დღის თემა
etaloni.ge
საბავშვო ბაღის ფანჯრებზე სავალდებულოა კედლებში ჩამაგრებული ნაქსოვი ბადე - ახალი სტანდარტის დეტალები
07.03.2023

იმისათვის, რომ საბავშვო ბაღმა ავტორიზაცია გაიაროს და ამ სფეროში ფუნქციონირება შეძლოს, აუცილებელია დაწესებულებაში დაცული იყოს უსაფრთხოების წესები.

ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლის, შეჩერებისა და შეწყვეტის დროებით წესში გაწერილია მოთხოვნები ფიზიკური უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით.

საბავშვო ბაღში დაცული უნდა იყოს შემდეგი სახის უსაფრთხოების ნორმები:

მინის ტიხრები და კედლები, ასევე შიდა კარები, რომელიც ნაწილობრივ შემინულია, უნდა დამზადდეს მსხვრევის საწინააღმდეგო ფირით დაფარული ან ნაწრთობი მინისგან ან ისეთი ტექნოლოგიით, რომ დამსხვრევის შემთხვევაში არ შეუქმნას საფრთხე ადამიანის უსაფრთხოებას. თუ შემინული კედელი ადვილად მისაწვდომი არ არის, მაშინ მინის საგანგებოდ შერჩევის საჭიროება არ არსებობს.

მინის გარე ვიტრაჟი არ ითვლება სახიფათოდ, თუ შემინულ კედელთან მდებარეობს მინიმუმ 100 სმ სიმაღლის დამცავი ბარიერი, რომლის კონსტრუქციის ტიპით გათვალისწინებულია ვერტიკალური დგარები ან ბრტყელი ზედაპირი. დგარებს შორის დაშორება უნდა იყოს არა უმეტეს 10 სმ ბარიერის ზედაპირის სიმაღლე უნდა გამორიცხავდეს მასზე ბავშვის ასვლის შესაძლებლობას.

უჩარჩოო მინის კარი და მინის ელემენტების შემცველი კარი უნდა იყოს მარკირებული, მინის კარების ფრთები მომიჯნავე მინის კედლებისაგან განსხვავებულად უნდა იყოს მარკირებული. კარების სახელურები უნდა იყოს კარების ფერთან კონტრასტული ფერის.

მინის კარზე მარკირება უნდა იყოს ჰორიზონტალურად, ორ სიმაღლეზე – 90 სმ და 150 სმ შესაბამისად. მარკირება უნდა იყოს ძირითად ფონთან კონტრასტული და დატანილი შუშის ორივე მხარეს, რაც შეამცირებს ანარეკლს. მარკირების ველი უნდა იყოს არანაკლებ 5 სმ სიგანის.

თუ ჯგუფურ უჯრედებში ფანჯრის რაფის სიმაღლე იატაკის დონიდან 90 სმ-ზე ნაკლებია, მაშინ ფანჯრის გარე/შიდა მხრიდან მოწყობილი უნდა იყოს დამცავი ბარიერი არანაკლებ 100 სმ სიმაღლისა, რომლის კონსტრუქციის ტიპით გათვალისწინებულია ვერტიკალური დგარები ან ბრტყელი ზედაპირი. დგარებს შორის დაშორება უნდა იყოს არა უმეტეს 10 სმ ბარიერის ზედაპირის სიმაღლე უნდა გამორიცხავდეს მასზე ბავშვის ასვლის საშუალებას.

დაწესებულების ყველა იმ სივრცეში, სადაც ფანჯრებზე მოწყობილია გაღების მექანიზმი, სავალდებულოა კედლებში მყარად ჩამაგრებული და დაჭიმული ნაქსოვი ბადის ბარიერის მოწყობა, რომლის მასალა და მოწყობის სპეციფიკაცია უნდა უზრუნველყოფდეს ბავშვის უსაფრთხოებას და საჭიროების შემთხვევაში, ბადის უმოკლეს დროში ჩაჭრას. ნაქსოვი ბადის კონსტრუქციით გათვალისწინებულ დგარებს შორის დაშორება უნდა იყოს არა უმეტეს 10 სმ და გათვლილი უნდა იყოს არანაკლებ 30 კგ-ზე. იმ ფანჯრებზე, სადაც მოწყობილია დამცავი ბადე, ბავშვისთვის ხელმიუწვდომელ ადგილზე უნდა განთავსდეს ბადის ჩაჭრისთვის საჭირო მოწყობილობა.

კიბის უჯრედი მოპირკეთებული უნდა იყოს გლუვი, მოცურების საწინააღმდეგო მასალით, რომელიც ინარჩუნებს თავის თვისებებს სველ მდგომარეობაშიც.

იმ შემთხვევაში, თუ იატაკის ზედაპირი განსხვავებული დონისაა და წარმოქმნის საფეხურს ან/და თუ შენობის შიდა/გარე კიბის საფეხურები არ არის ერთნაირი გეომეტრიის (საფეხურის ზომების, სიღრმისა და სიმაღლის მიხედვით), კიბის დასაწყისში და დასასრულს და ასევე განსხვავებულ საფეხურზე, საფეხურის მთელ სიგანეზე გამოყენებული უნდა იყოს თვითწებვადი ლენტი/კონტრასტული ფერები/განსხვავებული სტრუქტურის მასალა/საფეხურის განათებები/გარჩევადი გამაფრთხილებელი ნიშნები.

დაწესებულებაში კიბის უჯრედის სახელურის სიმაღლე ბავშვებისათვის უნდა იყოს 50 სმ. უფროსებისათვის კი არანაკლებ – 85 სმ.

კიბის მოაჯირის კონსტრუქცია უნდა იყოს ვერტიკალური დგარებით ან ბრტყელი ზედაპირით.  ვერტიკალური დგარებს შორის დაშორება უნდა იყოს არაუმეტეს 10 სმ.

შენობაში დაუშვებელია ხვეული კიბეების განთავსება. კიბეს ორივე მხრიდან უნდა მიჰყვებოდეს მოაჯირი, რომელიც შეესაბამება ამ მუხლის მე-10 პუნქტში განსაზღვრულ პარამეტრებს (გარდა იმ შემთხვევისა, თუ მას არ ესაზღვრება კედელი/კედლები) და უწყვეტი სახელური. თუ კიბის სიგანე 500 სმ-ს აღემატება, კიბეზე უნდა განთავსდეს დამატებითი მოაჯირი/მოაჯირები. მოაჯირებზე/სახელურზე წვეტიანი ელემენტების დამონტაჟება დაუშვებელია.

დაწესებულებაში, ბავშვთა თავშეყრის ადგილებში, კოლონებსა და კედლის კუთხეებს უნდა ჰქონდეთ 0,5 სმ-იანი რადიუსის მომრგვალება ან უნდა ჰქონდეს შესაბამისი დამცავი, რომელიც უნდა იყოს კონტრასტული ფერის.

კოლონებზე ან სხვა მსგავს ბარიერებზე მარკირება უნდა განთავსდეს სამ სიმაღლეზე: იატაკის დონეზე და იატაკის დონიდან 90 სმ და 150 სმ-ზე.

ბავშვთა თავშეყრის ადგილებში, კედლებს 200 სმ-ის სიმაღლემდე არ უნდა ჰქონდეს ბასრი კიდეები, წვეტიანი გამოშვერილი ნაწილები და არანაირი ისეთი ელემენტი, რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს საფრთხეს მასთან დაჯახების შემთხვევაში.

შენობის იმ სივრცეებში, სადაც ბავშვები ხვდებიან, მახვილი კუთხის მქონე გამათბობლები დაფარული უნდა იყოს ეკრანით ან ცხაურით, რომელთა კონსტრუქციული მოწყობაც უნდა უზრუნველყოფდეს სველი წესით დასუფთავებას.

ნათურები დაფარული უნდა იყოს დამცავი ფარით ან გამოყენებული უნდა იყოს არამსხვრევადი მასალით დამზადებული ნათურა.

სარკე, არსებობის შემთხვევაში, დამზადებული უნდა იყოს დრეკადი მასალით ან სარკის ზედაპირი დაფარული უნდა იყოს დამცავი ფირით.

შენობაში ავეჯი მყარად უნდა იყოს დადგმული/მიმაგრებული იატაკზე ან კედელზე.

იხილეთ ასევე:

საბავშვო ბაღებში პერსონალის შერჩევის პროცედურები გამჭვირვალე უნდა იყოს - რას ავალდებულებს სკოლამდელ დაწესებულებებს ახალი წესი

ოთახი და სანიტარული კვანძი საბავშვო ბაღის პერსონალისთვის - რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სააღმზრდელო დაწესებულება

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი