დღის თემა
etaloni.ge
საბავშვო ბაღის აღმზრდელი: „მთელი წელი ზეიმების მომზადების პროცესში ვართ, საგაზაფხულო მოვრჩით და ახლა წლის დამამთავრებელზე გადავდივართ“
08.03.2023

საბავშვო ბაღებში წლის განმავლობაში 4 საზეიმო ღონისძიება ტარდება - საშემოდგომო, საახალწლო, საგაზაფხულო და სააღმზრდელო წლის დამამთავრებელი.

საგაზაფხულო ზეიმი თითქმის ყველა ბაღში უკვე აღინიშნა და ბოლო, მეოთხე ღონისძიებისთვის მზადებაც დაიწყო. როგორც აღმზრდელები skolamdelebi.ge-სთან ამბობენ, მითითება აქვთ, რომ ზეიმის ნაცვლად ღონისძიებას აქტივობა უწოდონ, თუმცა ხშირად ამ ე.წ. აქტივობის აღნიშვნა პომპეზურია და სწორედ რომ სიტყვა ზეიმი შეესაბამება.

„აქტივობას არქმევენ, თუმცა ჩვეულებრივი ზეიმისგან არაფრით განსხვავდება. წელიწადში ოთხი ღონისძიება უნდა ჩავატაროთ და ფაქტობრივად, სულ ამ ზეიმებისთვის მზადების პროცესში ვართ. საგაზაფხულო ღონისძიება 3 მარტისთვის ჩავატარეთ უკვე და მომავალი კვირიდან ვიწყებთ წლის დამამთავრებელ ზეიმზე მუშაობას. ერთი ღონისძიებაც ტარდება, რომელიც დედაენის დღეს, 14 აპრილს ეძღვნება, თუმცა ეს მხოლოდ 5-6 წლიან ჯგუფებს ეხება და შედარებით ნაკლებად პომპეზურად აღინიშნება, ზოგ ბაღში კი სულაც არ აღნიშნავენ.

ვერ წარმოიდგენთ, რამხელა სტრესია ბავშვებისთვის თუნდაც მზადების პროცესი. მერე ზოგი მშობელი აიჩემებს, რომ მის შვილს უფრო მეტი ლექსი ვათქმევინოთ, ვამღეროთ თუ ვაცეკვოთ. არ ესმით, რომ ეუბნები, ბავშვი ნერვიულობს, სულ არ უნდა ის ცეკვა თუ სიმღერა და ცოდოა შენი შვილიო. მითითება გვაქვს, რომ არცერთი ბავშვი არ გამოვარჩიოთ და მხოლოდ ჯგუფური ნომრები მოვამზადოთ. ამასაც ძლივს ვაგებინებთ მშობლებს, უნდათ მათი შვილი იყოს გამორჩეული. ზოგ ბავშვს სულ არ ანაღვლებს, მოგყვება, რასაც აკეთებინებ საზეიმოდ და ბედნიერიც არის, ზოგი კი ისე ნერვიულდება... დღის ბოლოს აღმზრდელები საშინლად დაღლილები და მისავათებულები ვართ“, - მოგვიყვა თბილისის ერთ-ერთი საჯარო საბავშვო ბაღის აღმზრდელმა.

აღმზრდელის სახელმძღვანელოში, რომელიც განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, ვკითხულობთ, რომ წარმოდგენების, ზეიმების დროს მშობლები და აღმზრდელები ამაყობენ ბავშვების მიღწევებითა და შესაძლებლობებით, ბავშვებს კი, რომლებსაც აქვთ სურვილი და თავდაჯერებულობა, ზეიმებზე ეძლევათ თავიანთი ნიჭის გამოვლინების საშუალება, თუმცა ბევრი მშობელი და განათლების სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ზეიმები შესაძლოა მეტად სტრესული იყოს ბავშვებისთვის არამხოლოდ ზეიმის დღეს, არამედ მათი მომზადების პერიოდშიც.

ამავე სახელმძღვანელოში მოცემულია რამდენიმე რეკომენდაცია ზეიმებთან დაკავშირებული სტრესის შემცირებისთვის.

რეკომენდაციები:

  • ზეიმებისთვის მზადება ბავშვზე ორიენტირებული და სახალისო უნდა იყოს. აღმზრდელებმა ბავშვებს უნდა ჰკითხონ თავიანთი მოსაზრებების შესახებ, შესთავაზონ სხვადასხვა აქტივობები და არჩევანის თავისუფლება. ის ბავშვები, რომელთაც განსაკუთრებული ნიჭი, ცოდნა ან უნარები აქვთ, უნდა დაეხმარონ სხვა ბავშვებს. აღმზრდელებმა ხელი უნდა შეუწყონ ჯგუფის ერთობას, ბავშვებს შორის თანამშრომლობას, რაც ამცირებს შეჯიბრებითობის განცდას;
  • ბავშვებმა ზეიმზე უნდა წარმოადგინონ ის სიმღერები, ცეკვები და სცენები (ყველა ბავშვის მონაწილეობით), რომელთაც მთელი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და ბევრჯერ აქვთ გამეორებული სიამოვნების მიღების მიზნით. მუსიკისა და ცეკვის პედაგოგებმა უნდა უზრუნველყონ ყველა ბავშვის ჩართულობა სხვადასხვა სახის აქტივობებში და წამოაყენებინონ იდეები, რათა ზეიმი იყოს სახალისო და საინტერესო როგორც ბავშვების, ისე მაყურებლებისთვის;
  • წლის საბოლოო ზეიმზე, სასურველია აჩვენონ მთელი წლის განმავლობაში გადაღებული ვიდეოები, რომლებზეც ასახულია სიმღერის, ცეკვის, თამაშის, პროექტებზე მუშაობისა და სხვა საქმიანობების მიმდინარეობა ჯგუფში. თითოეულ ოჯახს შეიძლება გადაეცეს დისკზე ჩაწერილი ვიდეოები შინ წასაღებად. მნიშვნელოვანია, რომ აღმზრდელებმა წინასწარ გადაამოწმონ ეს ვიდეომასალა და დარწმუნდნენ, რომ ყველა ბავშვის საქმიანობა მეტ-ნაკლებად თანაბრად არის წარმოდგენილი, ცალსახად არ არის გამოკვეთილი ჯგუფის რომელიმე წევრი და თითოეული ბავშვი წარმატებით მონაწილეობს მისთვის სახალისო აქტივობაში;
  • ზეიმები, სადღესასწაულო წვეულებები შეიძლება მოიცავდეს ისეთ აქტივობებს, რომლებშიც მშობლები ჩაერთვებიან, წარმოაჩენენ ბავშვების ნამუშევრებს, მიღწევებს და გაიმართება არაფორმალური წარმოდგენა. მშობლები დაათვალიერებენ ბავშვების ნამუშევრების გამოფენას, პატარები კი გაუძღვებიან მათ გამოფენაზე, როგორც „გიდები“.

იხილეთ ასევე:

„ბავშვებიც ისტრესებიან და პედაგოგებიც, მშობლები დირექტივებს იძლევიან“ - საბავშვო ბაღის აღმზრდელი ზეიმების დეტალებზე

5 წესი და რეკომენდაციები საბავშვო ბაღში ზეიმის ჩასატარებლად

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი