„მიწის ნაკვეთი შემოფარგლული უნდა იყოს არანაკლებ 1,6 მ სიმაღლის ღობით - ღობე უნდა მოეწყოს ცოკოლზე და მისი პერიმეტრის გაყოლებაზე უნდა იყოს ხეებისა და ბუჩქების ზოლი“, - ეს მოთხოვნა საბავშო ბაღების მშენებლობისთვის გამოცხადებულ სატენდერო განცხადებაში წერია, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა.
ქვეყნის მასშტაბით 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა და რეაბილიტაციაა დაგეგმილი. პროგრამა რამდენიმე ეტაპად უნდა განხორციელდეს, რასაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.3 მილიარდი ლარი მოხმარდება.
პირველ ეტაპზე, 135 ახალი საბავშვო ბაღის სამშენებლო და 100 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო ტენდერის გამოცხადება იგეგმება, რასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი კურირებს.
აღნიშნული ფონდის მიერ გამოცხადებულ სატენდერო მოთხოვნაში გაწერილია დეტალები, თუ როგორ უნდა იყოს მოწყობილი საბავშვო ბაღის ტერიტორია.
კომპანიამ, რომელიც სააღმზრდელო დაწესებულებას ააშენებს, უნდა წარმოადგინოს განმარტებითი ბარათი, რომელშიც მოცემული იქნება ინფორმაცია სამანქანო და საფეხმავლო გზების მოწყობის, გამწვანების, ღობის, სათამაშო და დასასვენებელი ზონების ქვიშის ორმოს, რბილზედაპირიანი სათამაშო მოედანის, საჩრდილობლების, სხვადასხვა ტიპის ატრაქციონების მოწყობის შესახებ შესაბამის ნახაზების წარმოდგენით, კანონმდებლობით დადგენილი ნორმების მიხედვით.
ბავშვების მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საბავშვო ბაღის მთავარი შესასვლელი სატრანსპორტო გზიდან მოშორებით უნდა მდებარეობდეს. ხოლო, თუ ეს შეუძლებელია, მაშინ შესასვლელი გზიდან ხელოვნური ბარიერის ან სხვა გამომყოფი საშუალებით უნდა გაემიჯნოს სატრანსპორტო გზას.
შენობამდე მისასვლელი მთავარი საფეხმავლო გზა უნდა იყოს საფეხურების გარეშე. მთელ მის სიგანეზე არ უნდა იყოს არანაირი ბარიერი, რაც გულისხმობს, რომ ნიშნები, ლამპიონების ბოძები, სკამები, ველოსიპედები და ა.შ. უნდა განთავსდეს თავად ამ გზის გარეთ.
შენობამდე მისასვლელი მთავარი საფეხმავლო გზის სიგანე უნდა იყოს მინიმუმ 1.8 მ., ხოლო ბარიერები ისე უნდა განლაგდეს, რომ არ ავიწროებდეს მთელ ამ სიგანეს.
უზრუნველყოფილი უნდა იყოს ქვეითად მოსიარულეთა და ეტლით მოსარგებლეთათვის განკუთვნილი მისასვლელი გზების მდგრადობა და ზედაპირის შემდეგი მახასიათებლები:
ფეხით სასიარულო ზონის მოსაპირკეთებლად არ უნდა იქნას გამოყენებული ქვაფენილი, ღორღი ან ხრეში;
ტერიტორიის დაგეგმარებისას გათვალისწინებული უნდა იყოს სახანძრო მანქანის შემოსასვლელი და სახანძრო მანქანის ეფექტურად მანევრირებისათვის საჭირო პირობები შენობის მთელ პერიმეტრზე;
სამეურნეო ზონა სხვა ზონებისაგან იზოლირებული და განთავსებული უნდა იყოს კვების ბლოკსა და სამრეცხაოსთან ახლოს, უნდა ჰქონდეს მყარი საფარი - ბეტონი ან ასფალტი და ცალკე შესასვლელი. ტერიტორიის დაგეგმარებისას გათვალისწინებული უნდა იყოს სანაგვე ყუთების განსათავსებელი ადგილი;
მიწის ნაკვეთებზე გათვალისწინებული უნდა იყოს ჯგუფური მოედნები. ჯგუფური მოედნების მინიმალური ფართობით 250-300 კვ.მ;
ჯგუფური მოედნები უნდა უკავშირდებოდეს შენობის შესასვლელს. ძირითადი შენობიდან, სადაც მიმდინარეობს საგანმანათლებლო პროცესი, დაშორებული უნდა იყოს 15-20 მეტრით;
თითოეული ჯგუფური მოედნის ფართობის 30-40% უნდა იყოს გადახურული მზისგან დამცავი საშუალებით;
ჯგუფური მოედნების ზონას გარს უნდა უვლიდეს წრიული ბილიკი 1.5 მ სიგანის - ასფალტის, ბეტონის ან მათი ანალოგი საფარით;
მიწის ნაკვეთი შემოფარგლული უნდა იყოს არანაკლებ 1,6 მ სიმაღლის ღობით - ღობე უნდა მოეწყოს ცოკოლზე და მისი პერიმეტრის გაყოლებაზე უნდა იყოს ხეებისა და ბუჩქების ზოლი.
ტერიტორიაზე შემოსასვლელ ყველა კარს უნდა ჰქონდეს თვით დახურვის მექანიზმი, რომელიც ისე უნდა დარეგულირდეს რომ არ მიაყენოს ადამიანს ტრავმა. ღობის ტიპიდან გამომდინარე, ვერტიკალური კონსტრუქცია უნდა მოეწყოს ბიჯით არაუმეტეს 0.1 მეტრისა. ღობეს არ უნდა ჰქონდეს ბასრი კიდეები, წვეტიანი, გამოშვერილი ნაწილები, რამაც შესაძლოა ბავშვს საფრთხე შეუქმნას მიახლოების ან დაჯახებისას.
იხილეთ ასევე:
16 სკოლამდელი დაწესებულება, რომელიც 14 თვეში უნდა აშენდეს - საბავშვო ბაღების ჩამონათვალი
სასრიალო, საქანელა, საქვიშე, სათამაშო სახლი - ეზოს მოწყობა ახალი სტანდარტით