დღის თემა
etaloni.ge
აღმზრდელს შეუძლია ბავშვს გადაუღოს ვიდეო და ამის მიხედვით აწარმოოს დაკვირვება მასზეც და საკუთარ თავზეც
13.03.2023

საბავშვო ბაღის აღმზრდელს შეუძლია, ფოტოსურათების, ვიდეოს გადაღებით და  აუდიო ჩანაწერების გაკეთების საშუალებით დააკვირდეს აღსაზრდელს - ამის შესახებ საქართველოს განათლების სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ შექმნილ სახელმძღვანელოში წერია.

სათანადო მოწყობილობის არსებობის შემთხვევაში, აღმზრდელმა შეიძლება მისი გამოყენებით აწარმოოს დაკვირვების ჩანაწერები და მოგვიანებით დეტალურად შეისწავლოს.

როგორც პუბლიკაციაშია ახსნილი, ეს მეთოდი იძლევა უფრო ნათელი და ზუსტი დაკვირვების განხორციელების საშუალებას, რაც განსაკუთრებით ღირებულია შედარებით კომპლექსურ სიტუაციებში. თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ვიდეო ჩანაწერების გაკეთებამდე საჭიროა წინასწარი თანხმობის მიღება ბავშვის მშობლებისაგან.

აღმზრდელმა შეიძლება ჩაიწეროს თითოეული ბავშვის მუშაობისა და განვითარების ამსახველი შემთხვევები და ნაწყვეტები აჩვენოს მშობელს. ვიდეო შეიძლება გამოყენებულ იქნას იმის საჩვენებლად, თუ როგორია ბავშვი მაშინ, როცა რაღაცას ქმნის ან ჩართულია რაიმე საქმიანობაში. აღმზრდელისთვის ასევე სასარგებლოა დააკვირდეს საკუთარ ქცევას, ურთიერთობებს ბავშვებთან და მათ საპასუხო რეაქციებს. 

ბავშვების საქმიანობებისა და განვითარების ამსახველი „ჩანაწერების“ გაკეთება სასარგებლოა მაშინ, როცა ბავშვები მუშაობენ, მაგრამ მათი მუშაობის შედეგად შექმნილი პროდუქტის შენახვა შეუძლებელია.

მაგალითად, ასაწყობი კუბურებით თამაშისას, ბავშვების მუშაობა შეიძლება ფოტოების საშუალებით დაფიქსირდეს. ამგვარი ფოტოსურათები მომავალშიც გამოსადეგია და შეიძლება გამოყენებულ იქნას მშობლებთან და ბავშვთან რეფლექსიისა და გამოცდილების გააზრებისთვის.

აუდიოჩანაწერის გამოყენება განსაკუთრებით ხელსაყრელია მაშინ, როდესაც დაკვირვების მთავარი საგანია ბავშვების მეტყველება და საუბარი. ამ ტიპის ჩანაწერს ის უპირატესობა აქვს, რომ ბავშვის საქმიანობაში ჩარევას არ მოითხოვს.

იხილეთ ასევე:

საბავშვო ბაღების კურიკულუმი, ინდიკატორები და განხორციელების სქემა ახალი სტანდარტით

მოუყევით ბავშვებს ჭიანჭველების ცხოვრების შესახებ - საბავშვო ბაღში ჩასატარებელი აქტივობის დეტალები

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი