიანი ტრენინგ-მოდულის მონაწილეთა შეფასების ორ კომპონენტს, რომლებშიც აღმზრდელებმა გარკვეული ქულები უნდა დააგროვონ.

ვის შეუძლია აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის გავლა

დოკუმენტის მიხედვით, მონაწილეთა შეფასება სულ ოთხი კომპონენტის მიხედვით ხდება. ორ კომპონენტზე - „პორტფოლიო“ და „მონაწილის აქტიურობა ტრენინგზე, უკვე გიამბეთ. ორის შინაარსსა და კრიტერიუმებზე კი აქ მოგიყვებით.

პრეზენტაცია 

დავალების აღწერა: თითოეული მონაწილე აკეთებს პორტფოლიოს რომელიმე ერთი დავალების პრეზენტაციას, რომელსაც წარმოადგენს შესაბამის სესიებზე. პრეზენტაციაში უნდა ჩანდეს მონაწილის რეფლექსიისა და არგუმენტირებულად მსჯელობის უნარი. პრეზენტაციის ხანგრძლივობაა 7 წუთი.

პრეზენტაცია ფასდება 2 კომპონენტით (პრეზენტაციის შინაარსი და პრეზენტაციის წარდგენა) და სულ 5 კრიტერიუმით. თითოეული კრიტერიუმის მაქსიმალური ქულა არის 4 და მინიმალური 0.

შესაძლებელია  მონაწილემ პრეზენტაციის ქულის გაუმჯობესების მიზნით წარმოადგინოს მეორე დავალების პრეზენტაციაც. ასეთ შემთხვევაში მონაწილეს  დაემატება 5 ბონუს ქულა.

მაქსიმალური, 4 ქულის მისაღებად:

  • მონაწილემ უნდა აღწეროს, თუ რა ცოდნა და უნარები შეიძინა ტრენინგში მონაწილეობითა და პრაქტიკული დავალებების შესრულებით, მოიყვანოს კონკრეტული მაგალითები გამოთქმული მოსაზრებების გასამყარებლად და დაურთოს შეფასება.
  • ასევე, მონაწილემ უნდა აღწეროს მიღებული ცოდნისა და შეძენილი უნარებიდან გამომდინარე, რას შეცვლის/რა შეცვალა საკუთარ პრაქტიკაში და მოიყვანოს არგუმენტები, თუ რატომ მიიჩნევს აღწერილ ცვლილებებს მნიშვნელოვნად სააღმზრდელო, საგანმანათლებლო პროცესში. მსჯელობისას ადეკვატურად უნდა გამოიყენოს პროფესიული ტერმინოლოგია. უნდა ჩანდეს, რომ მონაწილე ზედმიწევნით კარგად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ მასალას.
  • მონაწილემ უნდა შეაფასოს საკუთარი ძლიერი მხარეები და გამოწვევები აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიულ სტანდარტთან მიმართებაში, მოიყვანოს შესაბამისი არგუმენტები და მაგალითები.
  • პრეზენტაციის წარდგენის კრიტერიუმების მიხედვით, მონაწილის პრეზენტაცია უნდა იყოს კარგად სტრუქტურირებული, თანმიმდევრული და დეტალური. პრეზენტაციაში უნდა წარმოდგინოს განსახილველი თემები, ძირითადი ნაწილი და დასკვნა და მიუთითოს პრეზენტაციის დროს გამოყენებული ლიტერატურა. პრეზენტაციაში წარმოდგენილი უნდა იყოს თვალსაჩინოებები, რომელიც მეტად იოლად აღქმადს გახდის პრეზენტაციის შინაარსს.
  • პრეზენტატორმა აუდიტორიის ყურადღება ბუნებრივად უნდა დაიპყროს მხედველობითი კონტაქტით მთელი პრეზენტაციის მსვლელობისას. საუბრობს თანმიმდევრულად  და გასაგებად და უნდა დაიცვას პრეზენტაციის რეგლამენტი.

მონაწილე 3 ქულას მიიღებს, თუ:

  • აღწერს, რა ცოდნა/უნარები შეიძინა ტრენინგში მონაწილეობითა და პრაქტიკული დავალებების შესრულებით, მოიყვანს კონკრეტულ მაგალითებს გამოთქმული ზოგიერთი მოსაზრებების გასამყარებლად.
  • ასევე, აღწერს მიღებული ცოდნისა და შეძენილი უნარებიდან გამომდინარე, რას შეცვლის/რა შეცვალა საკუთარ პრაქტიკაში და მოიყვანს არგუმენტს, თუ რატომ მიიჩნევს აღწერილ ცვლილებებს მნიშვნელოვნად სააღმზრდელო, საგანმანათლებლო პროცესში.
  • ტერმინოლოგიის გამოყენებისას თუ უშვებს უმნიშვნელო შეცდომებს და გამოჩნდება, რომ მონაწილე დამაკმაყოფილებლად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ მასალას.
  • შეაფასებს საკუთარ ძლიერ მხარეებს/გამოწვევებს აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიულ სტანდარტთან მიმართებაში, მოიყვანს შესაბამის არგუმენტებს/ მაგალითებს.
  • თუ პრეზენტაცია იქნება სტრუქტურირებული, მაგრამ ნაკლებად დეტალური, აკლდება სტრუქტურის რომელიმე ერთი კომპონენტი. პრეზენტაციაში წარმოდგენილი იქნება თვალსაჩინოებები, რომელიც მეტად ნაკლებად იოლად აღქმადს ხდის პრეზენტაციის შინაარსს.
  • პრეზენტატორი აუდიტორიის ყურადღებას ინარჩუნებს პრეზენტაციის განმავლობაში, საუბრბს გასაგებად და სჭირდება რეგლამენტის შეხსენება.

