დღის თემა
etaloni.ge
10 დადებითი მხარე, რაც საბავშვო ბაღში ჩატარებულ გემრიელ აქტივობას მოაქვს
15.03.2023

საბავშვო ბაღებში სახალისო აქტივობა, „პატარა მზარეულები“ ტარდება. ბავშვებს ძალიან უყვართ მშობლებთან ერთად სამზარეულოში ფუსფუსი და მათთან ერთად კერძების მომზადება. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში კი ამ აქტივობას განსაკუთრებული სიხალისე ახლავს.

სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის შექმნილ მშობლისა და აღმზრდელის წიგნის მიხედვით, სიხალისის გარდა, კულინარიულ აქტივობებში ჩართვას ბევრი სიკეთე მოაქვს.

მარტივი კერძის მომზადებისას ბავშვი არა მხოლოდ ამ კერძის მომზადების წესს სწავლობს, არამედ ეცნობა სხვადასხვა სახის საკვებს და იგებს, რას ნიშნავს ჯანსაღი კვება.

კულინარიული აქტივობები ბავშვს თავდაჯერებულობას, საკუთარი თავის რწმენას მატებს. კერძის მომზადებისას ბავშვები თავს ართმევენ გარკვეულ ამოცანას, საკუთარი წვლილი შეაქვთ ოჯახის თუ ბაღის ცხოვრებაში, გრძნობენ, რომ მნიშვნელოვანნი არიან.

გაითვალისწინეთ, კერძის მომზადება თქვენთვისაც და ბავშვისთვისაც სასიამოვნო იმ შემთხვევაში იქნება, თუ ყურადღებას არ მიაქცევთ იატაკზე დაყრილ ფქვილს ან მაგიდაზე დაღვრილ რძეს. ნუ მისცემთ შენიშვნებს, ნუ გაუწყრებით, უბრალოდ ასწავლეთ და ისიამოვნეთ მასთან ერთად.

ბავშვები უფრო გემრიელად მიირთმევენ იმ კერძს, რომელსაც თვითონ ამზადებენ. ასე რომ, კერძების ინგრედიენტებად შეგიძლიათ გამოიყენოთ ისეთი პროდუქტი, რომელსაც ბავშვი საერთოდ არ ჭამს.

კულინარია არის კარგი საშუალება, რათა ბავშვს განუვითაროთ მეტყველების, მათემატიკური, შემოქმედებითი უნარები;

სხვადასხვა კერძის მომზადებისას ბავშვი არჩევს, ფცქვნის, ჭრის პროდუქტს, იყენებს სათქვეფელას, გასაბრტყელებელ ჯოხს, საცერს, საწურს, რითაც ივითარებს ნატიფ მოტორიკას.

კულინარიის საშუალებით ბავშვს განუვითარდება ისეთ მათემატიკური უნარები, როგორიცაა: თვლა, ანგარიში, კლასიფიკაცია, აწონვა, გაზომვა, ფორმები, ფერები, პრობლემის გადაჭრა.

კულინარია ხელს უწყობს ბავშვის ისეთი სოციალურ­ემოციური უნარების განვითარებას, როგორიცაა: პასუხისმგებლობის გრძნობა, სისუფთავის დაცვა, თანამშრომლობა, დაგეგმვა და არჩევანის გაკეთება, გაზიარება - სხვისთვის განაწილება, მაღალი თვითშეფასება.

კულინარია ბავშვს აძლევს საშუალებას:

  1. გაეცნოს პროდუქტების სახეობებს;
  2. გაიგოს, რომელი საკვები არის ჯანსაღი და რომელი მავნე;
  3. წინასწარ განსაზღვროს მოვლენები;
  4. ჩაატაროს ექსპერიმენტები;
  5. შეიტყოს, როგორ იზრდება ის პროდუქტი, რომელსაც საკვებად ვიყენებთ;
  6. გაიგოს, როგორ იცვლება პროდუქტი თერმული დამუშავებისას;
  7. შეიტყოს უფრო მეტი ადამიანის ხუთი შეგრძნების შესახებ;
  8. გააკეთოს სენსორული აღმოჩენები საკვებ პროდუქტთან ხელით შეხებით, გაარკვიოს, რომ ზოგიერთი რამ არის სველი, სრიალა, მაგარი და ა.შ.;
  9. გაიმდიდროს ლექსიკური მარაგი ახალი სიტყვებით;
  10. განავითაროს შემოქმედებითი აზროვნება ახალი რეცეპტების შექმნით.

იხილეთ ასევე:

აღსაზრდელის ბებიამ საბავშვო ბაღში მასტერკლასი ჩაატარა და პატარები სიგელებით დააჯილდოვა

რატომ უნდა შეიტანოთ ბავშვის მენიუში ოსპი - პედიატრის რეკომენდაციები და რეცეპტი

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი