მნიშვნელოვანია, მშობელსა და აღმზრდელს ახსოვდეთ, რომ ადრეულ ასაკში ბავშვებისთვის წერა-კითხვის სწავლება არ არის მიზანშეწონილი, თუმცა ბავშვს შინ და საბავშვო ბაღში წიგნიერი გარემო უნდა შეუქმნათ და უკითხოთ მრავალფეროვანი წიგნები.
კითხვის დროს ბავშვი სწავლობს ახალი სიტყვების მნიშვნელობას, იღებს მრავალფეროვან ინფორმაციას ჩვენი სამყაროს შესახებ, შეიმეცნებს კავშირს დაწერილ და გამოთქმულ ტექსტს შორის, ეცნობა წიგნის გამოყენების პრინციპებს, ეცნობა ამბის გადმოცემის სხვადასხვა სტილს, სწავლობს წიგნების სიყვარულს.
რომელი და როგორი წიგნები უნდა წაუკითხოთ ბავშვებს სკოლამდელ ასაკში? გთავაზობთ ჩამონათვალს, რომელიც სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის შექმნილ მშობლისა და აღმზრდელის წიგნშია მოცემული.
ანბანის წიგნები
ასეთ წიგნებში თითოეულ გვერდზე მოცემულია ანბანის ასო და ბავ-შვისთვის ნაცნობი საგნების, ცხოველების ილუსტრაციები, რომელთა სახელები მოცემულ ასოზე იწყება.
წიგნები თვლასა და რიცხვებზე
ასეთ წიგნებში წარმოდგენილია რიცხვები და შესაბამისი რაოდენობის საგნები, არსებები, მაგალითად, რიცხვთან „2“ მოცემულია ორი მაიმუნის ილუსტრაცია და ა.შ.
წიგნები სხვადასხვა ცნების შესახებ
მათი საშუალებით ბავშვები სწავლობენ ისეთ ცნებებს, რომელთა ცოდნა მნიშვნელოვანია მომავალში სასკოლო წარმატებისთვის. მაგალითად, ფერი, ზომა, ფორმა, მიმართულება, ანტონიმები, კატეგორიები. მაგალითად, შინაური და გარეული ცხოველები, ტრანსპორტი, საცხოვრებელი ადგილები და ა.შ.
საბავშვო ლექსებისა და სათვლულების წიგნები
მათში მოცემულია ლექსები ადვილად დასამახსოვრებელი რითმით.
წიგნები განმეორებითი ტექსტით
ასეთ წიგნებში ხშირად მეორდება სიტყვები ან ფრაზები, რაც მეტად სახალისოა ბავშვებისთვის და რამდენიმე გვერდის წაკითხვის შემდეგ ისინი შეიძლება აგყვნენ და თავადაც „წაიკითხონ“ თქვენთან ერთად გამეორებული ფრაზები.
ტრადიციული ლიტერატურა
ასეთი ლიტერატურა გულისხმობს სხვადასხვა ეპოქისა და ქვეყნის ზღაპრებს, იგავ-არაკებს, მითებსა და ლეგენდებს, სათავგადასავლო მოთხრობებს. მათი საშუალებით ბავშვი ეცნობა სხვადასხვა პერიოდს, კულტურასა და ტრადიციას.
ნახატებიანი წიგნები ტექსტის გარეშე
მათში მოცემულია მხოლოდ ილუსტრაციები, რაც საშუალებას აძლევს ბავშვს „წაიკითხოს“ და თავად გვიამბოს წიგნში გადმოცემული ამბავი. ეს კი ბევრ ბავშვს ძალიან უყვარს. ამბის მოყოლისას ბავშვს უვითარდება მეტყველება და ამბავში მოცემული მოვლენების თანმიმდევრულად დალაგების უნარი.
„პირველკლასელთა აკადემია“
შეგიძლიათ, გამოიყენოთ უნიკალური წიგნი+რვეული, „პირველკლასელთა აკადემია“, რომელიც მთავარ მიზანს, განათლებას ემსახურება. ის მოიცავს სახალისო დავალებებსა და აქტივობებს. „პირველკლასელთა აკადემიის“ ავტორი „ეტალონის“ სულისჩამდგმელი და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი გოჩა ტყეშელაშვილია. წიგნი-რვეული ბრწყინვალე დამხმარე და საუკეთესო რესურსია როგორც პირველი კლასის პროგრამის ასათვისებლად, ისე ბავშვის სასკოლოდ მოსამზადებლად.
იხილეთ ასევე:
4 ეფექტური გზა სკოლამდელი ასაკის ბავშვის გონებრივი განვითარებისთვის