მონაწილე 2 ქულას მიიღებს, თუ:

  • აღწერს, თუ რა ცოდნა/უნარები შეიძინა ტრენინგში მონაწილეობითა და პრაქტიკული დავალებების შესრულებით, მაგრამ არ მოიყვანს კონკრეტულ მაგალითებს მოსაზრებების გასამყარებლად.
  • აღწერს მიღებული ცოდნისა და შეძენილი უნარებიდან გამომდინარე, რას შეცვლის/რა შეცვალა საკუთარ პრაქტიკაში არგუმენტაციის გარეშე, ან არგუმენტაცია ძალზედ ზოგადია.
  • ტერმინოლოგიის გამოყენებისას უშვებს უმნიშვნელო შეცდომებს, ჩანს რომ მონაწილე დამაკმაყოფილებლად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ მასალას.
  • მონაწილე აფასებს საკუთარ ძლიერ მხარეებს/გამოწვევებს აღმზრდელ პედაგოგის პროფესიულ სტანდარტთან მიმართებაში, არგუმენტაციისა და მაგალითების გარეშე.
  • მონაწილის პრეზენტაცია მეტ-ნაკლებად სტრუქტურირებულია, აკლია სტრუქტურის რამდენიმე კომპონენტი, პრეზენტაციას თან ახლავს თვალსაჩინოებები, მაგრამ თვალსაჩინოებები ნაკლებად ეხმარება შინაარსის გადმოცემას.
  • პრეზენტატორი ზოგჯერ ამყარებს თვალით კონტაქტს აუდიტორიასთან, ზოგჯერ მისი ნათქვამი გაუგებარია. პრეზენტაციისას არ არის გათვალისწინებული რეგლამენტი.

მონაწილე 1 ქულას მიიღებს, თუ:

  • ზოგადი ფრაზებით აღწერს, რომ ტრენინგი დაეხმარა პროფესიულ განვითარებაში.
  • მონაწილე ძალზედ ზოგადად აღწერს მიღებული ცოდნისა  და შეძენილი უნარებიდან გამომდინარე, რას შეცვლის/რა შეცვალა საკუთარ პრაქტიკაში. ტერმინოლოგიაში ბევრია შეცდომა; მონაწილე ბოლომდე ვერ ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ მასალას.
  • მონაწილე საკუთარ ძლიერ მხარეებს/გამოწვევებს ზოგადად ახსენებს, პროფესიულ სტანდარტთან კავშირის გარეშე.
  • პრეზენტაცია ძალზედ ზოგადია, რაც არ ეხმარება მომხსენებელს შინაარსის გადმოცემაში.
  • პრეზენტატორი არ ამყარებს მხედველობით კონტაქტს აუდიტორიასთან  პრეზენტაციის განმავლობაში. ზოგჯერ პრეზენტატორის  ნათქვამი გაუგებარია. პრეზენტაციისას არ არის გათვალისწინებული რეგლამენტი.

მონაწილე 0 ქულას მიიღებს, თუ:

  • ვერ აღწერს, რაში დაეხმარა ტრენინგი.
  • მონაწილე ვერ აღწერს როგორ გამოიყენებს პრაქტიკაში ტრენინგზე მიღებულ გამოცდილებას.
  • მონაწილე ვერ აღწერს საკუთარ ძლიერ მხარეებს და საჭიროებებს პროფესიულ სტანდარტთან მიმართებაში.
  • პრეზენტაცია არ არის სტრუქტურირებული ან მონაწილეს არ აქვს წარმოდგენილი.
  • მონაწილე ვერ აკეთებს პრეზენტაციას ან მისი საუბარი მსმენელთათვის ბუნდოვანია.

ტესტი

ტესტი 20 ქულიანია და შედგება 20 დახურული, მრავალარჩევითი შეკითხვისგან. თითოეულ შეკითხვაზე სწორ პასუხი ფასდება ერთი ქულით, არასწორი - 0 ქულით. მონაწილემ უნდა დააგროვოს მინიმუმ 12 სწორი პასუხი.

კონკრეტულად რა კითხვები შედის ამ კომპონენტში, დოკუმენტში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი.

იხილეთ ასევე:

სკოლამდელი დაწესებულების მისია და აღმზრდელების ვალდებულებები

ადამიანური რესურსის მომზადება-გადამზადება და სტანდარტის დანერგვის მონიტორინგი - რას ითვალისწინებს საბავშვო ბაღების საქმიანობა და მიზნები

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი