დღის თემა
etaloni.ge
„ამის გამო ბაღი მეჯავრებოდა“ - პოეტის ცუდი მოგონება საბავშვო ბაღზე
07.03.2023

თუში პოეტი, პედაგოგი და ფოლკლორისტი, ეთერ თათარაიძე, რომელსაც ბავშვობა ახმეტაში, სოფელ ალვანში აქვს გატარებული, skolamdelebi.ge-სთან საბავშვო ბაღში სიარულს იხსენებს. ამბობს, რომ მის თაობას სააღმზრდელო დაწესებულება ეჯავრებოდა, ახლა კი პატარებს იქ სიარული უყვართ.  

ეთერ თათარაიძე მოგვიყვა:

- ალვანის საბავშვო ბაღში დავდიოდი. მახსოვს, გაშლილი, დიდი ხალიჩა, რომელზეც დაგვსვამდნენ, ფეხებს შეგვაკეცინებდნენ და ალუმინის ჯამებით პურჩაყრილ ჩაის დაგვიდგამდნენ. მე არ ვჭამდი, ცუდი ბავშვი ვიყავი. ისე მეჯავრებოდა ის ქალი, ვინც ბაღში მხვდებოდა... გვაძალებდნენ, რომ გვეჭამა.

მასწავლებელი კი არ გვაძალებდა ჭამას, ვინც ალაგებდა, ის დაგვჭყიოდა, რომ დაგვეცალა ჯამები. მე კი არაფრით შემეძლო იმის ჭამა. იმ ქალს შვილები, გოგოები ჰყავდა, რომლებიც სკოლაში დადიოდნენ და ბაღში სკოლიდან მოდიოდნენ. ისინიც დაგვჭყიოდნენ, რომ უნდა შეგვეჭამა. ისე გვაძალებდნენ ის დედა და შვილები, არცერთის დანახვა არ შემეძლო. ჩემებს ხშირად ვეუბნებოდი, ბაღში აღარ წავალ-მეთქი, მაგრამ მაინც მატარებდნენ.

ბავშვს არასდროს უნდა დააძალო არც ჭამა და არც სხვა რამ - ეს არის დიდი შეცდომა. მშვიდად უნდა აუხსნა. 66 წლის ვხდები და ზუსტად მახსოვს, რა მიშლიდა ხელს და რატომ მეჯავრებოდა საბავშვო ბაღი. ბავშვი ისეთი ფაქიზი არსებაა, ზუსტად ბაღში, მაგ ასაკში არ უნდა გაუფუჭო განწყობა და ხასიათი. ყველაფერი ახასოვს ბავშვს, არაფერი ავიწყდება - არც სიყვარული და კარგად მოქცევა, არც დაყვირება...

ოთხი შვილიშვილი მყავს. ახლა ერთი სკოლაში დადის, სამი - ბაღში. გიჟდებიან, ისე უხარიათ ბაღში წასვლა. შეიცვალა მიდგომა და ბედნიერებაა, არცერთი რომ არ აპროტესტებს იქ წასვლას და პირიქით, უხარიათ. მე სულ ვაპროტესტებდი, არ მინდოდა ბაღი. ახლა აღარ აჭმევენ ძალით, აღარ ასწავლიან ძალით, რაც ძალიან კარგია.

იხილეთ ასევე:

ახალციხელ ბიჭს, რომელიც საბავშვო ბაღში გამართულ საშემოდგომო ზეიმზე ხაჭაპურს მიეპარა, კაცური საჭმელები უყვარს

„სიამოვნებით ვიქნებოდი აღმზრდელი, ალბათ ყველაზე კარგი და სათუთი პროფესიაა“ – მშობლები საბავშვო ბაღში აღმზრდელის როლს ირგებენ

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი