ადამიანური რესურსის მომზადება-გადამზადება და სტანდარტის დანერგვის მონიტორინგი - რას ითვალისწინებს საბავშვო ბაღების საქმიანობა და მიზნები
სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის შინაარსი ეხმარება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების წარმომადგენლებს სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესის წარმართვაში, - ამის შესახებ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტში წერია.
სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტების მიხედვით, სააღმზრდელო პროცესის განხორციელება, თავის მხრივ, მოითხოვს შესაბამის მეთოდოლოგიურ რესურსებს, სააღმზრდელო პროცესის დაგეგმვისა და განხორციელებისათვის საჭირო ინსტრუქცია-რეკომენდაციებს და ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სათანადო მოწყობას.
სტანდარტის დანერგვისთვის მნიშვნელოვანი რესურსები და საქმიანობაა:
- აღმზრდელის სახელმძღვანელო;
- სასკოლო მზაობის პროგრამის ყოველკვირეული აქტივობების კრებული;
- ტრენერთა, მეთოდისტთა/აღმზრდელთა სატრენინგო მოდულები;
- ფიზიკური და საგანმანათლებლო გარემოს მოწყობისთვის საჭირო რეკომენდაციები;
- სასკოლო მზაობის ჯგუფებისათვის შესაბამისი მასალებისა და რესურსების ჩამონათვალი;
- ფიზიკური გარემოს მოწყობა და შესაბამისი საგანმანათლებლო მასალითა და რესურსით აღჭურვა;
- ადამიანური რესურსის მომზადება/გადამზადება;
- სტანდარტის დანერგვის მონიტორინგი;
- საკონსულტაციო მხარდაჭერა.
რაც შეეხება სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის რეგულირების სფეროსა და მიზნებს, სტანდარტის მიხედვით, ეს განისაზღვრება იმით, თუ რა ცოდნას, უნარ-ჩვევებს, ღირებულებებსა და დამოკიდებულებებს უნდა იძენდეს ბავშვი 5 წლიდან ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში შესვლამდე.
სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის მიზნებია:
- განუვითაროს ბავშვს მომავალი ცხოვრებისათვის, წარმატებულ მოქალაქედ ფორმირებისათვის, მეგობრებსა და ოჯახის წევრებთან პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბებისათვის საჭირო უნარები;
- ხელი შეუწყოს ბავშვს სწორი არჩევანის გაკეთებასა და გამოწვევებთან გამკლავებაში; კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაში;
- განუვითაროს ბავშვს ფიზიკური და ემოციური სიჯანსაღე;
- მოამზადოს ბავშვი ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში მოსწავლის მიმართ არსებული მოლოდინებისა და გამოწვევებისათვის;
- შეუქმნას ბავშვს პოზიტიური განწყობა სწავლისადმი სკოლაში წასვლამდე ერთი წლის განმავლობაში;
- განუვითაროს ბავშვს კითხვისა და წერის სწავლისათვის საჭირო უნარები და მათემატიკური წარმოდგენები.
იხილეთ ასევე:
აღმზრდელს, რომელმაც კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგი გაიარა, ბაღში სამაგიდო წიგნს უმალავენ და უსიტყვო მორჩილებას სთხოვენ
ბაღის აღმზრდელის მოვალეობები უფლებების გარეშე - რა წერია აღმზრდელ-პედაგოგის სახელმძღვანელოში