სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის სპეციალისტთა სერტიფიცირებისთვის განცხადებების მიღება დასრულებულია და მალე მათი შერჩევა დაიწყება. ამ პოზიციისთვის სულ 150 კადრის მოძიება უნდა მოხდეს.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ხელმძღვანელის, თამარ მახარაშვილის ბრძანების საფუძველზე, სკოლამდელი აღზრდის განათლების ხარისხის სპეციალისტების კონკურსის მონაწილეთა განაცხადების გადარჩევა 2023 წლის 17 მარტის ჩათვლით უნდა მოხდეს. კანდიდატთა ტესტირება კი - 24 მარტის ჩათვლით, რის შემდეგაც კანდიდატები სპეციალურ კურსს 7 აპრილის ჩათვლით გაივლიან.
ამ ყველაფრის შემდეგ, კანდიდატთა შეფასება გასაუბრების წესით 25 აპრილის ჩათვლით არის დაგეგმილი. კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატთა წარდგენა განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის დირექტორისათვის 3 მაისამდე მოხდება.
სერტიფიცირებული სპეციალისტის სტატუსის მინიჭების თაობაზე ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კი 5 მაისს იგეგმება.
სკოლამდელი აღზრდის განათლების ხარისხის სპეციალისტების გარდა, სკოლამდელი განათლების კურიკულუმის, კვებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ექსპერტების კონკურსიც მიმდინარეობს.
ამ კონკურისთვის განაცხადების წარდგენა 9 მარტს დაიწყო და 19 მარტის ჩათვლით გაგრძელდება, რის შემდეგაც, 31 მარტის ჩათვლით, მოხდება განაცხადების გადარჩევა, 3 მაისის ჩათვლით - გასაუბრება და შერჩეული კანდიდატების შესახებ რეკომენდაციის წარდგენა ცენტრის დირექტორისთვის - 8 მაისის ჩათვლით. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შერჩეულ კანდიდატთა შესაბამისი კვოტით შეყვანა ექსპერტთა კორპუსის შემადგენლობაში კი 15 მაისის ჩათვლით არის დაგეგმილი.
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსი საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესისთვის იქმნება.
ექსპერტთა კორპუსი უნდა შედგეს ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტის, კურიკულუმის ექსპერტის, კვების დარგში ექსპერტისა და სანიტარული და ჰიგიენური ნორმების ექსპერტისგან, რომლებსაც გააჩნიათ სათანადო კომპეტენცია დროებითი წესით დადგენილი ავტორიზაციის სტანდარტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან დაწესებულების სტატუსის მაძიებლის შეფასებისთვის.
ერთი და იგივე პირი ექსპერტთა კორპუსში შესაძლებელია შეყვანილ იქნეს რამოდენიმე მიმართულების ექსპერტის კვოტით, თითოეული კვოტის ფარგლებში ამ წესით დადგენილი შესაბამისი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში.
ექსპერტი არ შეიძლება იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომელი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ცენტრში კალენდარული წლის განმავლობაში დასაქმებულია 3 თვეზე ნაკლები ვადით კონკრეტული მოცულობის სამუშაოს შესასრულებლად.
ექსპერტი არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შესაბამისი ვადით შეზღუდული აქვს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო სფეროში საექსპერტო საქმიანობის განხორციელების უფლება, ამ ვადის ამოწურვამდე.
ექსპერტი არ შეიძლება იყოს საჯარო მოხელე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი დასაქმებულია განათლების სისტემაში.
იხილეთ ასევე:
საბავშვო ბაღების კურიკულუმი, ინდიკატორები და განხორციელების სქემა ახალი სტანდარტით