დღის თემა
etaloni.ge
„კატები და თაგვები“ - აქტივობა საბავშვო ბაღის ბავშვებისთვის, რომელიც შეგიძლიათ, როგორც ჯგუფში, ისე ეზოში ჩაატაროთ
09.03.2023

„კატები და თაგვები“ - ასე ჰქვია აქტივობას, რომელიც განათლების სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ერთობლივად მომზადებულ საბავშვო ბაღის აღმზრდელის სახემძღვანელოშია აღწერილი.

აღნიშნული აქტივობა უმჯობესია, ეზოში ან დიდ ღია სივრცეში ჩატარდეს, თუმცა მისი განხორიელება ოთახშიც შესაძლებელია.

ბავშვების ჯგუფი ორად იყოფა - „კატებად“ და „თაგვებად“. „კატები“ წვებიან ოთახის შუაში, მცირე წრეში ან ეზოს შესაბამის ნაწილში, თუ მიწა მშრალია. „თაგვები“ კი სხდებიან ოთახის კიდეებში ან ეზოში განლაგებულ სკამებზე.

„კატებს” ჩაეძინებათ, წინასწარ შერჩეულ ხალისიან მელოდიაზე.  „თაგვები“ ფრთხილად ტოვებენ თავიანთ ადგილებს, რაც შეიძლება ჩუმად მიდიან „კატებთან“ და ამოწმებენ, სძინავთ თუ არა მათ. ოთხზე მდგარი „თაგუნიები“ სინქრონულად მოძრაობენ წრეზე „კატების“ გარშემო. უცებ მელოდია ჩერდება, „კატებს“ ეღვიძებათ და ცდილობენ „თაგვების“ დაჭერას, სანამ ისინი საკუთარ სკამებს მიაღწევენ. „თაგუნიებმა“, უბრალოდ, უნდა მოასწრონ სკამის შეხება მანამდე, სანამ „კატა“ შეეხებათ. თუ „კატა“ დაიჭერს „თაგვს“, იგი „კატად“ გადაიქცევა.

თამაში მთავრდება მაშინ, როდესაც ყველა „თაგვი“ გადაიქცევა „კატად“. თუკი „კატებისთვის“ მეტისმეტად ადვილია „თაგვების“ დაჭერა, მაშინ „თაგვები“ შეიძლება დარჩნენ წრეზე ერთ ადგილას, ყველაზე მოკლე მანძილზე საკუთარი სკამიდან. შეიძლება გაიზარდოს მანძილი სკამებსა და წრეს შორის ან გაიზარდოს მანძილი წრესა და „კატებს“ შორის. ასევე შეიძლება, „თაგუნიებს“ მოვთხოვოთ, რომ მანამდე, სანამ მათ „კატა“ შეეხებათ, მოასწრონ სკამზე დაჯდომა და არამხოლოდ სკამის შეხება. თუ „კატებს“, პირიქით, ძალიან გაუჭირდებათ „თაგვების“ დაჭერა, შესაძლებელია, წრესა და სკამებს შორის მანძილის შემცირება ან წრის დაპატარავება და, შესაბამისად, მანძილის შემცირება „კატებსა“ და წრეს შორის.

იხილეთ ასევე:

აღმზრდელს შეუძლია მოხატოს ქვები, ბავშვებმა კი მასზე ზღაპრები შექმნან - აქტივობა საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის

„ბავშვი, რომელიც ბაღში სიხარულით წავიდა, აღმზრდელის გახსენებაზე ისტერიკაში ვარდება“ - რა მოხდა თბილისის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი